ყოჩაღი „ფრიცები“ და ხელით სათრევი ანგლო-ამერიკელები – ანუ ვის უნდა ვუმადლოდეთ ნაციზმზე გამარჯვებას

ყველა დროის უდიდესი სტრატეგი და მთავარსარდალი, ქართველი ერის შვილი, იოსებ სტალინი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩჟოუ ენლაის, 1952 წლის 20 აგვისტოს ეუბნებოდა:

სურათზე: გერმანელების მიერ 1944 წლის დეკემბერში დატყვევებული ამერიკელი სამხედროები

ამერიკელები ვაჭრები არიან. თითოეული ამერიკელი ჯარისკაცი სპეკულანტია, რომელიც დაკავებულია ყიდვა-გაყიდვით. გერმანელებმა 20 დღეში დაიპყრეს საფრანგეთი, შეერთებული შტატები კი, უკვე ორი წელია, ვერ უმკლავდებიან პატარა კორეას. რა ძალა ეს არის? ამერიკელების მთავარი შეიარაღება ქალის წინდები, სიგარეტები და სავაჭროდ განკუთვნილი სხვა ნივთებია… მათ სურთ მთელი მსოფლიოს დაპყრობა, მაგრამ ვერ ერევიან პატარა კორეას. არა, ამერიკელებს არ ეხერხებათ ომი. განსაკუთრებით, კორეის ომის შემდეგ დაკარგეს შესაძლებლობა, აწარმოონ დიდი ომი. ისინი იმედს ბირთვულ იარაღსა და საავიაციო თავდასხმებზე ამყარებენ, მაგრამ ამით ომს ვერ მოიგებენ. ომის მოსაგებად საჭიროა ქვეითი ჯარი, მაგრამ ქვეითი ჯარი ცოტა და სუსტი ჰყავთ. ებრძვიან პატარა კორეას, ამერიკაში კი უკვე ტირიან. მაშინ რა მოხდება, თუკი ისინი დიდ ომს დაიწყებენ? – მაშინ, ალბათ, ყველა ამერიკელი იტირებს“.

სტალინის ამ სიტყვებს ისტორიული კონტექსტიდან არ ვიღებთ, მაგრამ ზოგი რამ მოტანილი ციტატიდან დღესაც ნიშანდობლივია.

თუმცა დავბრუნდეთ ისევ ისტორიაში და კორეის ომიდან მეორე მსოფლიო ომში გადავინაცვლოთ. დღეს ხომ ხდება აზრის კულტივირება, თითქოს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმ-ნაციზმის დამარცხება „დასავლური დემოკრატიების“, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დამსახურებაა, საბჭოთა კავშირი კი ომის გამჩაღებლად გამოჰყავთ, რომლის წვლილი ჰიტლერის დამარცხებაში ყურადსაღებიც არ გახლავთ. საბჭოთა კავშირი თურმე „ლენდ-ლიზს“ გადაურჩენია და არა უზარმაზარი ქვეყნის მობილიზებასა და ასევე უზარმაზარ გმირულ მსხვერპლს…

რეალობა სხვაგვარია. ამისთვის არ არის საჭირო არქივებში ქექვა, ყველაფერი კარგად არის ცნობილი, ოღონდ ცნობილ ფაქტებზე ყურადღებაა გასამახვილებელი და ნებისმიერ „ლიბერასტს“, რომელიც დაგიწყებთ ამერიკის „სიდიადეზე“ და საბჭოეთის „ჩამორჩენილობაზე“ ლაპარაკს, ქვემოთ წარმოდგენილი უდავო ფაქტები პირდაპირ სახეზე უნდა ააფაროთ:

საბჭოთა კავშირის დასავლელმა მოკავშირეებმა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიისთვის მეორე ფრონტის გახსნის არაერთხელ გადადების შემდეგ, 1944 წლის ივნისში, როგორც იქნა, განახორციელეს მასშტაბური ოპერაცია და გერმანიას მეორე ფრონტი გაუხსნეს საფრანგეთში. ეს საბჭოთა ხალხის სიყვარულით და ჩვენი წინაპრების რიგებში მსხვერპლის შემცირების მიზნით არ გაუკეთებიათ ანგლო-ამერიკელებს, არამედ, მათ წითელ არმიაზე უფრო სწრაფად სწადდათ გერმანული რაიხის დედაქალაქის, ბერლინის აღება. გერმანიის ძირითადი ძალები სწორედ აღმოსავლეთ ფრონტზე იყო გადასროლილი და „დემოკრატიები“ გერმანიაში, ბერლინამდე, იოლ „განავარდებას“ ვარაუდობდნენ.

 

მაგრამ მალევე გამომჟღავნდა ანგლო-ამერიკელების შედარებით სუსტი ბრძოლისუნარიანობა ხმელეთზე. წითელი არმიის მიერ უკიდურესად დასუსტებულმა გერმანელებმა, მიუხედავად ამ დასუსტებისა, ორჯერ სასტიკ დღეში ჩააგდეს ინგლის-ამერიკის ჯარები, მიუხედავად მათი რიცხობრივი და მატერიალურ-ტექნიკური უპირატესობისა.

 

ანგლო-ამერიკული ჩავარდნა 1: 1944 წლის სექტემბერი, ჰოლანდია

1944 წლის აგვისტოს ბოლოსთვის, ინგლისურ-ამერიკული სარდლობა სრულად იყო დარწმუნებული თავიანთ გამარჯვებაში. საფრანგეთში სასტიკი ბრძოლების შემდეგ, გერმანიის არმიის ნაწილების უკანდახევამ ინგლის-ამერიკელები დააჯერა, რომ ნაცისტური ჯარების წინააღმდეგობის დასრულებამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი. ბრიტანელებისა და ამერიკელების უმეტესობას სჯეროდა, რომ ევროპაში ომი რამდენიმე თვეში დასრულდება. დასავლელი მოკავშირეები 1944 წლის დეკემბრის საშობაო დღესასწაულებისთვის უკვე ბერლინის აღებას ვარაუდობდნენ.

ამერიკელმა გენერალმა ჯორჯ სმიტ-უმცროსმა და ბრიტანელმა ფელდმარშალმა სერ ბერნარდ ლოუ მონტგომერიმ დაიყოლიეს ევროპაში გაერთიანებული ამერიკულ-ბრიტანული ძალების მთავარსარდალი, ამერიკელი გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი, მოკავშირეებს განეხორციელებინათ სადესანტო ოპერაცია ჰოლანდიაში, სტრატეგიული მიზნით – შეჭრილიყვნენ გერმანიის ინდუსტრიულ რურის მხარეში და გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილიდან დაერტყათ ბერლინისათვის. ოპერაციის პირველი დასკვნითი წერტილი ჰოლანდიური ქალაქი არნემი უნდა გამხდარიყო.

ფელდმარშალ მონტგომერის მიერ ოპერაციას მიენიჭა კოდური სახელწოდება „მარკეტ გარდენ“ – აქედან „Market“ მოიცავდა საპარაშუტო დესანტის გადასხმას ფრონტის ხაზს იქით 60-90 კმ მანძილზე, რამდენიმე ხიდისა და საგზაო კვანძის დაკავებით, „Garden“ კი ძირითადი, 30-ე ბრიტანული კორპუსის ძალების მიერ დესანტთან შეერთებას და ჰოლანდიური ქალაქების – ეინდჰოვენის, ნიმეგენის და არნემის გათავისუფლებას გულისხმობდა.

მოკავშირეებმა ჯამში 35 ათასი სამხედროს მობილიზება მოახდინეს ოპერაციის ჩასატარებლად, გერმანელებს კი დაახლოებით მხოლოდ 20 ათასი კაცი ჰყავდათ მათი იერიშის მოსაგერიებლად. ოპერაციის შედეგები ცნობილია:

ანგლო-ამერიკული ოპერაცია 17-იდან 25 სექტემბრამდე გრძელდებოდა. გერმანელებმა მოწინააღმდეგეს ყველა ფანდი გაუგეს და სასტიკად დაამარცხეს იგი. ოპერაცია „მარკეტ გარდენ“ სამარცხვინოდ ჩაფლავდა. მოკავშირეებმა ჯამში 16800 ჯარისკაცი დაკარგეს მოკლულის და გერმანელების მიერ დატყვევებულთა სახით, აქედან უმეტესობა ინგლისელი იყო. ბრიტანელებთან და ამერიკელებთან ერთად, რამდენიმე ასეული პოლონელი ჯარისკაციც დაიღუპა, რომლებიც ინგლისიდან იყვნენ მოკავშირეთა რიგებში გადმოსროლილნი. გერმანელების მხრიდან დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვმა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 3500-იდან 8000-მდე შეადგინა.

