ყაზახეთის პრეზიდენტი: ყირიმი ანექსირებული არ არის!

გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტის წინ, 4 დეკემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ინტერვიუ მისცა “დოიჩე ველეს”. ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, რა რეაქცია ჰქონდა ყაზახეთს უკრაინის მოვლენების დასაწყისში, კერძოდ, შეეშინდა თუ არა ყაზახეთის ხელისუფლებას, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო:

“ჯერ ერთი, ჩვენ არ ვეძახით იმას, რაც ყირიმში მოხდა, ანექსიას. ის, რაც მოხდა, უკან ვერ დააბრუნებ. ანექსია – ძალზე მძიმე სიტყვაა, ყირიმთან მიმართებაში. მეორე, არავითარი შიში, რასაც თქვენ ამბობთ, არ არსებობდა, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ნდობაზე დაფუძნებული და კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ თავიდანვე გვჯეროდა რუსეთის ხელმძღვანელობის სიბრძნისა და წესიერებისა. მინდა შეგახსენოთ, რომ მინსკის მოლაპარაკებები რეალურად ნურსულთან ნაზარბაევის ინიციატივით იქნა დაწყებული. მართალია, ნაზარბაევმა მოლაპარაკებების ადგილად ასტანა შესთავაზა, მაგრამ ლოგისტიკისა და ევროპისგან დაშორებულობის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ეს მოლაპარაკებები მინსკში გამართულიყო” – აღნიშნა ტოკაევმა.

რა გამოდის? პუტინი ბელარუსიასთან აგვარებს ურთიერთობებს, ყაზახეთიც რუსეთს უჭერს მხარს. საქართველო უკრაინასთან ერთად “ოფსაიდშია”. სასაცილოდ გაჟღერდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუქარები უმდიდრესი რესპუბლიკის, ყაზახეთის მიმართ. ეს მით უფრო, რომ უკრაინას “შეშფოთების” და “დემარშების” მეტი არაფრის გაკეთება შეუძლია.

ყირიმის ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა სერგეი ზირიანოვმა კი განაცხადა, რომ დასავლეთმა მაგალითი ყირიმის საკითხში ტოკაევისგან უნდა აიღოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი რუსეთს რეფერენდუმის საფუძველზე შეუერთდა, ყირიმის რეფერენდუმი კი თავად უკრაინის კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული.

კომენტარები:

კომენტარის დამატება