ქართველების წარმოდგენები ევროპაზე თანდათან უარესისკენ შეიცვლება

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა იტალიას უკავშირდება, მათ შორის გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

Copyright: xblickwinkel/McPHOTO/

ეს ერთი შეხედვით, მშრალი ინფორმაცია, პოლიტიკურად რელევანტურია. კორონავირუსით დაავადების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში ქართველების ყოფნას უკავშირდება. დღეს უკვე ყველასათვის აშკარაა, რომ ვერც ცალკე აღებული იტალია და ვერც სრულიად ევროკავშირი ვერ უმკლავდებიან ვირუსის პანდემიას. ერთადერთი იმედი უკავშირდება პანდემიის ბუნებრივ დასრულებას, ავადმყოფობისადმი ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას – მანამ, სანამ ახალი ვაქცინა არ გამოვა ბაზარზე. ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ პარასკევს აღიარა, რომ ევროპაში კორონავირუსის შეჩერება შეუძლებელია.

ევროკავშირი არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, საგანგებო ვითარებაში ეფექტურად იმოქმედოს. ევრობიუროკრატია ყველაზე უფრო ცუდი მენეჯერი აღმოჩნდა სტრესულ ვითარებაში. ასევე გავიგეთ, რომ 21-ე საუკუნის ევროპაში კვლავ არსებობს ჰიგიენის პრობლემა. მანამ, სანამ იტალიიდან მასობრივად დაიწყებოდა კორონავირუსის გავრცელება მთელს ევროპაში, ქართველთა ნაწილი ირონიულად ეკიდებოდა ცნობებს ირანიდან და ამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას ირანის “ჩამორჩენილობას” მიაწერდა. თითქოს ირანს არ გააჩნია მედიცინა, ინფრასტრუქტურა და ა. შ. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა. აღმოჩნდა, რომ ევროპა ამ მხრივ ირანზე ბევრად შორს არ არის წასული.

ქართველთა უმრავლესობის თვალში ევროპა აქამდე ყველაფერ საუკეთესოს უკავშირდებოდა და ჯერ კიდევ უკავშირდება. მართლაც, არის ევროპაში უამრავი კარგი რამ, რაც სხვაგან არ არის. მაგრამ ასევე აღმოჩნდა, რომ ევროპა არ არის საზოგადოების განვითარების და სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის მწვერვალი. პირიქით, ევროპა ამ მხრივ ძალზე მოიკოჭლებს. კომუნისტური ჩინეთი ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ამას უკვე ევროპელებიც აღიარებენ. 10 მარტს ჩინეთის ლიდერი სი ცზიპინი უხანში, კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრში ჩავიდა და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ჩინეთმა ვირუსს უკვე სძლია. მეტიც, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უკვე თავად ეხმარება დანარჩენ მსოფლიოს, მათ შორის, იტალიას და საქართველოს, ებრძოლონ ახალ დაავადებას.

ევროპაზე უფრო ეფექტურები კორეელებიც აღმოჩნდნენ. შედარებისათვის: კორეის რესპუბლიკაში,  დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ცოტა უფრო ნაკლები, ვიდრე 60-მილიონიან იტალიაში, მაგრამ კორეაში კარანტინში სულ მოათავსეს 30 ათასი ადამიანი მაშინ, როდესაც იტალიის ხელისუფლებამ, დაინახა რა საკუთარი უსუსურობა ვირუსთან ბრძოლაში, მთელი ქვეყანა კარანტინზე დასვა – დაკეტა ყველა დაწესებულება, აფთიაქების, კლინიკების და სუპერმარკეტების გარდა. ნაცვლად ამისა, კორეელებმა, ჩინეთის მსგავსად, თავიდანვე მიიღეს აქტიური და თან პროგრესული ზომები,  რითაც თავიდან აიცილეს ასეთი დრაკონული მეთოდების გამოყენების აუცილებლობა. შედეგმაც დიდხანს არ დააყოვნა: კორეაში უკვე ორი კვირაა, მეტი გამოჯანმრთელებული ადამიანი  ტოვებს კლინიკებს, ვიდრე ავადდება. 13 მარტს მხოლოდ 110 ახალი პაციენტი აღინიშნა კორეაში. კორონავირუსით დასნეულებულთა საერთო რაოდენობის მაჩვენებლით, კორეა მეორე ადგილიდან მეოთხე ადგილზე გადავიდა ჩინეთის, იტალიისა და ირანის შემდეგ. კორეა ასევე გამოირჩევა ვირუსისგან სიკვდილიანობის დაბალი ციფრებით.

ამის საპირისპიროდ, იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში – ესპანეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში საგანგაშოდ მატულობს ვირუსით დაავადებულთა და ამ დაავადებისგან გარდაცვლილთა რიცხვი. საშინელი კადრები გავრცელდა ინტერნეტში – იტალიელი სახლში გარდაცვლილ დასთან ერთად მარტოა და არავინ მიდის საშველად! ამის შემდეგ ძნელია, არ შეგეცვალოს წარმოდგენა ევროპაზე, როგორც მსოფლიოში ყველაზე უფრო საიმედო ადგილზე.

საქართველოში, ლიბერასტების პარპაშის მიუხედავად, აუცილებლად მოხდება მსოფლიოს შესახებ წარმოდგენების გადაფასება, ყალბი ოცნება ადგილს დაუთმობს რეალურ აღქმას.

 

გულბაათ რცხილაძე

კომენტარები:

კომენტარის დამატება