კორონავირუსის გამო, თბილისის მერიაში 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდება შეიზღუდება

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს.

კორონავირუსის გამო, თბილისის მერიაში 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდება შეიზღუდება

შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

„მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონა ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამსახურები სრულად აკონტროლებენ ვითარებას; მთავარია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის.

ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აცნობა, ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საჯარო სამსახურებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბუნებრივია, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ სათანადო ღონისძიებები გაატაროს დედაქალაქის მერიამაც.

პირველ ეტაპზე მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელი მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 13 მარტიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება შემდეგი სერვისების მიწოდება:

მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა;

სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები რომელზე დასწრებაც ჩვენს მოქალაქეებს უწევთ, ასეთებია:

თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის სხდომები); პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე კომისიის სხდომები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები; შეიზღუდება ასევე არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის მიმართულება – ამ კუთხით მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისსა და ათივე სერვის ცენტრში.

ამასთან, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრების მომსახურებით სარგებლობისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას.

დასასრულ აღვნიშნავ იმასაც, რომ თუკი ვირუსის მართვის კუთხით დადგა გარკვეული საჭიროება, მუნიციპალიტეტი მზადაა გაატაროს დამატებითი ღონისძიებები.

ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ საკუთარი მოქალაქეების ვირუსის გავრცელების რისკისგსნ დასაცავად და რა თქმა უნდა, ყველა ერთად, აუცილებლად შევძლებთ მსოფლიოს ამ გამოწვევის დაძლევას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რითმს“, – განაცხადა კახა კალაძემ.