მოლდავეთი თავის ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის დახმარებით აღადგენს!

რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების მქონე მოლდავეთის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა გამოაცხადა ვადები, როდის დატოვებენ რუსეთის ჯარები მოლდავეთის დნესტრისპირეთის რეგიონს. შეგახსენებთ, რომ მდ. დნესტრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ეთნიკური უკრაინელები, მოლდაველები და რუსები სახლობენ, 1992 წლიდან დნესტრისპირეთის რესპუბლიკაა გამოცხადებული, რომელიც ოფიციალურ კიშინიოვს არ ემორჩილება.

მოლდავეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ოპერატიული ჯგუფის საბოლოო გაყვანა მოხდება სოფელ კოლბასნოეში დასაწყობებული შეიარაღებების უტილიზაციის შემდეგ. ამ საწყობში რუსეთის მე-14 არმიის მიერ დატოვებული დიდძალი შეიარაღებაა, რომელიც მოძველდა და საფრთხეს წარმოადგენს.

“2019 წელს რუსმა პარტნიორებმა წამოაყენეს ინიციატივა ამ შეიარაღების უტილიზაციისა და ევაკუაციის შესახებ. მას შემდეგ, რაც შეიარაღება გატანილ იქნება, რუსეთის ჯარებიც გავლენ დნესტრის მარცხენა სანაპიროდან” – აღნიშნა მოლდავეთის პრეზიდენტმა.

რუსების გასვლის შემდეგ, სამშვიდობო მისიას, სავარაუდოდ, ეუთო აიღებს თავის თავზე.

“აუცილებელია ეროვნული კონსენსუსის მიღწევა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამას დროთა განმავლობაში მივაღწევთ. ჩვენ ამ გადაწყვეტის ძიების პროცესში ვართ”.

ინფორმაციისთვის: იგორ დოდონი, მემარცხენე მოლდაველი პოლიტიკოსი, რომელსაც მედასავლეთე ლიბერალები უპირისპირდებიან, რუსეთთან დიალოგის რეჟიმში მუშაობს და მას მოსკოვში ენდობიან. 2019 წლის 24 აგვისტოს მოლდავეთს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ესტუმრა. დოდონ-შოიგუს შეხვედრაზე დაისვა კიდეც რუსული შეიარაღების საწყობის დახურვის საკითხი. ინიციატივა რუსულ მხარეს ეკუთვნოდა. შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, საამისოდ შესაბამისი აღჭურვილობა, ტექნიკა გამოყოს. ამ ინიციატივას მხარი ეუთომ და ფაქტის წინაშე დამდგარმა მოლდავეთის ამერიკელმა პარტნიორებმაც დაუჭირეს. რუსეთმა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში წარმოადგინა მოლდავეთის რეინტეგრაციის გეგმა, რომელიც ერთიან სახელმწიფოს აღდგენას, ნეიტრალური სტატუსით, ითვალისწინებდა. იგორ დოდონი დღესაც ემხრობა ამ ვარიანტს.

 

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება