,,ხორველობა“ ტფილისში,  1892 წლის პრესის მოკლე მიმოხილვით

გთავაზობთ ედიშერ ოდიშარიას სტატიას ძველ თბილისში, 1892 წელს, ხოლერის ეპიდემიის ისტორიით. ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქში არ იყო კანალიზაცია და ჰიგიენა ჯეროვან დონეზე არ იდგა (ეს პრობლემა საბჭოთა საქართველოში მოგვარდა).

1892 წელს კასპიისპირეთსა, კავკასიის ნაწილში და ირანში ხოლერის ეპიდემია გავრცელდა და ისეთი დიდი მასშტაბები მიიღო, რომ  ქ.ბაქოდან მოსახლეობა აიყარა  და  თითქმის დაცარიელდა, დაღუპული იმდენი იყო რომ სასაფლაოებზე მიცვალებულები დაუმარხავებიც ყოფილა. ბარის ოსებში (კავკავის მაზრა) ხოლერამ კატასტროფული ხასიათი მიიღო, ძალიან ბევრი კაცი შეიწირა,  მათ შორის  მღვდლები   ობოლაძე და ჯანუაშვილი.

ზაფხულის დასაწყისში აქა-იქ ტფილისშიც იჩინა თავი ხოლერამ, რის გამოც  ხალხიც შეშინდა  და ხელისუფლებაც.  ხოლერის გაჩენიდან – 11 ივნისიდან  29 ივლისამდე ტფილისში ავად გახდა  392 კაცი , გარდაიცვალა -180 , ხოლო ოთხი თვის თავზე უკვე ავად გახდა 492 კაცი და გარდაიცვალა – 271. ყველაზე მეტად ხოლერით დაზიანდა  ავლაბარი განსაკუთრებით ,,შავი სოფელი“.

გუბერნატორის  განკარგულებით და ქალაქის გამგეობის მეშვეობით გამკაცრდა კონტროლი სანიტარულ მდგომარეობაზე, აიკრძალა მტკვარიდან წყლის დალევა, კერძო მეწარმეთ და ორგანიზაციებს მიეცათ რეკომენდაცია უფასო საჩაიების და სასადილოების გახსნის შესახებ .

24 ივნისს ხოლერით გარდაცვლილთათვის სადეზინფექციოდ ახალი სასაფლაო გაიმართა, ქალაქგარეთ მდებარე  სამკურნა- ლოს   ,,იქით“ ტერიტორიაზე.  ხოლერით დაავადებულთა სამკურნალოდ წასაყვანად ქალაქის მმართველობამ 24 ივნისიდან   დაიქირავა ხუთი ეტლი.

ტფილისში აკრძალულ  იქნა ხაშის მზადება და ხმარება, როგორც მძიმე საჭმელი. ამის გამო უმუშევრად დარჩენილმა 60 მეხაშემ დატოვა ქალაქი და თავის სოფლებს მიაშურა.

ტფილისის  მოურავი  გუბერნატორს სთხოვს დაავალოს ქალაქის აფთიაქის პატრონებს, რომ გასაყიდათ შეინახონ ხელოვნურად მომზადებული ყინული მით უფრო, რომ მეწარმე ვეტცელს პირობა მიუცია  რომ ქალაქის ყველა აფთიაქს მოამარაგებდა ყინულთ ფუთი 50 კაპიკი და ამას დამატებული ყველა აფთიაქს დღეში  ერთი ფუთი ყინული უფასოდ.

მიხეილის ქუჩაზე 4  ივლისს ლოტრანგთა(გერმანელთა) ეკლესიის გალავანში  გაიმართა კიდევ ერთი უფასო საჩაიე.

თამბაქოს ქარხნის პატრონმა ენფიანჯიანცმა თავის მუშებს უფასო საჩაიე გაუმართა, ფული გასცა საცვლების საყიდლად, დაასუფთავა ტერიტორია, ფეხის ადგილებში წყალი გამოიყვანა და კაცი გამოყო სისუფთავისთვის. მომუშავეებს ძალას არ ატანს ბევრი იმუშავეთო, ასე ამბობდა: ,,ბევრ ფულს დიდი ხნის სიცოცხლე სჯობიაო“. ყველას აფრთხილებს კვირა დღეს არ დათვრეთო.

ქალაქში გამკაცრდა სანიტარული მდგომარეობის კონტროლი.

ტფილისის მესამე განყოფილების მომრიგებელმა მოსამართლემ წინამძღვრიშვილმა უსუფთაობისათვის დასაჯა 14 მოქალაქე, 5 მან. ჯარიმიდან  ერთი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთით .  მათ შორის თავისუფლების აღკვეთით დაისაჯა ცნობილი მდიდარი დავით აღელოვი.

ცნობილი  ექიმი ხუდადოვი ხოლერის შესახებ უფასო ლექციებს ატარებდა. ტფილისს  დასახმარებლად ხარკოვიდან სამი მკურნალი ეწვია.  ხოლერის წინააღმდეგ საბრძოლველად

ქალაქის თვითმართველობამ  46 ათასი მანეთი.  ამავე მიზნით ფულის შესაგროვებლად პუშკინის ბაღში  დაიდგა  ყულაბა.

ლაბორატორიულად გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მტკვრის წყალში ხოლერის ბაქტერიები სამი კვირა ცოცხლობს და მრავლდება, ავჭალის წყალში კი ერთი კვირა. ასევე განაცხადეს რომ  ღვინოში და მაგარ ალკოჰოლურ სასმელში ბაქტერიები ერთ კვირაზე ნაკლები ცოცხლობს, ლუდში კი  ძლიერ ადვილად მრავლდება. ამის გამო მთელი ივნისის განმავლობაში ტფილისის საწყობებში და მაღაზიებში იმდენი კონიაკი გაიყიდა, რამდენიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არ გაყიდულა. მაგალითად რიშარის მაღაზიაში 12 ათასი მან. კონიაკი გაიყიდა. აგრეთვე ბევრი გაყიდულა  სარაჯიშვილის ქარხანასა და მაღაზიებში.

გაზეთების მეშვეობით ვრცელდებოდა სხვადასხვა  რეკომენდაციები რომლის მიხედვით მოსახლეობას სჯობდა არ მიერო ,,მაროჟნა“ და ბურახი, უნდა მორიდებოდნენ სიმთვრალეს, ხოლო მოხუცებულები განსაკუთრებით უნდა ფრთხილობდნენ.

მდაბალმა  ხალხმა  მამა-პაპურ ,,წამალს“ – მიმართა:  ,,ერთი კბილი ნიორი უბეში და ნუღარ გეფიქრება“. ქალაქის დუქნები სულ აყროლებული ყოფილა ნივის სუნით. კინტოები კარდაკარ ჰყიდდენ  ახალ შემოსულ ნიორს, და გაიძახოდნენ: ,,ნიორი მოვიდა, ხორველა წავიდაა!“  ,,ხორველის ვარდი არ გინდა ქალბატონო?“

ხოლერას გამო  მუშტარი  გაუმრავლდა და დორანი დაეცათ მეაფთიაქეებს, არყის ბოღლოწოების გამყიდველებს, ქანქაჩებს და ექიმებს.

ბევრმა ალღო აუღო შექმნილ ვითარებას  და თაღლითობას მიჰყო ხელი,  როგორც  ერთ ,,კუჭ-მშიერი“ კაცი, რომელიც გამოძღა სასტუმროს  რესტორანში და ფული არ გადაიხადა ხოლერობააო (იმ დროს უფასო სასადილოები მუშაობდა). შერჩა!  ან კიდევ კინტო რომელმაც  ცხენის რკინიგზაზე  ადგილი ვერ იშოვნა, დაიძახა: ,, ვაიმე, მუცელი, მუცელიო!” (ქოლერის სიმპტომი), მსხდომარე ხალხი დააფრთხო,   თვითონ კი გამოჭიმა ცარიელ ვაგონში  და ღრეჯა დაუწყია.

თუმცა იყო სხვა კატეგორიის ხალხიც მაგალითად როგორ იხსენებს გაზეთის  ფურცლებზე იმდროინდელი ვოლონტიერი: ,,…როდესაც ტფილისში უფასო სასადილო და საჩაიები გაიმართა , შევამჩნიეთ რომ ქართველი და სომეხი დედაკაცები იქ არ დადიოდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაი და საჭმელი შინ მიგვეტანა. არადა ხშირად მთელი დღე შიმშილობდნენ, მაგრამ მაინც არ დადიოდნენ, ,,კეთილშობილობდნენო“!.

ბევრი ტრაგედია და დარდი შესძინა ხოლერის 1892 წლის  ეპიდემიამ ტფილისს, ალბათ ამის გამო  შეაფასა ასე მაშინდელმა ჟურნალისტმა გასული 1892 წელი:,, ფეხუკუღმართი წელიწადს უკანასკნელი ფეხიც მიატყდა და ჩაჰბარდა პატრონს. წავიდეს და აღარ მოშავდეს მაგეთი ნავსი და უბედური წელიწადი! წყეული და კრული იყოს ხსენება მისი ამიერ და უკუნისამდე.“

მიუხედავად იმ  ტრაგედიისა რაც ხოლერამ მოიტანა ტფილისში, მან  არამცთუ გაასუფთავა ტფილისი, არამედ გამოკვება და საზრდო მიაწოდა (უფასო სასადილოები და საჩაიები), შემოსა მთელი ოჯახობანი, ბევრს ასწავლა კიდეც რა არის სიღარიბე, მათ ვისაც ვერც კი წარმოედგინათ  სინამდვილეში ხალხი რა სიდუხჭირეში ცხოვრობდა.   სანიტარული მდგომარეობის გამოსწორებისათვის  ტფილისმა ხოლერას მუხამბაზიც მიუძღვნა: ,,ხოლერა ჯან შენი ქება, რომ არა ვსთქვა არ იქნება!“

აკაკიმ გამოსცა მესტვირული შაირების ბროშურა ,,ხოლერა“.

1830 წელსაც ყოფილა ხოლერის ეპიდემია ტფილისში ,,დიდი ხორველობა“. ეს უბედურება თავის ლექსში აქვს აღწერილი ქართველ მელექსე გურჯი იავას.

ბევრი განსაცდელი გამოუვლია ჩვენს თბილისს, ღმერთმა კარგად გვიმყოფოს!

 

ედიშერ ოდიშარია

კომენტარები:

კომენტარის დამატება