საბჭოთა ელჩის, ალ. ჩიკვაიძის კურიოზი კენიაში ანუ რა არის ნამდვილი დიპლომატია

გთავაზობთ ერთ ეპიზოდს გამოჩენილი ქართველი და საბჭოთა დიპლომატის, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის (1992-1997) ალექსანდრე ჩიკვაიძის წიგნიდან “სამი სხვადასხვა ქვეყნის ელჩის თვალით…” (თბილისი, 2004 წ.). ეპიზოდი ეხება 1983 წელს ჩიკვაიძის ელჩად წარდგენას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქვეყანაში – კენიაში.

“სან-ფრანცისკოში ოთხი წლის მუშაობის შემდეგ გამომიძახეს მოსკოვში და კენიაში საბჭოთა კავშირის ელჩობა შემომთავაზეს. /…/ სამ წელიწადზე მეტ ხანს ვიმუშავე ნაირობიში /…/. კენიის პრეზიდენტი კოლორიტული, ველური მხეცის ინსტინქტით დაჯილდოებული, გამჭრიახი დანიელ არაპ მოი გახლდათ. არასოდეს დამავიწყდება რწმუნების სიგელის გადაცემის ცერემონია კენიის პრეზიდენტის სასახლეში.

ისევე, როგორც სახელმწიფოთა უმრავლესობას, კენიას აქვს მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლი. როდესაც პრეზიდენტთან შესახვედრად დარბაზში შევედით, გამაფრთხილეს, რომ დანიელ არაპ მოისთან მიახლოება მხოლოდ სამ ნაბიჯზე შეიძლებოდა. პროტოკოლი ითვალისწინებდა ახლად ჩამოსული ელჩის მოკლე სიტყვას, თუ როგორ ფიქრობდა იგი ორ ქვეყანას შორის კავშირების განვითარებას, რას ფიქრობდა კენიაზე და თანაც კატეგორიულად არ შეიძლებოდა ზეპირად სიტყვის თქმა. უკვე შემდეგ გავიგე, რა იყო ამ წესის მიზეზი. თურმე პრეზიდენტი არაპ მოი თავად ყოველთვის წინასწარ მომზადებულ სიტყვას კითხოლობდა და ვერ იტანდა მასზე უპირატესობის ვერანაირ გამოვლინებას, თუნდაც ზეპირი გამოსვლის სახით, მით უმეტეს, უცხო სახელმწიფოთა ელჩებისგან.

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ვიდრე პრეზიდენტს მივუახლოვდებოდი, გავიარე ხმაურიანი პრესის რიგი. /…/ ზუსტად სამ ნაბიჯზე მივუახლოვდი, პრეზიდენტს, გადავეცი რწმუნების სიგელი და შემდეგ დავიწყე სიტყვის კითხვა. ზემოთ უკვე ვამბობდი, რომ არასოდეს მანერვიულებდა შეხვედრა ‘ძლიერთა ამა ქვეყნისა’. სიმართლე გითხრათ, არც დანიელ არაპ მოი იყო ჩემთვის გადაულახავი ბარიერი, მაგრამ რატომღაც კითხვის დროს ამიკანკალდა მარჯვენა ხელი, რომელშიც ტექსტი მეკავა. შევცბი, ერთი წამით თვალი მოვავლე დარბაზს და ქაღალდი წყნარად მარჯვენა ხელში გადავიტანე. ახლა მარცხენა ამიკანკალდა და თანაც ისე, რომ პრეზიდენტმა შეამჩნია. თავს ძალა დავატანე, ხელი დავიმორჩილე, მაგრამ შენც არ მომიკვდე. რაღაც ამოუცნობმა ძალამ ახლა ფეხი ამიკანკალა. გადავიტან სიმძიმეს მარცხენა ფეხზე, მარჯვენა მიკანკალებს, გადავიტან მარჯვენაზე, მარცხენა იწყებს ცახცახს. არადა, მერწმუნეთ, შინაგანად აბსოლუტურად დამშვიდებული ვიყავი. მოკლედ, მეტად უცნაურ მდგომარეობაში ჩავვარდი, როგორც იქნა, დავამთავრე სიტყვა. ვგრძნობ, რომ სადაცაა, ჭკუიდან შევირყევი. რა თქმა უნდა, არავინ არაფერი შეიმჩნია. პრეზიდენტმაც წარმოთქვა საპასუხო სიტყვა. ვგრძნობ, რომ სადაცაა, ჭკუიდან შევირყევი. რა თქმა უნდა, არავინ არაფერი შეიმჩნია. პრეზიდენტმაც წარმოთქვა საპასუხო სიტყვა და დაიწყო ტრადიციული ‘ა ლა ფურშეტი’, რომლის დროსაც პრეზიდენტი უშუალო სიტუაციაში აცნობს ჩამოსულ ელჩს მთავრობის წევრებს. მომიახლოვდა პროტოკოლის უფროსი (მე ვიცოდი, რომ იგი პრეზიდენტის ნათესავი იყო) და გამოსვლას მიქებს. მივხვდი, შექმნილი უხერხულობის გაფანტვა უნდოდა, თორემ ხელ-ფეხაძიგძიგებული კაცის ორატორობა არც აფრიკაში ფასობს, არც აზიაში. უცებ ერთი იდეა მომივიდა და პროტოკოლის უფროსს ვეუბნები:

‘ბევრი პრეზიდენტი მინახავს, მაგრამ თქვენს პრეზიდენტს ისეთი შინაგანი ძალა აქვს, რომ მის სიახლოვეს ხელები ამიკანკალდა’.

ვერ წარმოიდგენთ, ამან როგორ გაჭრა. ორი წუთი ვეღარ გაჩერდა ჩემს გვერდით პროტოკოლის უფროსი. მოწყდა ჩემგან და ვხედავ, პრეზიდენტს ეჩურჩულება. როგორც ჩანს, ჩემი ნათქვამი გადასცა. ისე ესიამოვნა პრეზიდენტ მოის, რომ პროტოკოლი დაარღვია და ყველა მინისტრთან ხელკავით გამომყვა. სხვათა შორის, ამ ამბის შემდეგ ისეთი განწყობა შეიქმნა ჩემსა და პრეზიდენტს შორის, რომ სამი წლის განმავლობაში უპრობლემოდ შემეძლო მასთან აუდიენცია, მაშინ, როდესაც სხვა, იმავე ამერიკისა და ინგლისის ელჩები ამას ძლივს ახერხებდნენ. ელჩის საქმიანობას კი არაფერი ამშვენებს ისე, როგორც ადგილსამყოფელი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთან პირადი კონტაქტი, პირველი პირისაგან მიღებული შეფასება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით”.

კომენტარები:

კომენტარის დამატება