მოკავშირეებმა ვერ მიაღწიეს ვერც ერთ მთავარ მიზანს, რომელთაც მათი გეგმა ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, მკვეხარა ანგლო-საქსი გენერლები თავიანთ მოსახლეობას მაშინაც „აბოლებდნენ“. ეიზენჰაუერი მიიჩნევდა, რომ ოპერაცია „მარკეტ გარდენი“ წარმატებული იყო 50 პროცენტით, ხოლო იდეის მთავარმა ავტორმა, მონტგომერიმ გამოაცხადა, რომ ოპერაცია 90 პროცენტით აღმოჩნდა „წარმატებული“.  მიუხედავად ამ ბაქი-ბუქისა, მონტგომერი ძალიან განიცდიდა, რომ ბერლინის აღება დასავლელმა მოკავშირეებმა ვერ შეძლეს და ამას იგი „კარგი ოპერატიული გეგმის“ უქონლობას აბრალებდა, რითაც ირიბად მაინც აღიარა „მარკეტ გარდენის“ უვარგისობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ „მარკეტ გარდენის“ წარუმატებლობა, რიგი წყაროების თანახმად, მოკავშირეთა კონტრდაზვერვის წარუმატებლობადაც უნდა იქნას მიჩნეული, რადგან, ამ წყაროების მიხედვით, ოპერაციის დეტალები გერმანულმა დაზვერვამ იცოდა თავისი ჰოლანდიელი ჯაშუშის, კრისტიან ლინდერმანსის, მეტსახელად „კინგ კონგის“, საშუალებით.

 

ანგლო-ამერიკული ჩავარდნა 2: 1944 წლის დეკემბერი  – 1945 წლის იანვარი, ბელგია

1944 წლის დეკემბერსა და 1945 წლის იანვარში,როდესაც ფაშისტური გერმანია საბჭოთა ჯარების დარტყმების შედეგად უკვე სულს ღაფავდა, გერმანელებმა მაინც შეძლეს ანგლო-ამერიკელებისთვის დიდი ზარალის მიყენება და მათი შეტევის შეფერხება.

16 დეკემბერს გერმანელებმა მასშტაბური კონტრშეტევა წამოიწყეს დასავლეთის ფრონტზე, არდენების ტყეში, ბელგიის მიმართულებით. ეს ოპერაცია არდენების ოპერაციის სახელით შევიდა ისტორიაში. მთელი ათი დღის მანძილზე გერმანელები სდევნიდნენ ფრონტის ხაზიდან გაქცეულ ამერიკელებსა და ბრიტანელებს. გერმანელთა შეტევები მხოლოდ აღმოსავლეთით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტთან წითელი არმიის გააქტიურებამ შეაფერხა – ჰიტლერი იძულებული გახდა, ნაწილობრივ დასავლეთის ფრონტი შეესუსტებინა და ძალები ბუდაპეშტისაკენ გადაესროლა. ჰიტლერი ამბობდა, რომ ერჩივნა ბერლინის დათმობა, ვიდრე ბუდაპეშტისა, რადგან უნგრეთში ნავთობით მდიდარი ბოლო ტერიტორიები იყო დარჩენილი, რომლებსაც ჯერ კიდევ გერმანია აკონტროლებდა.

მხოლოდ ამის შემდეგ მოითქვეს სული დასავლელმა მოკავშირეებმა და ისინი გერმანელებს წინ აღუდგნენ. თანდათან მათ მოახერხეს გერმანელებისთვის უკან დახევა ეიძულებინათ, მაგრამ იანვრის პირველ ნახევარში ფრონტზე მათთვის ჯერ კიდევ უმძიმესი მდგომარეობა ნარჩუნდებოდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი საბჭოთა კავშირის უმაღლეს მთავარსარდალ სტალინს ევედრებოდა დახმარების თაობაზე:

დასავლეთით ძალზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და ყოველ წუთს არის მოსალოდნელი, უმაღლესი მთავარსარდლობის მხრიდან,საჭირო აღმოჩნდეს დიდი გადაწყვეტილებების მიღება. თქვენ იცით თქვენი გამოცდილებიდნა გამომდინარე, რამდენად სახიფათოა მდგომარეობა, როდესაც იძულებული ხარ, დაიცვა ძალზე ფართო ფრონტი ინიციატივის დროებითი დაკარგვის შედეგად. გენერალ აიზენჰაუერს ზოგადი მონახაზით მაინც სჭირდება, იცოდეს, როგორია თქვენი გეგმები, რადგან ეს მის ყველა შემდგომ გადაწყვეტილებაზე იქონიებს გავლენას. /…/ მადლიერი ვიქნები, თუკი მაცნობებთ, შეგვიძლია თუ არა, იმედი ვიქონიოთ რუსული ჯარების დიდ შეტევაზე ვისლას ფრონტზე ან სხვა რომელიმე ადგილზე, იანვარში /… / ამ ცნობებს არავის გადავცემ ფელდმარშალ ბრუკისა და გენერალ აიზენჰაუერის გარდა, თანაც მათი მხრიდან ამ ინფორმაციის სრულიად საიდუმლოდ შენახვის პირობით. დრო არ ითმენს“ (ჩერჩილი – სტალინს, 1945 წლის 6 იანვარი).

სტალინის 7 იანვრის პასუხი ასეთი იყო: „ჩვენ ვემზადებით შეტევისთვის, თუმცა საამისოდ ამინდი ხელს არ გვიწყობს. მიუხედავად ამისა, ვითვალისწინებთ დასავლეთის ფრონტზე ჩვენი მოკავშირეების მდგომარეობას, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, დაჩქარებული ტემპებით მოახდინოს მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება და, ამინდის მიუხედავად, დაიწყოს ფართო შემტევითი მოქმედებები გერმანელების წინააღმდეგ, მთელ ცენტრალურ ფრონტზე, არაუგვიანეს იანვრის მეორე ნახევრისა. შეგიძლიათ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რაც კი შესაძლებელია, რათა დავეხმაროთ ჩვენს სახელოვან მოკავშირე ჯარებს“.

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. საბჭოთა შეტევა ვისლა-ოდერზე მართლაც, ძალიან მალე, 12 იანვარს დაიწყო. ანგლო-ამერიკელებს მხოლოდ ამის შემდეგ გაეხსნათ ხელ-ფეხი და დაიწყეს გერმანელების შევიწროება დასავლეთის ფრონტზე. 16 დეკემბერს დაწყებული გერმანული კონტრშეტევის ლიკვიდაცია მხოლოდ 29 იანვარს მოხერხდა.

ამერიკელებმა  ყველაზე დიდი ზარალი იწვნიეს გერმანელებისაგან მეორე მსოფლიო ომში და თავიანთ სამხედრო ისტორიაში მთლიანად. სამაგიეროდ, ამჯერად ბრიტანელები შედარებით იოლად „გამოძვრნენ“, რამაც ზოგიერთი ამერიკელი გენერალი მონტგომერის საწინააღმდეგოდ განაწყო. მსხვერპლი კი ასეთია, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით: 16 დეკემბრიდან 29 იანვრამდე, 19 ათასი დახოცილი და 23 ათასი ტყვედ ჩავარდნილი ან უკვალოდ დაკარგული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე (ბრიტანელებმა მხოლოდ 200 დახოცილი და 239 ტყვედ ჩავარდნილი) დაკარგეს. ეს პროცენტულად უზარმაზარი მარცხია ერთი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რადგან ამერიკელებს, მაგალითად, კორეის სამწლიანი ომის მანძილზე სულ 37904 დაღუპული და დაკარგული ჯარისკაცი ერიცხებათ, არდენებში კი, ერთი თვის მანძილზე 19 ათასი კაცი დაუხოცეს და 23 ათასი დაუტყვევეს გერმანელებმა.

ასეთია რეალური სახე ანგლო-ამერიკელი მკვეხარებისა და მატყუარებისა, რომლებიც დღეს ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირი და მსოფლიო გადაარჩინეს ფაშიზმისაგან.

 

აქვე გთავაზობთ ჟურნალისტ ბექა კვიციანის უფრო დეტალურ მიმოხილვას, არდენების ოპერაციასთან დაკავშირებით:

 

მოკავშირეთა ამერიკელი გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი დეკემბრის დასაწყისში ატყობინებდა თეთრ სახლს, რომ 18 დეკემბერს მის განკარგულებაში მყოფი დივიზიები მესამე რაიხის ტერიტორიაზე შევიდოდნენ. უფრო თამამ განცხადებას კი მისი ბრიტანელი კოლეგა მონტგომერი აკეთებდა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ბერლინს წითელ არმიაზე ადრე აიღებდა. თუ იმ პერიოდში სსრკ-ს დაზვერვა ასი თავით უგებდა გერმანულ SD-ს, მოკავშირეთა უწყება მხოლოდ ბაქი-ბუქზე იყო გადასული და ჰიტლერმაც არ დააყოვნა.

სურათზე: იოახიმ პაიპერის შენაერთი ბელგიაში, 21 დეკემბერი, 1944 წ.

 

რამდენიმე თვით ადრე ჰიტლერმა რასტენბურგში სპეციალური თათბირიც კი მიუძღვნა დასავლეთ ფრონტს და საკუთარ გენერალიტეტს უბრძანა, შეემუშავათ გეგმა, რომლის მიხედვით მტერს ფეხს ამოუკვეთავდნენ ევროპიდან. რატომღაც გერმანულ ელიტას მიაჩნდა, თუ ბრიტანელებს და ამერიკელებს კონტინენტიდან მოიშორებდნენ, წითელ არმიას გაანადგურებდნენ. ფრონტი 70 წელს მიტანებულ ფელდმარშალს, გერდ ფონ რუნდშტედს ჩააბარა და თანაშემწედ ვალტერ მოდელი დაუნიშნა. ამ უკანასკნელს გერმანული სამხედრო საზოგადოება ფიურერის პირად მეხანძრედაც კი ნათლავდა. ესესის გენერალი ზეპ-დიტრიხის სატანკო შენაერთებიც დაახმარა და ტრიუმვირატს 3 000 თვითმფრინავს დაჰპირდა, რაც ზღაპარი გამოდგა.

სენ-ჟერმენში მოკალათებულ მოკავშირეთა შტაბში სრული იდილია იყო. ემზადებოდნენ 18 დეკემბრის შეტევისთვის. დაზვერვამ ამცნო ეიზენჰაუერს რომ ფრონტზე გერმანელები თავდაცვით სამუშაოებს ატარებდნენ და მეტიც, რამდენიმე სატანკო დივიზია აღმოსავლეთისკენ გადაისროლეს. მონტგომერიმ კი ტელეგრამაც გაგზავნა ლონდონში და ჩერჩილს ამცნო, რომ მტერს არ შესწევდა უნარი განეხორციელებინა ბელგიის მიმართულებით აქტიური მოქმედება, რაც სრული დეზინფორმაცია გამოდგა.

ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში ფიურერის სპეციალური მანდატით აღჭურვილი ოტო სკორცენი ესესელებში პოულობდა იმ პირებს ვინც ინგლისური ენა ამერიკული დიალექტით იცოდა კარგად. ასეთი კი 3 000 ადამიანი გამოდგა. მათთვის სპეციალური შეკვეთით დაამზადეს ამერიკული არმიის უნიფორმები და შვეიცარიიდან სპეციალურად დიდი მარაგი ამერიკული სიგარეტების შეიტანეს რაიხში თვითმარქვია მებრძოლებისთვის.

დილით 16 დეკემბერს სენ-ჟერმენში განგაში ატყდა. ეიზენჰაუერი ლოგინიდან წამოაგდეს და აცნობეს, რომ ვერმახტმა არდენების მასივში ფრონტის გაარღვია. მე-5 სატანკო არმია ისე სწრაფად მიიწევდა წინ, რომ პროპაგანდის სამინისტროს ჟურნალისტები ვერ ასწრებდნენ კიდეც ახალი ამბების გადაცემას დოქტორი გებელსის უწყებაში. ამასობაში კი საგანგაშო ცნობა მოვიდა ლუქსემბურგიდან. ფელდმარშალ მოდელს გზა ხსნილი ქონდა ციცქნა სახელმწიფოს სტრატეგიულ წერტილამდე. ფონ რუნდშტედის გაანგარიშება რომ მოკავშირეთა რიგებში გაუგებრობა გამეფდებოდა, ნაღდი გამოდგა. ტეხასელი გენერალი პატონი გერმანელთა თავხედობას ხან ეიზენჰაუერს აბრალებდა, ხან კი ბრიტანელ მონტგომერის. თვითმხილველთა თქმით ის ბოლო სიტყვებით მოიხსენიებდა მათ. ორი ამერიკული დივიზია განადგურების პირას დადგა არდენებთან !

ამასობაში მონტგომერის ბრძანებით ამერიკელთა დასახმარებლად ბრიტანული დივიზია დაიძრა. მათ გზაზე ხვდებოდნენ ამერიკულ ფორმაში გამოწყობილი სკორცენის ესესელები და არასწორი გზით უშვებდნენ ფრონტის ხაზიდან საკმაოდ შორს. სწორედ ამ ეშმაკური ტრიუკით, მოდელი ლუქსემბურგს უპრობლემოდ დაეპატრონა და იქიდან დეპეშაც კი გაგზავნა ბერლინში. სენ-ჟერმენში ძალიან გვიან გაიგეს სკორცენის ჯგუფის შესახებ. ამერიკულმა დაზვერვამ ბრიტანელი კოლეგების საფუძველზე დაადასტურა რომ გერმანელებს ეიზენჰაუერის მოტაცება ქონდათ ჩაფიქრებული და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ მთავარსარდალი სენ-ჟერმენის იქეთ არ გაეშვათ. რეალურად არდენების ოპერაციის პირველმა დღეებმა ცხადყო, რომ ბერლინამდე უფრო შორი მანძილი იყო ვიდრე ლონდონამდე…

ჰიტლერიც კმაყოფილი ჩანდა. აღმოსავლეთ ფრონტზე შექმნილი უამინდობით კიდეც ისარგებლა და რეზერვიც მიაშველა ზეპ-დიტრიხს, რომლის სატანკო შენაერთები ელვისებურად მიქროდნენ ბელგიის ტერიტორიაზე. ამერიკული არმიის დემორალიზებას ხელს უწყობდა პირველივე დღეს გერმანელების მიერ ტყვედ აყვანილი 30 000 თანამემამულეს ფაქტორი…

ზეპ-დიტრიხის პირველი სატანკო დივიზია გააფთრებულ ბრძოლებს აწარმოებდა და  არიერგარდში მყოფმა შტანდარტენფიურერმა იოახიმ პაიპერმა პანიკა დასტთესა ამერიკელებში. სხვათაშორის იმ დღეებში ვაშინგტონში გაჩნდა მოსაზრება, რომ ბრიტანელები შექმნილ მდგომარეობაში დიუნკერკის ევაკუაციას გაიმეორებდნენ…

ჩერჩილი ამოქმედდა და სტალინთან რამდენიმე ტელეგრამაც კი გაგზავნა, სადაც თხოვდა გენერალისიმუსს განეხორციელებინა შეტევა აღმოსავლეთ ფრონტზე. გერმანელი ჯარისკაცები ხმამაღლა ამბობდნენ კიდეც ფიურერი საშობაო საჩუქარს გვიმზადებსო, მაგრამ მოულოდნელად 26 დეკემბერს შეტევის შეჩერების ბრძანება მიიღო გერდ ფონ რუნდშტედმა ვილჰელმ კაიტელისგან. ოფიციალური ბრძანების საფუძველზე ირკვევა რომ გერმანულმა მანქანამ დიდი დანაკლისი განიცადა და კიდევ მეტს განიცდიდა რომ არ შეჩერებულიყო შეტევა, რადგან მოკავშირეებმა საკმაოდ დიდი ძალები გადაისროლეს არდენების მიმართულებით.

