ამერიკული “ბოინგი” 1962 წლის შემდეგ ასეთი პრობლემის წინაშე არ მდგარა; საფრთხე მგზავრებისათვის

მსოფლიო ინდუსტრიის გიგანტების სამყაროში სენსაციაა: პირველად 1962 წლის შემდეგ, ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებელი “ბოინგი” შეკვეთების გარეშე დარჩა – 2020 წლის იანვარში ახალ თვითმფრინავებზე შეკვეთების რაოდენობა ნულის ტოლია. მიზეზი საინტერესოა და თან ძალზე სავალალო.

შეკვეთების არარსებობა განპირობებულია “ბოინგის” თვითმფრინავის 737-MAX-ის ორმაგი კატასტროფით სულ რაღაც ხუთი თვის მანძილზე. პირველი ავიაკატასტროფა ინდონეზიაში 2018 წლის ოქტომბერში მოხდა, მეორე -2019 წლის მარტში, ეთიოპიაში.

Boeing 737-MAX-8, 2018 წლის 29 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 6 საათსა და 20 წუთზე ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა. თვითმფრინავი ერთ საათში კუნძულ ბანგკაზე უნდა დამჯდარიყო, მაგრამ აფრენიდან 13 წუთის შემდეგ ზღვაში ჩავარდა. 189 ადამიანი შეეწირა ამ კატასტროფას. ექსპერტების დასკვნით, კატასტროფა დეფექტური გარე სენსორის გამო მოხდა, რომელმაც აფრენისას თვითმფრინავის დახრის კუთხე დამახინჯებით აღიქვა. თვითმფრინავი ცხვირით ქვევით დაიხარა. კოკპიტში საშინელი ვითარება შეიქმნა: მფრინავებმა 26-ჯერ 15 წუთის მანძილზე ხელით გაასწორეს თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორია, მაგრამ არეული კომპიუტერული სისტემის, “ავტოპილოტის” სიჯიუტის წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ. ადამიანებმა ტექნიკის წინააღმდეგ ბრძოლა წააგეს.

შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ასეთი პრობლემა “ბოინგის” სხვა მოდელის თვითმფრინავებზე, ისევე როგორც ევროპული “ეარბასების” თვითმფრინავებზე იჩენს ხოლმე თავს, მაგრამ ყველა შემთხვევაში პილოტებმა პრობლემა ფრენისას დაძლიეს. თუმცა კოკას წყალი ყოველთვის არ მოაქვს და 189 ადამიანის სიცოცხლე ინდონეზიაში თვითმფრინავის კომპიუტერმა იმსხვერპლა. “ბოინგში” უკვე გვიან განაცხადეს, რომ სისტემის არევის შემთხვევაში მფრინავებმა სისტემა უბრალოდ უნდა გამორთონ და მთლიანად მანუალური მართვის რეჟიმში უნდა გადაიყვანონ საფრენი აპარატი.

მაგრამ ინდონეზიის კატასტროფას დაემატა კატასტროფა ეთიოპიაში, 2019 წლის 10 მარტს, ადის-აბებადან ნაირობისკენ აფრენილი “ბოინგ 737 მაქსი” ჩამოვარდა, დაიღუპა 157 ადამიანი.

ნდობა “ბოინგისადმი” შერყეული აღმოჩნდა. ჩინეთმა და კიდევ 50-მდე სახელმწიფომ, მათ შორის ევროპელებმა, აკრძალეს Boeing 737-MAX-8-ის ექსპლუატაცია, რომელიც 2017 წელს გამოჩნდა საავიაციო ბაზარზე და წარმატებული სტარტიც ჰქონდა. თვით შეერთებული შტატების მთავრობამ გაამკაცრა “ბოინგისადმი” მოთხოვნები და შეზღუდვები მე-9 მოდელის “მაქსზეც” დააწესა.

Boeing 737-MAX-8-ს შემდეგი ავიაკომპანიები იყენებდნენ:

  • Southwest Airlines
  • Air Canada
  • American Airlines
  • China Southern
  • Norwegian Air
  • Air China
  • TUI Group
  • Spice Jet
  • WestJet

მაგრამ მათ გარდა, როგორც ცნობილია, ამავე თვითმფრინავს აქტიურად იყენებდა Turkish Airlines-იც, რომელსაც უამრავი ქართველი მგზავრი გადაჰყავს სხვადასხვა მიმართულებით.

უნდა აღნიშნოს, რომ აეროდინამიკა რთული მეცნიერებაა, თვითმფრინავის ყოველი აფრენა გარკვეულ რისკს შეიცავს. დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმფრინავის დახრის გრადუსს, სიმაღლის აკრეფის მანძილზე. ცივ ამინდში სხვა გრადუსია რეკომენდებული, ცხელში – სხვა. დახრის გრადუსში პილოტის შეცდომას არაერთი კატასტროფა გამოუწვევია. კომპიუტერული სისტემის მიზანია, პილოტებს ავტომატურ რეჟიმში დაეხმაროს და ყველა პარამეტრი თავად გათვალოს, მაგრამ თუკი სისტემამ “აურია”, მაშინ კატასტროფა ბევრად უფრო რეალური ხდება.

ყველაფერს ემატება ავიაკომპანიების სიხარბე, მოგების მაქსიმალიზაციის მიზნით. თუკი სამოქალაქო ავიაციის გარიჟრაჟზე კოკპიტში 5 მფრინავი იმყოფებოდა, ახლა იმაზეც საუბრობენ, რომ მთელ რიგ მარშრუტებს 1 პილოტის მომსახურება “ეყოფა”. ეს აშკარა უსინდისობაა.

მიუხედავად ყველაფრისა, სტატისტიკურად, თვითმფრინავი მაინც ყველაზე უფრო საიმედო ტრანსპორტის სახეობად რჩება. საუბედუროდ, სტატისტიკა არ შველის დაღუპულ ადამიანებს. ყველაფერი, ისევ და ისევ, ღვთის ხელშია.

 

მასალა მომზადებულია Reuters, Die Zeit, AirHelp-ის მასალების მიხედვით, “ნიუსფრონტის” მიერ.

კომენტარები:

კომენტარის დამატება