რუსეთის ისტორიიდან: ემელიან პუგაჩოვის აჯანყება ფრანგული ლუიდორებით

სახელგანთქმულმა რუსმა მხედართმთავრმა, ალექსანდრ სუვოროვმა, პეტერბურგიდან იმპერატრიცა ეკატერინეს ბრძანება მიიღო, რომლის მიხედვით, გაძლიერებული დაცვის ქვეშ მას ევალებოდა დონელი კაზაკის ემელიან პუგაჩოვის ექსტრადირება მოსკოვში. მანამდე, ქალაქ სიმბირსკში, 1774 წლის 17 და 18 სექტემბრს აჯანყებულთა დატყვევებულ ბელადს სწორედ მომავალი გრაფი და გენერალისიმუსი უწყობდა დაკითხვას.

ჯერ კიდევ შვიდწლიანი ომის დროს კაზაკი პუგაჩოვი თანამებრძოლებში ახმოვანებდა, რომ პეტრე დიდის ნათლული იყო. თავისთავად ჯარისკაცებს მისი მონაყოლის არ სჯეროდათ, რადგან მეზღაპრე 1742 წელს იყო დაბადებული, ხოლო იმპერატორი პეტრე კი ლამის 20 წლის გარდაცვლილი გახლდათ.

რიგი ბრძოლების მერე მამაცობისთვის დონელ კაზაკს ხორუნჯის წოდება უბოძეს. ემელიანმა მოიმიზეზა ავადმყოფობა და ის დროებით სამკურნალოდ გაუშვეს, თუმცა იმპერატორის სამსახურში არ დაბრუნდა და პოლონეთს მიაშურა, სადაც ნავთსაყუდელი სტაროობრიადელებში ჰპოვა. ზუსტად იქ შეისწავლეს მისი ხასიათი და გადაიბირეს კიდეც პეტერბურგის წინააღმდეგ ემიგრანტებმა, რომელთაც ზურგს ფრანგული აგენტურა უმაგრებდა. რეალურად პარიზში არ ეპიტნავათ ამაყი და ძლიერი საჭეთმპყრობელი და მზად იყვნენ იმისთვისაც კი, რომ ტახტზე სხვა მონარქი ენახათ. მართალია, ცესარევიჩ პავლეს დედასთან კარგი ურთიერთობა არ გააჩნდა, მაგრამ მისი ვარიანტი თავიდანვე გამორიცხეს ფრანგებმა, რადგან საუბრებში აღმოაჩინეს, რომ ტახტის მემკვიდრე იმპერიის ღალატს არ აპირებდა.

რუსეთ-თურქეთის ომი პირველის წარმატებით მიმდინარეობდა და ოტომანთა სულთანისთვის ზავი ზედმიწევნით აუცილებელი იყო. ფორმალურად საფრანგეთის სამეფო ტახტი რუსეთის იმპერიას მხარს უჭერდა. ბურბონთა დინასტიას ხელს არ აძლევდა ზავი მეომარ მხარეებს შორის. ამიტომ საჭიროებამ მოიტანა ომის გახანგრძლივება. კონსტანტინიაში (კონსტანტინოპოლის თურქული სახელი 1930 წლამდე, სანამ მას ოფიციალურად არ უწოდეს ისტანბული), ფრანგმა დიპლომატებმა დაარწმუნეს სულთანი, რომ უარი ეთქვა ზავზე. ფადიშაჰი და მისი გარემოცვა შეშფოთებული იყო, რადგან რუსეთის საიმპერატორო კარი საქართველოში ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა და ამ მხრივ რყევა პეტერბურგის ტახტზე სწორედ ფეხს ამოუკვეთავდა რუსს სამხრეთ კავკასიიდან.

სტაროობრიადელების უმეტესი ნაწილი დევნაში სწორედ პოლონეთს აფარებდა თავს და, ეტყობა, სწორედ მათ ფრანგების საშუალებით თვითმარქვია მეფის სვლა გაათამაშეს. 450 ოქროს რუბლით დასაჩუქრებული ემელიან პუგაჩოვი, რომელიც მას პოლონეთში ემიგრატებმა გადასცეს, იაიცკელ კაზაკებთან გაეშურა.  მგზავრობას ორ თვეზე მეტი დრო დასჭირდა და, როგორც იქნა, მეჩეთნის სლობოდას მიაღწია. იქ დეზერტირმა იღუმენი ფილარეტი მოიკითხა, რომელიც აგრეთვე სტაროობრიადელი იყო და მასთან სასაუბროდ ჩაიკეტა. საუბარმა რამდენიმე საათს გასტანა, რასაც დაკითხვის ოქმში რიგი კაზაკების ჩვენებებიც ადასტურებს.

მოულოდნელად იაიცკს 1772 წლის ნოემბერში იმპერატორი პეტრე III მოევლინა, რომელიც პუგაჩოვი გამოდგა. უკანასკნელი ადასტურებდა, რომ თავისი ბოროტი მეუღლის იმპერატრიცა ეკატერინეს კლანჭს გაექცა და ფიქრობდა, ხალხის დახმარებით გვირგვინი დაებრუნებინა. ცრუპენტელა იმპერატორი თითოეული კაზაკის ოჯახს 12 მანეთს დაჰპირდა და ასე იქცა პუგაჩოვი საჭეთმპყრობელად და რუსი ერისთვის გმირად და განმანთავისუფლებლად. ხალხში ჩანერგილმა იღუმენი ფილარეტის აგენტებმა ოვაცია მოუწყვეს “ნამდვილ” მეფეს და აჯანყება დაიწყო.

განსაკუთრებითი სისასტიკით გაუსწორდნენ ადგილზე ოფიცრობას, ხოლო ცოცხლად დარჩენილ ჯარისკაცებს თვითმარქვია იმპერატორის სამსახურში ჩადგომა შესთვაზეს. დონელ კაზაკებს უსტარიც კი გაუგზავნეს და შესთავაზეს იმპერატრიცას წინააღმდეგ მოქმედება. 1773 წლის 17 სექტემბერს პუგაჩოვის რაზმი 60 კაზაკს ითვლიდა, ხოლო უკვე მეორე დღეს ის 600 კაციანი გახდა. თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ აჯანყებულთა ბირთვს მხოლოდ კაზაკები და გაბრიყვებული გლეხები შეადგენდნენ. თავიდანვე ტყვედ აყვანილი პრეობროჟენსკის პოლკის ჯარისკაცები უარს აცხადებდნენ ფიცის გატეხვაზე. ნაწილს სიკვდილით სჯიდნენ, ხოლო ნაწილს კი ელჩებთან აგზავნიდნენ ახლომდებარე გარნიზონებში.

საიმპერატორო კარის ნაწილი ამ პერიოდში გარკვეული ეჭვით სულმდგმულობდა, რადგან იმპერატორი პეტრეს სიკვდილი თუ მკვლელობა ბურუსით იყო მოცული. ცესარევიჩმა პავლემ დედისგან მალულად ნამდვილი ნადირობა დაიწყო ახლადგამომცხვარი მესაჭის პორტრეტის ხელში ჩასაგდებად. როგორც ირკვევა კიდეც, შეასრულეს მისი ბრძანება. პავლემ დახედა სურათს და სინანულით წარმოთქვა: – მამაჩემს ასეთი ბოროტი სახე არასდროს ქონია. ის არაა პეტრე !

აჯანყებიდან წლისთავზე პოდპოლკოვნიკმა მიხელსონმა საბოლოოდ ჩაახშო აჯანყება. კომისიამ შეისწავლა ზარალი და იმ პერიოდისთვის მატერიალურადაც კი აღრიცხა, რაც კოლოსალური თანხა გამოდგა.

ცრუმეფის ექსტრადირების დროს სუვოროვს და მის რაზმს არაერთხელ მოუწია უცნობი მებრძოლების მოგერიება. თავად პუგაჩოვიც შეშინებული იყო და მას მიაჩნდა, რომ მისი მოკვლა სურდათ თავდამსხმელებს, რადგან სასამართლო პროცესზე არ დაესახელებინა წამქეზებლების ვინაობა.

საიმპერატორო სასამართლო 1774 წლის 19 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა, რომლის მსვლელობის პერიოდში დამნაშავე მუხლებზე იდგა. ორიოდ დღის მერე პუგაჩოვს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

1775 წლის 10 იანვარს ბოლოტნის მოედანზე მთელი მოსკოვი შეიკრიბა, რათა თვითმარქვია მეფის დასჯა ეხილა საკუთარი თვალით. თავის მოკვეთის მოლოდინში ეშაფოტზე მდგომმა დონელმა კაზაკმა ხალხს თვალი გაუსწორა, პირჯვარი გადაიწერა და შესძახა: “მაპატიე, მართლმადიდებელო ერო ! დიდი ცოდვა მადევს და გთხოვთ, გამიშვათ!”

ეკატერინე II-მ დუმილი ამჯობინა და ბურბონთა სამეფო კართან დიპლომატიური კავშირი არ გაწყვიტა, თუმცა ურთიერთობა მათ შორის გაცივდა.

გავა რამდენიმე წელი და თავად ბურბონთა დინასტიის მეფე ლუდოვიკო XVI იმავე ბედს გაიზიარებს, რაც მისი აგენტურის და ფრანგული ხაზინის მიერ წახალისებული ემელიან პუგაჩოვმა გაიზიარა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა…

 

ბექა კვიციანი

კომენტარები:

კომენტარის დამატება