თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ოქრუაშვილი სასამართლოში არ გამოცხადდება, ეს სასამართლოსთვის თავის არიდებად ჩაეთვლება.

როგორც სხდომის დაწყებამდე ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, თუკი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში არ გამოცხადდება და არც ადვოკატი ეყოლება წარმოდგენილი, უფლებადამცველი სავალდებულო წესით დაენიშნება.

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მის საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა მოხდება.

უცნობია, დაესწრება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო პროცესს.

ოქრუაშვილის პარტიის წევრის კოტე კემულარიას განცხადებით, პროკურატურა მონურ მორჩილებას ავლენს ბიძინა ივანიშვილისადმი, რადგან მან თქვა, რომ ოქრუაშვილი ციხიდან არ უნდა გამოვიდეს.

როგორც კემულარია აცხადებს, პროკურატურა ჩქარობს, ვინაიდან საქმეს 2 დღეში ხანდაზმულობის ვადა გასდის.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.