“მეგობარ” სენატორებს მადა გაეხსნათ – უკვე ბრძანებებს აძლევენ საქართველოს ხელისუფლებას

“ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები…” – ასე იწყება ერთი ძველისძველი სიმღერის ტექსტი. ამერიკელი სენატორები ამ სიმღერას უმღერიან საქართველოს ხელისუფლებას, ოდნავ სხვა სიტყვებით, ეპოქის შესაფერისად:

metronome.ge: ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის დადებულ შეთანხმებას, სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და სენატორი, ჯინ შაჰინი ეხმაურება.

ჯიმ რიშის განცხადებით, ის ელის პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას.

“მე მივესალმები კვირას საერთო განცხადებაში ჩაწერილ დაპირებას, რომელიც მიემართება “ქმედებებს, რომლებიც აღიქმება საქართველოს სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზირებად” და ველი, რომ პოლიტიკური მოტივით დაკავებულები მყისიერად გათავისუფლდებიან.

მე მოხარული ვარ იმ შეთანხმებით, რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარემ მიაღწია და ველი მის სრულ აღსრულებას მომავალი კვირების და თვეების განმავლობაში. წლის დასაწყისში, მე და ჩემმა კოლეგა სენატორმა შაჰინმა პრემიერმინისტრ გახარიას მივწერეთ და გავუზიარეთ უკანასკნელი მოვლენებით გამოწვეული ჩვენი წუხილები და ვურჩიეთ, რომ საქართველოს მთავრობას ბოლო მოეღო დემოკრატიის უკუსვლისთვის.

სიამოვნებით ვამბობ, რომ ეს შეთანხმება არის წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის აღდგენისა და კარგი მმართველობისკენ საქართველოში. რადგან საქართველო ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, აუცილებელია, რომ შეთანხმებული ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს და ყველა მხარისგან მიღებული იყოს”, – წერს სენატორი რიში.

სენატორი შაჰინის კი თქმით, დადებული შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის.

“მსურს ვნახო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი საარჩევნო სისტემის შესახებ დადებული პირობის აღსრულებისკენ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისთვის”, – წერს სენატორი.

კომენტარები:

კომენტარის დამატება