1720 წლის 7 ნოემბერს დაიბადა ერეკლე თეიმურაზის ძე, შემდგომში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე. ერეკლე ისტორიაში შევიდა, როგორც საქართველოს «პრორუსული» საგარეო პოლიტიკის შემოქმედი და ქრისტიანობის დამცველი. შეგახსენებთ, რომ ას წელიწადზე მეტ ხანს ქართლ-კახეთს მუსლიმი მეფე-მმართველები ჰყავდა, ვიდრე 1744 წელს თეიმურაზ მეორე და მისი ძე, ერეკლე მეორე ქართლისა და, შესაბამისად, კახეთის მეფეებად არ ეკურთხნენ ქრისტიანული წესით.

ერეკლეს სამხედრო და დიპლომატიური ნიჭის წყალობით ქართლ-კახეთის სამეფო დიდ გავლენას ფლობდა კავკასიაში, ერეკლეს ტიტულატურა ცარიელი სიტყვები არ იყო, იგი რეალობას ასახავდა:

«ხელმწიფე ივერიისა ქუეყანისა, ქართლისა და საქართუელოისა თავადთა და ყაბარდთოს ქუეყანისა, ჩერქეზთა და მთიურთა თავადთა და სხუათა მემკვიდრე და ხელმწიფე მფლობელი, კეთილნებობითა მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსა, მთავარი შამშადილისა, მთავარი კახისა, მთავარი შაქისა, მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა».

თუმცა ამ ძლიერებას მყარი საფუძველი არ ჰქონდა და რუსეთის გარეშე ქვეყანას გეოპოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის შანსი არ არსებობდა. ერეკლემ ეს რეალობა განჭვრიტა, ხალხმა კი უზომო სიყვარულით დააფასა დიდი მეფის, «პატარა კახის» ღვაწლი.