რუსი სტრელცები საქართველოში

მე-16 საუკუნეში საქართველო უკვე აღარ იყო ერთიანი და ის ოტომანთა იმპერიის და სპარსეთის ზეგავლენის ქვეშ მოექცა. ამ ორმა ურჩხულმა კი უმარტივესად გადაწყვიტეს ერთ დროს ერთიანი საქართველოს ბედი და ამასიის ზავით 1555 წ, დასავლეთ საქართველო თურქეთის ხოლო აღმოსავლეთ ნაწილი ირანის ინტერესთა სფეროდ გაიყო. ერთ დროს მდიდარი კახური სამეფო სეფევიდთა ბატონობაში მოექცა. ხმამ მიაღწია აღმოსავლეთ საქართველომდე, რომ მოსკოვიის სამეფოს ძლიერი მეფე ივანე IV, მრისხანედ წოდებული, განაგებდა. ზოგადად იმ პერიოდისთვის ქართულ სამეფო-სამთავროებში დიპლომატიური ნიჭით ლევან კახთა მეფე გამოირჩეოდა.

სატახტო ქალაქ გრემში ლევან მეფემ დიდებულები შეკრიბა და ხანგრძლივი განსჯის საბაბი გახდა რუსებთან მოსალოდნელი მეგობრობა. თავადების ნაწილი კიდეც ურჩევდა მეფეს, არ მიემართა დახმარებისთვის ერთმორწმუნე რუსეთისთვის, რადგან სპარსეთის შაჰი ახალ გეოპოლიტიკურ ურჩობას არ აპატიებდა ვასალ სამეფოს და უზარმაზარ არმიას დაძრავდა მის ასაოხრებლად. იყვნენ მეფის იდეის მომხრეებიც. ბოლობოლო არჩევანი თავად საჭეთმყრობელს უნდა გაეკეთებინა და …

მდინარე თერგის გავლით ქართული ელჩობა 1563 წელს მოსკოვიისკენ დაიძრა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყაზვინში შაჰის კარს არ გამოეპარა კახელების ურჩობა და ჩრდილო კავკასიური ტომებიც მოისყიდეს, რათა აღეკვეთათ ქართველების ვიზიტი ივანე მრისხანეს კარზე. ელჩობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ სახიფათო გზის გავლა მშვიდობიანად შესძლეს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე თავდასხმას და იმავე წლის შემოდგომაზე დიდი რიურიკოვიჩის პალატაში წარსდგნენ.

რუსულმა სამეფო კარმა ძალიან თბილად მიიღო ერთმორწმუნე კახთა მეფის დიპლომატიური კორპუსი. თუ ზოგიერთ წყაროს მოვიშველიებთ, სტრელცების ჯგუფიც მიუჩინეს ქართველებს უსაფრთხოებისთვის. და დადგა შეხვედრის დროც. ბოიარებთან ერთად ივანე მრისხანემ კახელებს უმასპინძლა. რუსი მეფე მოხიბლულა სამხრეთელი სტუმრების სიდინჯით და ახოვნებით, ქცევით და თავაზიანობით. გამოკითხა თუ რა მდგომარეობა იყო როგორც კახეთში, ასევე სხვა ქართულ სამეფოებში, ელჩობამ ლევან მეფის სიგელი გადასცა სახელგანთქმულ მეფეს, რომლის მიხედვით ბაგრატოვანი სთხოვდა რიურიკოვიჩს, გაეწია მისი სამეფოსთვის სამხედრო დახმარება. ქართველთა წინადადებით მოხიბლულა მეფე ივანე. ბოიარებმაც კი გამოთქვეს სურვილი ერთმორწმუნეთა დასახმარებლად.

არც შაჰის კარს ეძინა, მისი ელჩობა მოსკოვიაში რიურიკების დიდ შთამომავალს ურჩევდა, არ გაემწვავებინა სიტუაცია სეფევიდურ დინასტიასთან. სტამბოლის ელჩობამაც პროტესტი გამოთქვა რუსების მოსალოდნელ დახმარებაზე, არადა ამასიის ზავით აღმოსავლეთ საქართველო მათი ინტერესების ქვეშ არ შედიოდა. ივანე მრისხანემ მოკლედ და ლაკონურად ბრძანა, მიევლინათ 3 000 (სამი ათასი) სტრელეცი კახეთის სამეფოში. აღნიშნულ შენაერთს ევალებოდა დროებით გადასულიყო კახთა მეფის ბრძანებლობის ქვეშ. შეთანხმების მიხედვით გზის ხარჯებს კახეთამდე მოსკოვის სამეფო გაიღებდა, ხოლო ჯარს კახეთის ტერიტორიაზე უზრუველყოფდა სანოვაგით ქართული მხარე.

მართალია, ეს რაოდენობა რეგიონში უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ იყო, მაგრამ ბრძნულად მოიქცა ქართველი მეფე. მან 1564 წელს კახეთში შემოსული სტრელეცები სპარსეთის საზღვართან ციხე-სიმაგრეებში გაანაწილა, ხოლო გრემში ბინა დაუდო პირველ რუსულ ელჩობას.

ამოსაბაში ყაზვინში კი შაჰ-თამაზი ამოძრავდა. ბოღმისგან კედლიდან კედელს აწყდებოდა ყიზილბაშთა მთავარსარდალი. კიდეც ურჩიეს ნაზირ-ვეზირებმა მას, ჭკუა ესწავლებინა კახეთის სამეფოსთვის. თუ ამ გზას დაადგებოდა ერანის მრძანებელი, ომი რუსეთთან გარდუვალი იყო. შამხალის მთავარი ვერა და ვერ გადაიბირეს სეფევიდებმა, რადგან სიმამრი არ აპირებდა, ომი გამოეცხადებინა ქართველი სიძესთვის. შურით ივსებოდა სპარსელი, როდესაც მის შიკრიკებს ამბები მოქონდათ კახეთიდან, აქაოდა გრემის კარი გამდიდრდა. კახელმა გლეხმაც ამოისუნთქა. მეორე კახური ქალაქიც ბაზარი განაშენდა. კვლავ რამდენიმე წყაროს თუ მოვიშველიებთ, ოტომანები ივანე მრისხანეს დიდ ძღვენს სთავაზობდნენ რათა სტრელეცები დაებრუნებინა რუსეთში, მაგრამ რიურიკოვიჩი მედგრად იდგა და ბოლომდე აპირებდა ერთმორწმუნეთა დაცვას სამხრეთის მიმართულებით. ვერა და ვერ გაბედა თამაზმა დაეძრა ურდო ურჩი მეფის დასასჯელად.

პარალელურ რეჟიმში ივანე მრისხანე მძიმე ლივონიის ომს აწარმოებდა და მას საქართველოში მდგარი სტრელცების დახმარება დასჭირდა. რუსულმა ლაშქარმა კახეთი დატოვა, ხოლო კახთა მეფე დღე-დღეზე ელოდა ანგარიშსწორებას ირანის მხრიდან. მაგრამ მალევე 1574 წელს ის გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძე ალექსანდრე II ავიდა, რომელმაც მამას მიბაძა და დიდი ელჩობა მიავლინა მოსკოვში იღუმენი ხარიტონის მეთაურობით. არც რუსები ჩარმორჩნენ ქართველებს და გრემში ლეონტიევი და ტატიშჩევი დიპლომატებად გაუშვეს.

რეალურად სტრელცების საქართველოს ნაწილში ყოფნით, კახეთის სამეფოში ეკონომიკა მეტად განვითარდა, კახელი გლეხი გამდიდრდა, დემოგრაფიული მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. რომ არა ჯერ ლივონიის ომი და მერე დიდი არეულობა ჩრდილოეთ სახელმწიფოში, სავარაუდოდ, კახეთის სამეფოს დარად დაცვის ქვეშ დადგებოდა ქართლის სამეფოც.

ოღონდ ქართველებს რუსებისთვის კვლავ დახმარება არ ეთხოვათ, შაჰ-ხუდაბენდემ შედარებით შემწყნარებლური პოლიტიკის გატარება დაიწყო აღმოსავლეთ საქართველოს მიმართ და მათი რესურსები ოტომანების წინააღმდეგ ახალ ომში გამოიყენა. სწორედ ამ თვალთმაქცური პოლიტიკის შედეგი იყო ალამუთის ციხიდან ქართველი მეფის სვიმონ I გათავისუფლება…

და ბოლოს, ეს იყო პირველი კავშირი ორ მართლმადიდებლურ ქვეყანას შორის, რომელმაც დაანახა მეზობელ მუსულმანურ დიდ იმპერიებს, რომ რუსულ-ქართულ ლაშქრობასთან ბრძოლა მოსკოვიასთან ომის გამოცხადებას უდრიდა. არადა, ვერც სტამბოლში და ვერც ყაზვინში გაბედეს მოსკოვის სამეფოსთან დაპირისპირება თუნდაც იმ მოტივით, რომ ისინი ცალ-ცალკე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სათავისოდ მიითვლიდნენ. დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ ამასიის ზავს დიდხანს ,,დღეგრძელობა,, არ ეწერა.

ამ ისტორიაში ალბათ ყველაზე მთავარი და აღსაღნიშნი ის არის, რომ მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, რუსი სტრელცები წლების მანძილზე ღირსეულად იქცეოდნენ უცხო კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე. ისტორიულ წყაროებში არ მოიძებნება არც ერთი მასალა, რომლის მიხედვით მოსკოვიის სამეფოს საჯარისო შენაერთები აწიოკებდნენ ქართულ მოსახლეობას. პირიქით, კახეთის სამეფომ ამოისუნთქა და მშვიდობიანობა თითქმის მთელი მე-16 საუკუნის მეორე ნახევრის მანძილზე უზრუნველჰყო.

ბექა კვიციანი

კომენტარები:

კომენტარის დამატება