უკრაინელმა ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ, რომელიც ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მოგებაში არსებითად დაეხმარა (და, კულუარული ინფორმაციებით, ზელენსკი კოლომოისკის მიერ იმართება კიდეც), სკანდალური ინტერვიუ მისცა არც მეტი, არც ნაკლები, «ნიუ იორკ ტაიმსს«.

კოლომოისკის აზრით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ ძალუძს, გაუმკლავდეს რუსულ არმიას და პოლონეთში შეჭრის შემთხვევაში, რუსული ტანკების დანახვაზე ნატო «შარვალს ჩასვრის»:

«რუსული ტანკები კრაკოვთან და ვარშავასთან მივლენ. თქვენი ნატო შარვალს ჩასვრის და პამპერსებს იყიდის» — განუცხადა მან ამერიკული პრესის ფლაგმანს.

გარდა ამისა, უკრაინის დღესდღეობით ყველაზე დიდი არაფორმალური გავლენის მქონე პირმა თქვა, რომ ნატო და ევროკავშირი უკრაინას არასოდეს მიიღებენ თავიანთ რიგებში. «აზრი არ აქვს ცარიელ საუბარზე დროის ხარჯვას, თქვენ ჩვენ მაინც არ მიგვიღებთ, განსხვავებით რუსეთისაგან, რომელიც მზადაა, შეგვიყვანოს ახალი ვარშავის პაქტში».

უკრაინის ქართველი ექსპერტი, ამ ქვეყანაში ფართო კავშირების მქონე ირაკლი გოგავა მიიჩნევს, რომ «რუსები ახლოს არიან უკრაინის თავის გავლენის სფეროში მოქცევასთან».