უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს. მდინარაძის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არა გერმანული, არამედ ერთი კონკრეტული პარტიის მოდელია.

მდინარაძის შეფასებით, ამით ოპოზიცია  დროის გაწელვას და არსებული  ვითარების  უფრო გააწვავებას ცდილობს.

«პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ოპოზიციას იმისთვის, რომ თავადვე აღიარეს დღეს, თურმე არანაირ გერმანულ მოდელზე საუბარი არ ყოფილა, ეს თავიდან იცოდნენ და თურმე ატყუებდნენ თავის მომხრეებს, მთელ საზოგადოებას. დღეს თქვეს, რომ ქართული მოდიფიცირებული ვარიანტიაო. ამ დროს საუბარია «ნაციონალური მოძრაობის» მოდელზე, რომელიც მათ აწყობთ და მათ აძლევს საშუალებას, რომ მეტნი მოხვდნენ პარლამენტში, მეტი ინტერესი მათ არ გააჩნიათ — ეს გასაგებია.

ახლა ცდილობენ, სპირალში შეიყვანონ პროცესები და ამ სპირალის შემდეგ დაეყრდნონ რაღაც დასკვნას, რაც იქნება დავუშვათ ერთი წინადადება ათ ან ას გვერდიან დოკუმენტში, რომელიც მისცემთ ინტერპრეტირების საშუალებას და დაიწყებენ სპეკულირებას. ამ სპირალში ჩვენ არ შევალთ.

ჩვენ არ ვაპირებთ დავუსვათ ისეთი სულელური კითხვა არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც საკუთარ ქვეყანას და არც მათ ვაკადროთ, რომ 150 უდრის 77 — ასე ხომ არ არის?!»  — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.