დემონებად ქცეული დეკანოზები

საქართველოს სულიერად უფრო უჭირს დღეს, ვიდრე მატერიალურად. სრული გაპარტახება და დაცემა აშკარაა. სააკაშვილის რეჟიმმა მიაღწია საწადელს. ქოცურმა უნიათობამ თუ შეფარულმა ანტიკლერიკალობამ კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება.

ნებისმიერი მიწიერი მანკიერებით შეპყრობილი სასულიერო პირი ნაკლებად საშიშია, ვიდრე ამპარტავნებაში ჩავარდნილი, ქრისტიანულ სულიერებაზე უარის მთქმელი, თვალთმაქცი და გულბოროტი.

პირი, რომელიც პატრიარქს ან თუნდაც ნებისმიერ სხვა ადამიანს მოკვლას დაუპირებს, ის უკვე სატანასთან არის წილნაყარი. მით უმეტეს, თუკი არ მოინანიებს ცოდვას.

მაგრამ მკვლელობის განზრახვაზე არანაკლებ საშიში მოვლენაა, როდესაც მღვდელი დედაკაცივით იწყევლება და სიკვდილს უსურვებს თუნდაც ძალზე ცოდვილ და შეცდენილ ადამიანს.

პროვინციალიზმისა და დემონიზმის ნაზავია ილია ჭიღლაძის მიერ “ფეისბუკზე” გადმოფრქვეული მორიგი “ბუკეტი”:

“ეს არველაძე რომ ჩააყოლო საფლავში გუშინდელ დამწვარ ბავშვებს ბაღდათის რაიონში, მადლი იქნება… გადაჭამეს ქვეყანა, ვეღარ ძღებიან და მოშიმშილე ბავშვების არსებობის აღიარებაც არ უნდათ ამ გარეწრებს!” – ეს სიტყვები მღვდელმა, დეკანოზმა, დეპუტატ რევაზ არველაძის მოსაზრების საპასუხოდ გამოთქვა, როდესაც მდიდარმა პარლამენტარმა თავისი დაეჭვება გამოხატა, როგორ შეიძლება, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობდეს, ეს არარეალურიაო.

“დეკანოზი” თითქოს ბავშვების ინტერესებს იცავს ამ შემთხვევაში, მაგრამ როგორ? რა ფორმით? რამე დაიჯერება ასეთი მღვდელმსახურის? ეს მღვდელი კი არა, ნამდვილი დემონად ქცეული ნაძირალაა. მღვდელი, რომელიც წესიერმა კომუნისტმა, ირაკლი დოჭვირმა ამხილა პატრიარქის მლანძღველების წაქეზებაში. ჭიღლაძე, თავის ამფსონებთან ერთად, ასევე ამხილეს პატრიარქისადმი ღია წერილში, სადაც ნათქვამია, რომ ჭიღლაძე და მისნაირი მღვდლები “ყოველდღიურად უფრო მეტ ადამიანში იწვევენ გაღიზიანებას და პრაქტიკულად აგდებენ ეკლესიის წიაღიდან მრევლს. მხოლოდ მდაბიო და კერპთაყვანისმცემელი თუ დადგება მათ სადიდებლად, დიახ სადიდებლად, რადგან მათ არა უფლის, არამედ საკუთარი თავის დიდებისთვისა და კეთილდღეობისთვის სურთ ყველაფერი. ასე თუ გაგრძელდა, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ხალხი ამხედრდება და გახდება ქმედითი. არ შეიძლება, სოციალური ქსელებიდან სტიქაროსნები იგინებოდნენ დედას, არ შეიძლება, ისინი ლანძღავდნენ სხვებს და ერეოდნენ ბოროტად სხვის ცხოვრებაში, ბევრი რამ არის რაც არ შეიძლება, მაგრამ ამათთვის ყველაფერი არის დასაშვები, მიღებულიც კი”.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება