ირანელი სამხედროს მიერ ხუთ წამში დაშვებული შეცდომა და უკრაინული “ბოინგის” კატასტროფა

ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ უდიდესი სინანული გამოხატა თეირანის თავზე ჩამოგდებული უკრაინული სამოქალაქო ლაინერის გამო და განმარტა, თუ როგორ მივიდა საქმე ამ ტრაგედიამდე.

მისი სიტყვებით, ირანის ანტისაჰაერო თავდაცვის ოპერატორმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება რაკეტის გაშვების თაობაზე, რადგან მან “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” ლაინერი მტრის ობიექტად აღიქვა და ვერ შეძლო თვითმფრინავის ხელმძღვანელობასთან კავშირზე გასვლა.

“ან ხარვეზების სისტემა ამოქმედდა ან ქსელი იყო დაკავებული, რადგან იგი თვითმფრინავს ვერ დაუკავშირდა. მას გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 5 წამი ჰქონდა. სამწუხაროდ, ოპერატორმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და რაკეტა მიზნისკენ გაუშვა” – აღნიშნა ჰაჯიზადემ.

გენერალმა ასევე დასძინა, რომ სამხედროებმა ითხოვეს, ერაყში ამერიკული ბაზის რაკეტებით დაბომბვამდე შეჩერებულიყო სამოქალაქო ფრენები, მაგრამ ეს მოთხოვნა არ იქნა განხორციელებული.

“როდესაც გავიგე უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ, სიკვდილი მომინდა, რათა არ ვყოფილიყავი ამ ტრაგედიის მოწმე” – განუცხადა ირანელმა გენერალმა ჟურნალისტებს.

ტრაგედიამ 176 მგზავრის და ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე იმსხვერპლა. თვითმფრინავის მგზავრთა შემადგენლობა ინტერნაციონალური იყო.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება