სააკაშვილის და კალაძის “მაგარია”

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა, თავისი გრამატიკით, ნორმებით, სინტაქსითა და მორფოლოგიით, მე-19 – მე-20 საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა, რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში.

გამოჩენილმა ქართველმა ენათმეცნიერებმა, მწერლებმა, კულტუროლოგებმა, უდიდესი სამუშაო გასწიეს შედეგის მისაღწევად. საბჭოთა პრესა და ტელევიზია ეტალონი გახლდათ ქართულად წერისა და მეტყველების. ჟურნალისტები და დიქტორები მისაბაძნი იყვნენ, გარდა ენის ფლობისა, მათ თეატრალური ხელოვნების წარმომადგენლები ეხმარებოდნენ სწორი და თან არტისტული დიქციის დაყენებაში.

საბჭოთა კავშირის შემდეგ ეს ტრადიციები მალევე დაიკარგა. ენის სიწმინდეზე, მის განვითარებაზე, ახალ რეალობასთან ადაპტაციაზე, სახელმწიფო აღარ ზრუნავს. არ არსებობს ენის ნორმების განმხილველი და დამდგენი სამეცნიერო ორგანო, კვლევითი ინსტიტუტი და სხვ. ყველაფერი მიშვებულია თავის ნებაზე, დინებაზე. სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი აღარ იძლევა საჭირო დონეზე ცოდნას ქართული ენის შესახებ.

“უპატრონოდ” დარჩენილი ქართული ენა დაბინძურდა უამრავი ბარბარიზმით, უადგილოდ და საჭიროების გარეშე გამოიყენება უცხო სიტყვები, ტერმინები. ყველაფერი მინდობილია ძველი თაობების ცოდნაზე, რომელსაც ახალი თაობის ჟურნალისტები და სხვა იმ პროფესიების წარმომადგენლები, მათ შორის, პოლიტიკოსები, რომლებიც საჯარო სივრცეში აქტიურად იყენებენ სალიტერატურო ენას – წერენ სტატიებს, ამზადებენ და კითხულობენ მოხსენებებს, აკეთებენ განცხადებებსა თუ კომენტარებს, – არ ფლობენ.

ამ ფონზე ზერელე განათლების მქონე მიხეილ სააკაშვილი თავისი პრეზიდენტობის ჟამს განსაკუთრებით “გალაღდა”. მან დაიწყო ქუჩური მეტყველების დანერგვა თავის საჯარო განცხადებებში. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი მაგალითია სიტყვა “მაგარი”, რომელსაც სააკაშვილი უადგილოდ და სახელმწიფოს ლიდერისთვის შეუფერებლად გამოიყენებდა და დღესაც გამოიყენებს. ყველაფერი, რაც “მიშას” მოსწონდა, “მაგარი” იყო და არის. 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის წარმოებისას გაჩნდა კლიპი სიმღერით “მიშა მაგარია”.

საინტერესოა, რომ ეს ტერმინად ქცეული, თავისთავად რიგიანი ქართული სიტყვა აიტაცეს არაპოლიტიკოსებმაც და მას საჯარო სივრცეში იყენებენ – მაგალითად, სპორტული ჟურნალისტები. ეს ვითარება შეგნებული ქართველი ადამიანისთვის გამაღიზიანებელი და მიუღებელია, გათვლა პროვინციული აზროვნების სუბიექტებზეა.

ამ მხრივ დიდად სცოდავს თბილისის მერი კახი კალაძე. დღესდღეობით, კალაძე თვით “მიშაზე” უფრო ხშირად გამოიყენებს სიტყვას “მაგარი”, ეს აშკარაა. ალბათ კალაძეს ჰგონია, რომ საკუთარი პოლიტიკური წარმატების უზრუნველსაყოფად, ახალგაზრდობასთან კავშირის შესანარჩუნებლად, უმჯობესია, მიბაძოს სააკაშვილის ხერხებს, როდესაც იგი ძალაუფლების მწვერვალზე იდგა. ეს ჩანს არა მხოლოდ კალაძის მიერ სიტყვა “მაგარია”-ს გამოყენებაში, არამედ მთლიანად, მისი მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტილში – ყოველ კილომეტრზე ასფალტის დაგების გამო ტელეკამერების წინ გამოჩენა, “ფეისბუკზე” პირდაპირი ჩართვები და კიდევ სხვა ფაქტები.  უხეშ რიტორიკაში კალაძე უფრო შორს წავიდა, ვიდრე სააკაშვილი. თუკი სააკაშვილთან მიმართებით ხალხს სიტყვა “ჩარეცხილები” გაახსენდება, კალაძემ თავი მთაწმინდიდან “გამოქანებით” დაგვამახსოვრა. თუმცა სიტყვა “მაგარი” მაინც შეუცვლელია:

“ყველაზე მაგრად არის განათებული ქალაქი, ყველაზე მაგარი ნაძვის ხე გვაქვს, ყველაზე მაგარი კონცერტი გვექნება. ეს ტენდენცია და მიდგომები გაგრძელდება ყველგან და ყველაფერში” – განაცხადა თბილისის მერმა წინასაახალწლოდ, ჟურნალისტების წინაშე.

შევახსენებთ ბატონ მერს, რომ “მიშასაც” ახასიათებდა მსგავსი განდიდების სურვილი – ბათუმი უფრო “მაგარია”, ვიდრე მონაკო და ბარსელონაო, იძახდა. ვინმემ შეიძლება თქვას, პატრიოტიზმიც ეს არისო. მაგრამ ჩვენ ვიტყვით: ესაა ყალბი პათოსი და, თუ ასეთი ტერმინები გირჩევნიათ – ხალხის “დაბოლება”.

ნუ ეცდებით ჩვენს დაბოლებას, ბატონო კახი!

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”

კომენტარები:

კომენტარის დამატება