ნაძვის ხის ტრადიციის გაუქმება და მისი აღდგენა საბჭოთა კავშირში

 პირველად ახალი წლის აღნიშვნა მოსკოვიაში ივანე III-მ დააწესა ტრადიციად. რიურიკოვიჩების მმართველობის პერიოდში მოსახლეობა 1 სექტემბერს აღნიშნავდა ამ დღესასწაულს. ტრადიცია რომანოვებმა გააგრძელეს, მაგრამ პეტრე დიდმა 1700 წელს ევროპას მიბაძა და საახალხო ზეიმი 1 იანვარს გადაიტანა.
   
  ყველასთვის ცნობილი, რომ ბოლშევიკებმა 1929 წელს შობის დღესასწაული გააუქმეს. ავტომატურ რეჟიმში ნაძვის ხის დადგმის ტრადიციაც, რომელიც მანამდე სწორედ შობას უკავშირდებოდა, უარჰყვეს. მაგრამ, 1935 წლის 17 ნოემბერს სტალინმა სტახანოველებთან გამოსვლის დროს საზეიმოდ განაცხადა: – “ცხოვრება უფრო კარგი გახდა და ხალისიანი!” თუ რა იგულისხმა ამ სიტყვებში საბჭოთა ბელადმა, რამდენიმე თვეში გაცხადდა.
 იმავე წლის 28 დეკემბერს, გაზეთ ,,პრავდაში,, დაიბეჭდა პატარა ტექსტი, რომლის მიხედვით საბჭოთა ბავშვები საახალწლოდ იმსახურებდნენ ნაძვის ხეს. აღნიშნული ტექსტის ავტორი კი უკრაინის სსრ მეორე მდივანი პავლე პოსტიშევი გამოდგა. ,,პრავდაში,, გამოქვეყნებული ელვის სისწრაფით აიტაცეს პიონერებმა და კომკავშირლებმა და უკვე 31 დეკემბერს საახალწლო ნაძვის ხე ამშვენებდა ყველა სკოლას, საბავშვო სახლს და კლუბს.
ნაძვის ხის ტრადიცია ამიერიდან ახალი წლის ზეიმს დაუკავშირდა, რომელსაც “თოვლის პაპა” და “სნეგუროჩკა” დაემატნენ, შობა კი საეკლესიო დღესასწაულად მოიაზრებოდა.
 1947 წლის 1 იანვარს კი სტალინის ბრძანებით, ახალი წლის დღე არასამუშაო დღედ გამოცხადდა.
ბექა კვიციანი

კომენტარები:

კომენტარის დამატება