კამპანია “სახლში დარჩი” კი არა, მთავრობავ, სასწრაფოდ გაატარე ეს ზომები!

მიმდინარეობს კამპანია, დაწყებული დასავლეთში, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს, გადაედო – „დარჩი სახლში!“ ვიდეომიმართვებით გამოდიან ჰოლივუდის ვარსკვლავები, ჩვენთან – მთავრობის მხარდაჭერილი ადგილობრივი „ბომონდის“ წარმომადგენლები და უბრალო ხალხს მოუწოდებენ სახლებში დარჩენას. ამასვე აკეთებენ ექიმები.

ჩვენზე „მზრუნველებს“ შეგვიძლია, ვუთხრათ, რომ მათი სახლში დარჩენა და უბრალო ადამიანების სახლში დარჩენა ერთი და იგივე არ არის. ჯერ თვითონ სახლი –  საქართველოს მთავრობის რომელიმე წევრის სახლი (სახლები!) და უბრალო მოქალაქის საცხოვრისი ერთი და იგივეა? დალოცვილო, შენ ამდენი ბინა გაქვს, კეთილმოწყობილი, თუ მოგინდა, ლამის ფაეტონს გააჭენებ შიგნით და შენი ცხოვრების პირობებით კმაყოფილზე უფრო კმაყოფილი, გამოდიხარ მოწოდებით, „სახლში“ – 40-50 კვადრატულ მეტრზე, გამოიკეტოს ხუთსულიანი ღარიბი ოჯახი, ამაზე არ გიფიქრია?!

იმაზე რაღა ვთქვათ, სახლში გამოკეტილმა ღარიბმა ოჯახებმა რით იშოვონ ფული? რამე შეღავათი გაუკეთეთ, გარდა საბანკო ვალების ფარისევლური, 3-თვიანი ვითომ გადავადებისა? ისე “გლიჯეთ” საგანგებო მდგომარეობა, რომ  დანაზოგების გარეშე მყოფ მოსახლეობას არაფრის შანსი არ დაუტოვეთ! “წყალსადენი” და “გაზის კანტორა” ხალხს ამ ე. წ. საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც უჭრიან მილებს! მიკროსაფინანსოები ყურს არ იბერტყავენ, ისე ითხოვენ ვალების გადახდას – ამ დროს კი, ვალუტის კურსი გაგექცათ და მალე ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობს, ისეთი ამბავი იქნება – რა “კორონა”, რის “კორონა”!

მთავრობას მოვუწოდებთ, ახლავე მიიღოს გასატარებელი მინიმალური სოციალური ღონისძიებების პაკეტი:

  1. ბანკებს და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს დაეკისროთ ვალდებულება (და არა ნებაყოფლობით, როგორც ახლაა), ფიზიკურ პირებზე სამი თვით გადაავადონ ყველა ტიპის სესხის მომსახურება, თუკი მოქალაქე ამის საჭიროებას განიცდის;
  2. ფიზიკურ პირებს დაეწიოთ საგადასახადო პროცენტები არსებულ ვალებზე – 1/3-ით კლება არ გააკოტრებს ბანკებს;
  3. ერთადერთი ბინით უზრუნველყოფილი იპოთეკური სესხების პროცენტი განახევრდეს;
  4. სახელმწიფომ კონტროლი დაამყაროს სააფთიაქო ქსელებში არსებულ ფასწარმოქმნაზე და გამოავლინოს, ის, რაც ყველამ ვიცით – კარტელური გარიგებები მსხვილ აფთიაქარებს შორის!
  5. გადაიდგას პირველი ქმედითი ნაბიჯები სოფლის მეურნეობაში პრიორიტეტული დარგების გამოსაყოფად, განისაზღვროს, თუ რა პროდუქტებით შეუძლია საქართველოს, საკუთარი თავის მომარაგება, სახელმწიფოს ხელშეწყობის პირობებში და მოხდეს ამ დარგებისთვის სპეციალური საკანონმდებლო და კომერციული შეღავათების შექმნა.

ეს არის ის მინიმუმი, რაც უნდა გაკეთდეს. ქვეყანაში არიან კვალიფიციური ეკონომისტები და სხვა დარგების სპეციალისტები, რომლებიც ამ მონახაზს ბევრად უკეთესად ჩამოაყალიბებენ, შეცვლიან და სხვა საჭირო წინადადებებსაც წარმოადგენენ. მთავარია, მთავრობას ამის პრინციპული სურვილი ჰქონდეს !

 

გულბაათ რცხილაძე

კომენტარები:

კომენტარის დამატება