“ვაჟა ექიმი” – ახალი ნადეჟდა სავჩენკო?

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ პატიმრობაში დატოვებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გარშემო გულახდილი წუხილი ხელოვნურ ისტერიად გარდაიქმნა. ბატონი ვაჟას ოჯახი უკვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ხელისუფლებას ადანაშაულებს.

"ვაჟა ექიმი" - ახალი ნადეჟდა სავჩენკო?

არადა, ვაჟა გაფრინდაშვილის გადასვლა საქართველოს უკონტროლო ტერიტორიაზე უნდა ბადებდეს შეკითხვებს. ისტერია ცუდი მრჩეველია. საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ ეს კითხვები უხეშად და კატეგორიული ფორმით დასვა, რაც მიუღებელია, მაგრამ შეკითხვის დასმის უფლება ადამიანებს უნდა ჰქონდეთ.

მოვლენები ისე ვითარდება, რომ მიდის ვაჟა გაფრინდაშვილის ხელოვნური ჰეროიზაცია ანუ გმირად გამოცხადება. ვინც ამ ვერსიას ეჭვს ქვეშ დააყენებს, ის “მოღალატედ” და ათას უბედურებად ცხადდება ლიბერალურ მასმედიაში. ასეთ ჰეროიზაციას ჰქონდა ადგილი უკრაინაშიც, რუსეთის ციხეში მყოფი ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრი ნადეჟდა სავჩენკო დონბასში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს, რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ხელშეწყობის ბრალდებით. რუსულმა სასამართლომ მას 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ორიოდე წლის შემდეგ სავჩენკო პრეზიდენტმა პუტინმა შეიწყალა. სავჩენკო უკრაინაში “გმირად” დაბრუნდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო. მართალია, პოლიტიკოსად ვერ ივარგა, მაგრამ ეს მერე გაირკვა, მანამდე კი მას ყველა, უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტი პოროშენკოს ჩათვლით, მოწიწებით და შიშითაც უყურებდა – “გმირის” განრისხება პოლიტიკურად იყო საშიში.

გადაიქცევა თუ არა ბატონი ვაჟა სავჩენკოს ტიპის გმირად? ვისურვებდით, რომ ეს ასე არ იყოს და ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე, დაუბრუნდეს სამედიცინო პრაქტიკას და ცხოვრების ჩვეულ რიტმს, სადაც იგი საქართველოსთვის ყველაზე მეტად არის საჭირო. ასევე დავძენთ, რომ უკვე უამრავი ადამიანი იყო დაკავებული ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, “საზღვრის” დარღვევის ბრალდებით, მაგრამ ყველა მათგანი (გაურკვეველი მოტივით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გარდა) თითქმის უპრობლემოდ, მცირე ჯარიმის გადახდის შემდეგ, დაუბრუნდა და უბრუნდება საკუთარ ოჯახებს. რა გამოდის, მარტო ვაჟა გაფრინდაშვილია პატრიოტი, როდესაც ხელს არ აწერს “საზღვრის დარღვევის” ოქმს? ყველა დანარჩენმა საქართველო ფეხებზე დაიკიდა? – რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, არც ერთი მათგანი საკუთარი სინდისის წინააღმდეგ არ წასულა, ვინაიდან ხელი მოაწერეს ფორმალობას, ოქმს და მათთვის საქართველოს დანაწევრების რეალური აღიარება არც არავის მოუთხოვია.

 

ნიუსფრონტი-საქართველო”