ჩვენთან სისტემამ იმუშავა, ვინაიდან ყველა რგოლში იყო ის ადამიანი, ვინც უნდა ყოფილიყო

ჩვენთან სისტემამ იმუშავა იმიტომ, რომ ყველა რგოლში იყო ის ადამიანი, ვინც უნდა ყოფილიყო – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა. ცერცვაძის თქმით, მთავრობის ნაბიჯები და გათვლები იყო სწორი და დროული.

„ჩვენ პრობლემებს თავი გავართვით, რადგან საჭირო დროს საჭირო თანამდებობებზე აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც უნდა ყოფილიყო. ყველაზე დაბალი რანგის ეპიდემიოლოგით დაწყებული, დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობით დამთავრებული, ასევე მინისტრები და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი. ძნელი წარმოსადგენია, ესენი რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენი შეზღუდული ეკონომიკური რესურსების პირობებში და იტალიელების არ იყოს, ლაღი არაკანონმორჩილი ბუნების პირობებში, მოხერხდებოდა თუ არა ასე საათივით აწყობილი საპასუხო ზომების მიღება. ჩვენთან სისტემამ იმუშავა იმიტომ, რომ ყველა რგოლში იყო ის ადამიანი, ვინც უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 70 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

კომენტარები:

კომენტარის დამატება