სავიზო ურთიერთობა ირანთან და სააკაშვილის “ნულოვანი ტოლერანტობა” ირანის მოქალაქეების მიმართ

2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამ მოვლენას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა. დადებითი ის იყო, რომ საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რასაც ტურისტული სექტორის გამოცოცხლება მოჰყვა.

შემდეგ, ღარიბაშვილის მთავრობამ, ცალმხრივად განაახლა სავიზო რეჟიმი, მაგრამ 2016 წელს, პრემიერმა კვირიკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია, ირანელთათვის საქართველოში შემოსასვლელად სავიზო ვალდებულების კვლავ გაუქმება.

ქართულ-ირანული ურთიერთობები ყოველთვის განიცდიდა ევრო-ამერიკულ გავლენას. საქართველო ირანის საწინააღმდეგო ფინანსურ სანქციებს შეუერთდა. საქართველოდან შეუძლებელია, ირანულ ბანკებში თანხის გადარიცხვა ან ირანიდან თანხის მიღება. ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად აბრკოლებს მომგებიანი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

ქართველი მესაზღვრეების რამდენიმე პროვოკაციის შემდეგ, როდესაც თბილისის აეროპორტში ირანელ ქალებს თავსაფრის მოხდა მოთხოვეს, ირანელი ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად დაეცა (2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, კლება 60%-ს შეადგენდა). რუსი ტურისტების რაოდენობის კლების ფონზე, რაც გასული წლის 20 ივნისის მოვლენებს მოჰყვა, ეს ფაქტორი დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა ქართული ტურისტული სექტორისათვის – ირანელთა არჩამოსვლით, საქართველოს ეკონომიკამ 221 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.

ერაყში ამერიკელების მიერ ირანელი გენერლის მკვლელობის და ამ ფონზე ირანის მიერ ამერიკული სამხედრო ბაზების სარაკეტო დაბომბვის ფონზე საქართველოში, სოციალური ქსელების მოხმარებელთა ნაწილმა, რომლებიც თავიანთ ვინაობას არ ამხელენ, სტარტი მისცეს ანტიირანულ კამპანიას. მთავარი მოთხოვნაა – “გაუქმდეს უვიზო რეჟიმი ირანთან”, რადგან საქართველოში ირანიდან თითქოს ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაიძრება. რასაკვირველია, არანაირი ლტოლვილი ირანიდან საქართველოში არასოდეს ჩამოსულა, რამდენიმე ათეულ ფერეიდნელს თუ არ ჩავთვლით (ფერეიდნელებიც ირანში ბევრად უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე საქართველოში იცხოვრებდნენ).

ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ ამ კამპანიის უკან სააკაშვილი დგას. შესაძლოა, ეს ქართველების რეალური შეშფოთებაა, რადგან ჰგონიათ, რომ სამთვიანი უვიზო რეჟიმი რაიმეს ნიშნავს ლტოლვილთა ნაკადისათვის. ევროპაში სირიელ ლტოლვილებს არ უკითხავთ, სჭირდებათ თუ არა ვიზა… მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილი, რომელიც ხავსსაც კი ებღაუჭება, ოღონდ საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენი შეინარჩუნოს, აჰყვა ამ კამპანიას და “ნულოვანი ტოლერანტობის” პრინციპით მიუდგა საკითხს. მისდა სამწუხაროდ, ექსპრეზიდენტი ვერ ხვდება, რაოდენ სასაცილო მდგომარეობაში იყენებს თავს:

“მასობრივი შემოსვლა ირანიდან არის საფრთხე… ამ სიტუაციაში, რაც არის ირანში, პირველ რიგში ჩავკეტადი საზღვარს და არ შემოვუშვებდი ირანის არც ერთ მოქალაქეს საქათველოში. იმიტომ, რომ საფრთხეა ეს ქვეყანა დღეს”, – აცხადებს ექსპრეზიდენტი “მიშა”, მაგრამ ავიწყდება, რომ პირველად სწორედ მან შემოიღო უვიზო მიმოსვლა ირანის რესპუბლიკასთან, 2011 წელს.

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ აამაღლოს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობა ირანის შესახებ. ჩვენს საზოგადოებაში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულ ვიზიტორებს, იქნებიან ეს საკუთრივ ირანელები, მაგრამ ასევე თურქები, არაბები – ერაყელები, სირიელები, იემენელები და სხვა, ხშირად კრებითი სახელით “ირანელებად” მოისხენიებენ. ზოგს ირანში კიდევ “შაჰაბასი” ჰგონია სახელმწიფოს მეთაური. ეს ბოლო ფრაზა ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა ინფორმირებულობის დონე ამისგან არც ისე შორს არის ამაღლებული.

შესაბამისად, სააკაშვილის მსგავს იაფფასიან პოლიტიკანებს და ხელმოცარულ ტიპაჟებს საკმაოდ ფართო საშუალება აქვთ, თესონ შიში და პანიკა ისედაც დაზაფრულ და მორალურად თითქმის განადგურებულ საზოგადოებაში.

საინტერესოა, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული მასმედია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც სხვა შემთხვევაში, ქსენოფობიაზე გაჰკივის, ანტიირანული ქსენოფობიის ფონზე (ისევე, როგორც, რა თქმა უნდა, ანტირუსული ქსენოფობიის ფონზე) თევზებივით არიან დადუმებულნი.

 

გულბაათ რცხილაძე,

“ნიუსფრონტისთვის”

კომენტარები:

კომენტარის დამატება