ჩინეთი ვუჰანის იზოლაციას 8 აპრილს დაასრულებს

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 8 აპრილს, ვუჰანში და ჰუბეის პროვინციის კიდევ რამდენიმე ქალაქში, დასრულდება უკიდურესი იზოლაცია, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება.

8 აპრილიდან 60 მილიონიანი ჰუბეის პროვინცია, ნელნელა, ცხოვრების შედარებით ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ჩაკეტილი ქალაქების მოქალაქეებს მიეცემათ სამსახურებში გასვლის უფლება, თუმცა, ჯერ კიდევ შეიზღუდება და მკაცრად გაკონტროლდება მათი ქუჩაში გადაადგილება. ქალაქებში შესვლა და გასვლა შესაძლებელი იქნება მათთვის, ვისაც ტელეფონში შესაბამისი მწვანე QR-კოდი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაინფიცირებულები არ არიან, ავად არ არიან, კონტაქტი არ ჰქონიათ დაინფიცირებულ პირთან და საფრთხეს არ წარმოადგენენ დანარჩენი საზოგადოებისთვის.

„ამ დღეს დიდხანს ველოდი“ – ემოციებს ვერ მალავს ჩაკეტილი ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი, ფოტოგრაფი ბო ჰანლინი, რომელმაც 2 თვე საკუთარ სახლში, იზოლაციაში გაატარა.

ვუჰანი, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქი და სწორედ ის ადგილია, სადაც, გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, კორონავირუსი აფეთქდა, მთელ სამყაროში გავრცელდა და ამ დრომდე დაუმარცხებელ პანდემიად იქცა. 11 მილიონიანი ვუჰანი, ისევე როგორც ჰუბეის სხვა ქალაქები, ამ ხნის განმავლობაში უმკაცრეს იზოლაციაში იყო. ჩაკეტილი იყო ქალაქებში შესვლა და გასვლა. მკაცრად კონტროლდებოდა მოსახლეობის ქუჩებში გადაადგილება.

ჩინეთში დაინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე მცირდება. ბოლო მონაცემებით საავადმყოფოში რჩება 4735 პაციენტი.

ქვეყანაში, ვირუსის გავრცელების დღიდან, დაავადდა 81171 ადამიანი. გარდაიცავალა 3227 და გამოჯანმრთელდა 73159, რაც დაინფიცირებულთა 90,13%-ს შეადგენს. ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 7 ადამიანი. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების პიკი უკვე გადავლილია.

წყარო: Report.ge 

კომენტარები:

კომენტარის დამატება