მარნეულის შემთხვევა გახლავთ შიდა გადაცემა – ამირან გამყრელიძე

რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ახალი კორონავირუსით მარნეულში ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ მძიმედ რჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხზე, „მოამბეში“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტის დის სინჯებზე პირველი პასუხი საეჭვოდ დადებითი იყო, მეორედ უარყოფითი, ხვალ კი, კვლავ ჩაუტარდება ტესტი.

„ამ პაციენტის დასთან დაკავშირებით, პირველი პასუხი გახლდათ საეჭვოდ დადებითი, გადამეორდა და იყო უარყოფითი, ხვალ მესამედ გამეორდება. ეს პირველი ფაქტია, როდესაც ჩვენ ჯერ ვერ გავედით წყაროზე და დიდი ალბათობით, ვერც გავალთ და ეს გახლავთ სწორედ შემთხვევა, როდესაც გვაქვს შიდა გადაცემა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მის თქმით, შესაბამისად, საჭიროა ზომების კიდევ უფრო გამკაცრება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად.

„მოგეხსენებათ, გუშინ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამავე დროს მარნეულში ეს ე.წ. შიდა გადაცემის შემთხვევა ფიქსირდება, სადაც შესაძლოა, იყოს დაზიანებული ჯგუფი ადამიანებისა და მათი კონტაქტების მოკვლევა აქტიურად მიმდინარეობს. ამიტომაც გამკაცრდა ასევე თვითონ მარნეულსა და ბოლნისში კიდევ ღონისძიებები. დაახლოებით 90 ადამიანი იდენტიფიცირებულია, ვინც იმ სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდნენ. პლუს დაახლოებით 25-მდე გახლავთ სამედიცინო პერსონალი, რომლებიც იმ ჰოსპიტალში, სადაც პაციენტი იყო მოთავსებული, დღეს კარანტინში არიან და განაგრძობენ მუშაობას კარანტინის პირობებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობილი გახდა, რომ შუახნის ქალი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს.

ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში  მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარები:

კომენტარის დამატება