უცხოელი ბიზნესმენების თარეში ქართულ ტურისტულ ბაზარზე

გთავაზობთ საქართველოს ტურისტული სფეროს ანალიზს, პროფესიონალის თვალით დანახულს. პრობლემები ბევრია – ბანალური ჰიგიენიდან დაწყებული (ტუალეტების დეფიციტი), დასრულებული პოლიტიკური საკითხით (რა ინფორმაციას აწვდიან ტურისტებს საქართველოს შესახებ უცხოელი გიდები). მაშ ასე, თქვენს წინაშეა დავით აბულაძის სტატია, რომელიც მან სპეციალურად „ნიუსფრონტისთვის“ მოამზადა:

ახალი მსოფლიო კლასიფიკაციით, საქართველო, უახლოეს წარსულში ერთ-ერთი განვითარებული მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და  მაღალი ადამიანური რესურსების მქონე ქვეყანა, დღეს ერთ-ერთი რიგითი განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მატარებელია.

დღეს სამწუხაროდ ყველაფერი, რაც რეალურად გაგვაჩნია და რაზეც ქვეყნის ეკონომიკა დგას, ეს ნგრევას გადარჩენილი, ნაწილობრივ  კანონიერად, ნაწილობრივ  უსამართლოდ განაწილებულ-მიტაცებული  ან მთავრობების უგუნური პოლიტიკით  უცხოელ რეზიდენტებზე  გასხვისებული  მატერიალური აქტივებია.

თითზე ჩამოსათვლელი სტრატეგიული დარგებიდან, არცერთი არ კონტროლდება ეროვმული ინტერესებიდან გამომდინარე.  მათ შორის ტურიზმი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დასაქმების, დემოგრაფიული კუთხით მათი ქვეყანაში დაკავების  და მატერიალური შემოსავლების სერიოზული ზრდის  საშუალებას იძლევა.

საბედნიეროდ,  ქვეყნის უძველესი ისტორია და ტრადიციები,  ისტორიული ძეგლები და კლიმატური პირობების სიმდიდრე, პირდაპირი მნიშვნელობით გაყიდვად აქტივებს არ წარმოადგენს.  ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად საერთო-სახალხო საკუთრებაა  და მას ჩვენს მიერ დაქირავებული მთავრობა უნდა ჯეროვნად უფრთხილდებოდეს და იცავდეს.

ტურიზმი, როგორც თუნდაც ასევე სტრატეგიული მეღვინეობა, ბედის ანაბარაა მიგდებული და სტიქიურად ვითარდება. უფრო მეტიც – დანაშაულებრივად მიგდებული.  ტურიზმის ხელშეწყობა და მართვა  მხოლოდ ისტორიული ძეგლების რესტავტაციას, დაცული ობიექტებისა და ტერიტორიების  სტატუსების მინიჭებას არ  გულისხმობს.

ტურიზმის განვითარება სრულყოფილი ტურისტული  ინფრასტრუქტურის შექმნასა და მის განსაკუთრებულ კონტროლს საჭიროებს. რომ არა წინაპრების  სისხლით შემონახული და დანატოვარი უნიკალური ძეგლები,  უნიკალური ბუნება, საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა უცხოელ  ვიზიტიორთა მზარდი ნაკადის შენარჩუნება.

დავიწყოთ იმით რომ  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს  უცხოელ სტუმარს ვინ და როგორ წარუდგენს ქვეყანას.  ეს საქმიანობა თითქმის მაღალი დონის დიპლომატიის სფეროს მიკუთვნება.  როდესაც გიდის მოვალეობას ის ადამიანები ასრულებენ, რომლებსაც უბრალოდ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება გააჩნიათ, რომლებსაც წარმოდგენაც კი არა აქვთ საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე,  უცხოელთა მენტალიტეტზე და მათთან ელემენტალური ქცევების ეტიკეტზე, ეს უბრალოდ სამარცხვინოა და მეტი არაფერი.

ქვეყანა აუცილებლად და მკაცრად უნდა აკონტროლებდეს ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების კომპეტენციას, ისევე როგორც მასწავლებლის, ექიმის ან აგრონომის.  ჩვენთან არანაირი კონტროლი არსებობს და არაკომპეტენტური ადამიანები სერიოზულ ზიანს აყენებენ როგორც ტურიზმის სფეროს, ისე მთლიანად ქვეყნის იმიჯს. ხშირად ცალკეული ადამიანის ქცევა მთელი ერის შეფასების კრიტერიუმი ხდება და ნამდვილად არ შედის ჩვენს ინტერესებში მისი უარყოფითად  წარმოჩენა.

არ შეიძლება ყველაფრის ქუჩურ აღებ-მიცემობად გადაქცევა.  განსაკუთრებით ქვეყნის სახის და იმიჯის.  დედაქალაქის და ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული ობიექტი „ოკუპირებულია“  ხშირად  არაკომპეტენტური ადამიანების მიერ, რომლებიც უკონტროლოდ პირდაპირ ქუჩაში ყიდიან „ტურისტულ სერვისს“.  ამ პროცესის გაკონტროლება და სერტიფიცირება  აუცილებელია, რადგან ხშირად ადგილი აქვს უცხოელთა შეცდომაში შეყვანის, მოტყუების და ფულის გამოძალვის ფაქტებს.

როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე ექსკურსიებს უცხოელი კომპანიები და გიდები ატარებენ, მათ შორის საქართველოს არც თუ ისე მოყვარული ქვეყნების წარმომადგენლები, ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ როგორი ფორმებით ხდება  ჩვენი ისტორიული საგანძურის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.  ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს, მაგრამ არავინ რეაგირებს.

არის შემთხვევები, როდესაც ქართულ ტურისტულ ბაზარზე თავისუფლად მოთარეშე  უცხოურ კომპანიებს, თანხების დაზოგვის მიზნით,  კვების პროდუქტები და სასმელი წყალიც კი საკუთარი ქვეყნიდან შემოაქვთ.  ავტომატურად ქვეყნიდან გაედინება  მომსახურეობიდან მიღებული გაუკონტროლებელი მოგება, რომლებიც ამ კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს და ჩვენი ქვეყანის ბიუჯეტის  შემოსავალი ამ განუკითხაობის გამო მიზერულია.

ქყვეყანა სერიოზულად უნდა აკონტროლებდეს განთავსების ობიექტების ბაზარს. სასტუმროების მნიშვნელოვანი ნაწილი ელემენტალურ კრიტიკას ვერ უძლებს. ყველას მოგეხსენებათ რომ საცხოვრებელს  უცხოელი ვიზიტიორები ჩამოსვლადე ირჩევენ და ჯავშნიან.  სხვადასხვა ეფექტებით გადაღებულ- შელამაზებული  სასტუმროების ფოტოები, ხშირად სამართლიანი უკმაყოფილებისა და კონფლიქტის მიზეზი ხდება, უკვე ადგილზე ჩამოსული უცხოელების მხრიდან.

და ყველაზე დიდი და სამარცხვინო პრობლემა! ტურიზმი ავტომატურად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე  ხანგრძლივ გადაადგილება-მოგზაურობას გულისხმობს.  იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასეთი მაგისტრალების გასწვრივ  ფაქტიურად  არ არსებობს ტუალეტები. ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს მზარდი ტურიზმის ქვეყნად იწოდებოდეს, არ ეკადრება, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკამაყოფილებლად სტუმარს  ბუჩქებში უშვებდეს.

ხომ შეიძლება ავტობანების მშენებლობებისა და გზების რეაბილიტაციის დროს გათვალისწინებული იქნას იმ სტრატეგიული მიმართულების ინტერესებიც, რომელსაც ამხელა შემოსავალი მოაქვს ქვეყნის ბიუჯეტისათვის. ტურისტული კომპანიებიც განთავისუფლდებიან სამარცხვინო ხვეწნა-მუდარისაგან. როდესაც  კერძო ობიექტებს  მიმართავენ  სტუმრების  მათ „ტერიტორიაზე“ დასაშვებად.

საინტერესოა, ვინმეს თუ დაუთვლია, რამდენი ტურისტი ჩამოდის  საქართველოში მისი ერთხელ მონახულების შემდეგ და რამდენი აღარ?  ბევრი ბრუნდება,  რადგან ძალიან ბევრი საამო და უნიკალური გვაქვს ქართველებს. მაგრამ ბევრიც, ზემოთ დასახელებული მიზეზთა გამო, უკმაყოფილო მიდის. ესენი ძირითადად განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები არიან, რომლებიც მაღალი დონის სერვისს ითხოვენ და შესაბამისად შემოსავალიც მაღალი მოაქვთ ქვეყნის ეკონიმიკისათვის.

მე შემხვედრია მათი,  საქართველოში მოგზაურობის შემდგომი  კომენტარები ავტორიტეტულ ინტერნეტ-გვერდებზე, მისაუბრია პოტენციურ  ვიზიტიორებთან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე.  უნდა აღინიშნოს, რომ მათი არგუმენტები სამართლიანია და პრობლემის მოგვარება  მხოლოდ სამთავრობო დონეზე და შესაბამისი კონტროლის მეშვეობით არის შესაძლებელი.

ამ სტატიის მიზანი ნამდვილად არ არის ისედაც გაჭირვებული ადგილობრივი მოსახლეობის მოუმზადებელი ფენების გამოძევება ტურიზმის სფეროდან. უბრალოდ, საჭიროა პროცესის კონტროლი. ამ სფეროში დასაქმების მსურველ ადამიანების ელემენტალური დახმარება, მომზადება,  სერტიფიცირება და არა შეზღუდვები.  შეიძლება, ზოგი რამ გადმოვიღოთ განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის მქონე  ქვეყნების გამოცდილებიდანაც.  გვინდა თუ არა, სხვანაირად ძალიან გავიჭირდება ამ სტრატეგიული სფეროს შენარჩუნება და განვითარება.

 

დავით აბულაძე

 

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება