ამერიკელები ამ დრომდე ჯერ კიდევ არ ასაჯაროებენ ერაყში დაბომბილი ბაზების კადრებს

ჩვენს მკითხველებს შორის გაიმართა დისკუსია, ვინ არის მართალი: ამერიკა, რომელიც აცხადებს, რომ ირანულ სარაკეტო დარტყმებს მათ ბაზებზე ერაყში მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუ ირანი, რომელიც ამტკიცებს, რომ დაღუპულია 80 ამერიკელი.

სურათზე: ირანული ბალისტიკური რაკეტების “შაჰაბ 3“-ის გამოცდა, რომელიც ქართველ ჟურნალისტებს “შაჰაბასი” ეგონათ. “შაჰაბ” სპარსულად “შუქს”, “კაშკაშს” ნიშნავს.

 

“ნიუსფრონტი” გადმოსცემს იმ მასალებს, რასაც გადმოსცემენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების უშუალო წყაროები, ამ შემთხვევაში – აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო და ირანის ხელისუფლება. თუკი ჩვენი რედაქციის აზრი გაინტერესებთ, ჩვენ ვვარაუდობთ:

მსხვერპლი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ამერიკული მხარე აღიარებს, რომ ირანმა მათი ბაზების მიმართულებით დაახლოებით 3 ათეული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა. არც იმას უარჰყოფს ვინმე, რომ რაკეტების ნაწილი საკმაოდ ზუსტად დაეშვა მიზნებზე – ამერიკული “სი ენ ენ” ერაყის უშიშროების ძალების წარმომადგენლის ინფორმაციას ავრცელებს, რომ აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზას 13 რაკეტა მოხვდა. ეს არ არის მოძველებული “კატუშას” რაკეტები, არამედ თანამედროვე, დიდი დამანგრეველი ძალის მქონე რაკეტები. ამიტომ, შეუძლებელია, თუკი სამხედრო ბაზას ასეთი რაკეტა მოხვდა, მას მსხვერპლი არ გამოეწვია.

ნებისმიერ შემთხვევაში, გავიდა თითქმის 24 საათი დაბომბვებიდან და ამერიკელები არ ავრცელებენ თავიანთი სამხედრო ბაზების ფოტო- და ვიდეომასალას. არავინ იცის, რეალურად რა მდგომარეობაა იქ.

სხვა საქმეა, თუკი ამერიკელები გაფრთხილებულნი იყვნენ წინასწარ (მაგალითად, ერაყელების მიერ) და მათ გადამალეს თავიანთი სამხედროები. ესეც ამერიკის სისუსტის ნიშანია, მათ პასუხი ვერ გასცეს ირანს. თუ ეს ასეა, ყველაზე დამაიმედებელი ინფორმაცია ეს იქნება – მხარეები ცდილობენ, სახე შეინარჩუნონ და თავიდან აირიდონ პირდაპირი შეჯახება ანუ დიდი ომი, რაც არავის უნდა, რამდენიმე გიჟის გარდა.

კომენტარები:

კომენტარის დამატება