ამერიკელებმა ბრძანება მიიღეს, ადგილზე დაეხვრიტათ სკორცენის „ამერიკელები“ ! 27 დეკემბერს ესესელთა „ამერიკული“ ასეული თვითმარქვია გენერლის მუნდირის წყალობით პაიპერის სატანკო არმიას შეუერთდა. მიღებულ იქნა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება ყველა გენერლის ჯიპის გაჩერების და მათი ვინაობის გარკვევის. არც მეტი, არც ნაკლები პირველი გენერალი ვინც ქეჩოთი ჩამოათრიეს ჯიპიდან ცნობილი ამერიკელი ომარ ბრედლი გამოდგა…

ეიზენჰაუერმა უკვე როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანელებმა მცირე შენაერთებით და საიდუმლოს დაცვით შეძლეს წარმატების მიღწევა არდენებში, თუმცა მისი აზრით, შეცდომა იყო შეტევის განხორციელება, რაც განწირულის ბოლო გაბრძოლებას წააგავდა.

8 იანვარს კი ფიურერის უშუალო ბრძანებით მე-6 სატანკო არმიამ რაიხის საზღვრისკენ დაიხია და ყრუ თავდაცვაში დადგა. ფრონტზე გააქტიურდა მოკავშირეთა ავიაცია. ბერლინმა მთელი ყურადღება ამჯერად ბუდაპეშტის დაცვას დაუთმო და არდენების მასივი მივიწყებულ იქნა. სტალინმა მოკავშირეებს უშველა ! გერმანული რეზერვის უმეტესობა დასავლეთიდან უნგრეთის მიმართულებით იქნა გადასრლილი…

დავესესხოთ დუაიტ ეიზენჰაუერის მემუარებს: “მე ველოდი დეკემბრის დასაწყისში გერმანელთა აქტივობას არდენების მხრიდან და ომარ ბრედლიც დამიდასტურებს, რომ გაგვაჩნდა კონტრგეგმაც, თუ როგორ უნდა შეგვეჩერებინა მტერი”. ეს ოდნავ არასერიოზული ფრაზა გახლავთ, რადგან თუ ელოდა ორი გენერალი ვერმახტის შეტევას, გამოდის, რომ  მიზანმიმართულად ორი დივიზია 28-ე და 106-ე გაუწირავთ…

რეალურად, გერმანელების რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ბუნებრივი საწვავის სახით, აღმოჩნდა მწირი, მაგრამ ნუ დავივიწყებთ წითელი არმიის როლს, რადგან რომ არა იანვრის საბჭოთა შეტევა ვისლა-ოდერზე, მოკავშირეები ბელგიაში დატკეპნიდნენ მიწას. გერდ ფონ რუნდშტედის და მოდელის ისედაც მცირე არმიას, ჰიტლერმა საბოლოო რეზერვები წაართვა და აღმოსავლეთში გადაისროლა. არდენების ოპერაციამ  ნათლად დაანახა სამყაროს: ა) მოკავშირეთა დაზვერვას ბოლო ადგილი ეკავა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების დაზვერვებს შორის. ბ) მიუხედავად რესურსში უპირატესობისა, მოკავშირეთა არმია საკმაოდ სუსტი იყო. გავითვალისწინოთ, რომ არდენების ოპერაცია დაიწყო 1944 წლის 16 დეკემბერს და 1945 წლის თებერვლამდე მცირე გერმანული შენაერთები წარმატებით იგერიებდნენ გაცილებით ძლიერ მეტოქეს…

ამერიკელებმა რეალურად ყველაზე ძლიერ იზარალეს არდენების ოპერაციის დროს და ცოცხალი ძალით 110 000 მებრძოლი და 800 ტანკი დაკარგეს, ხოლო ბრიტანეთმა მხოლოდ 1 500 მეომარი დაკარგა. ყოველივე კი ნაქები ბრიტანულ-ამერიკული დაზვერვის ბრალი რომ გამოდგა, ამას რატომღაც დასავლელი სპეციალისტები დღემდე არც წერენ და არც აღიარებენ ! —

კომენტარები:

კომენტარის დამატება