სხვის იმედი არ უნდა გვქონდეს; საქართველოს ინტერესები – უპირველეს ყოვლისა!

ბუნებაში ყველა უარყოფით მოვლენას აქვს თუნდაც სულ მცირე დადებითიც, ამ  სიტყვის სწორი გაგებით.  საქართველოს  მოსახლეობამ,  კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული დღევანდელი  ვითარების ფონზე დაინახა და დარწმუნდა, რომ  კატაკლიზმების შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის და თავის  გარდა არავის იმედი არ უნდა გვქონდეს. არც ერთი ქვეყნის, რაოდენ ძლიერი ეკონომიკაც არ უნდა ჰქონდეს მას.  რაოდენ ძლიერადაც არ უნდა გვიმტკიცებდეს თანადგომას და მეგობრობას.

ღმერთმა ნუ ქნას და  ვირუსის ეპიდემია დიდ ხანს გაგრძელდეს.  ჩვენს ქვეყანაში,  სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ შემდგარ და მოუმზადებელ  სახელმწიფოში, კოლაფსი გარდაუვალია. მიუხედავად არსებული ადამიანური  და ჯერ კიდევ შემორჩენილი  მაღალი პროფესიული რესურსებისა, ჩვენი დანაშაულებრივად დაგეგმილი და მართული, თითქმის მთლიანად იმპორტზე დამოკიდებული  ეკონომიკა, სხვა ქვეყნებისაგან  განსხვავებით, ძალიან მალე ჩამოიშლება.

ძალიან საინტერსო იქნება, ეპიდემიის უკან დახევის შემდეგ, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა დადოს მონაცემები, ამ მძიმე პერიოდში, საზღვარგარეთის  ქვეყნებთან სავაჭრო ტვირთბრუნვის დინამიკის შესახებ.  ასევე გამოიკვლიოს,  რომელმა  ქვეყანამ, მეგობარმა და არამეგობარმა, რა პოზიცია დაიკავა  საქართველოსთან, მისთვის  განსაკუთრებით აუცილებელი და პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების მიწოდება- ვაჭრობასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვხედავთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ისეთი განვითარებული ეკონომიკის, ისეთი დახვეწილი კანონმდებლობის  და რეგულაციების  მქონე ქვეყნებშიც კი, როგორიც ევროკავშირია. ეპიდემიამ და პანიკამ, მოკლე პერიოდშივე სერიოზული დარტყმა მიაყენა ერთი შეხედვით  მონოლითური გაერთიანების ერთობას და საერთოდ ასეთი გაერთიანების იდეას.

ჩვენმა მოსახლეობამ უნდა დაინახოს და დარწმუნდეს, რომ ჩვენ ფაქტობრივად არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია შედარებით ხანგრძლივი გამოწვევის შემთხვევაში. რომ უცხოელი ვიზიტიორების მიერ ქვეყანაში შემოტანილ რესურსებზე,  უცხოეთში  ლეგალურად და არალეგალურად დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების ფულად გზავნილებზე  დაფუძნებული ეკონომიკა ძალიან მყიფე და სახიფათოა, რადგან იგი შეიძლება ძალიან მოულოდნელად და სპონტანურად  გაჩერდეს.

ასეთ შემთხვევაში და საერთოდ ზოგადად, ქვეყანას უნდა გააჩნდეს,  თუნდაც ცოცხალი ორგანიზმის ბიოლოგიური არსებობისათვის საჭირო ელემენტარული საკვები პროდუქტების რესურსი.  სხვა დარგებზე აღარ არის ლაპარაკი, მაგრამ საქართველოს, ტრადიციული მიწათმოქმედების ქვეყანას,  არ შეიძლება,  ასეთი განზრახ გაპარტახებული სოფლის მეურნეობა ჰქონდეს.  არ შეიძლება ნებსით თუ უნებლიედ  ამ გაპარტახების პროცესის  ხელშეწყობა.

ნურავინ იტყვის რომ, ხშირად გარედან ნაკარნახევი, რაღაც ერთეული, მოჩვენებითი და  მიზნობრივი პროგრამები და დოტაციები სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს.  მთავარი დაბრკოლება  და პრობლემა სულ სხვა რამეშია.  გაპარტახების მიზეზი  სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თავსმოხვეულ ვალდებულებებსა და რეგულაციებში უნდა ვეძებოთ,  რადგან  ხშირად  ასეთი ორგანიზაციების უკან მათი დონორი ქვეყნებისა და ბიზნესჯგუფების, ჩვენთვის არც თუ მისაღები ინტერესები დგას.

მაგალითისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ძალიან მარტივად გაეცნონ ყველასათვის ხელმისაწვდომ მონაცემებს თუ რამდენ ქვეყანაში იზღუდება , ან სულაც გამოაძევეს და აუკრძალეს საქმიანობა საერთაშორისო სავალუტო ფონდს ან სხვა მსგავს ორგანიზაციებს.  გავიხსენოთ  ასეთი „მეგობარი“ ინსტიტუტების  პირველი გამოჩენა და რეკომენდაციები საქართველოში.  მაგალითისათვის შადმან ვალავის „დარიგებანი“ ქართველ მევენახეებს და  ვენახების ნებაყოფლობითი გაჩეხვის დაფინანსება.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა არ ნიშნავს ელემენტარული უცხოური პროდუქციის უკონტროლო თარეშს ქვეყნის შიდა ბაზარზე  და  საკუთარი მეურნეობის განადგურებას.  ყველა თავმოყვარე  ქვეყანა საკუთარი წარმოების  მხარდაჭერას  მოქნილი და გონივრული საბაჟო კანონმდებლობით ახორციელებს.  ეს  სავსებით შესძლებელია და ამ რეგულაციებს ამ ორგანიზაციის ყველა წევრი იყენებს.   თუ  ჩვენი ღარიბი სახელმწიფო ფერმერს მატერიალურად ვერ ეხმარება, მისი დაცვა და ხელშეწყობა  ნამდვილად შეუძლია.

ასევე არ შეიძლება   სტრატეგიული და მთელი მსოფლიოსათვის ყველაზე მიმზიდველი ბაზრების  იგნორირება.  მტრულად განწყობილი ქვეყანა და სუბიექტი ყოველთვის  დაგაზიანებს და, სამწუხაროდ, ეს ბუნების კანონია. სწორედ ამას უკავშირდება ის უზარმაზარი ზარალი და ნეგატივი, რასაც ჩვენ აქედან ვიღებთ და ზოგჯერ  ხელოვნურად ვაღვივებთ. ყველანაირი მოლაპარაკება, თვით ყველაზე დამამცირებელიც კი, რაღაც წერტილიდან იწყება.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვინ წარმოიდგენდა  რომ გერმანია და რუსეთი ასეთ  დაუახლოვდებოდნენ ერთმანეთს.

როგორც ამბობენ ჭკვიანი ადამიანები (საზოგადოება),  შეცდომებზე არ ღიზიანდებიან,  ჭკვიანი ადამიანები (საზოგადოება)  აკეთებენ შესაბამის და სწორ დასკვნებს.  ჩვენ  ძირეულად უნდა გადავხედოთ ჩვენს ქცევებს და დამოკიდებულებებს  გარე სამყაროსთან, რადგან გვინდა თუ არა, ეს  გარკვეულწილად განაპირობებს  თვით  არაფერთან კავშირში მყოფი ვირუსის „ქცევასაც“ კი.

ქართველები ბუნებით იდეალისტები ვართ.  ძალიან გვიყვარს საკუთარი და საამაყო ნამდვილად ბევრი გვაქვს, მაგრამ მოსახლეობის გარკვეულ  ნაწილს უცხო ქცევებისა და მენტალიტეტის გადმოღება -„კოპირებაც“ გვიყვარს.  ჩვენ ხშირად ზედმეტად მიმნდობებიც ვართ და გვგონია რომ  ვიღაც კეთილი აუცილებლად მოაგვარებს ჩვენს პრობლემებს, რომ ვიღაც მდიდარი აუცილებლად დაგვეხმარება რადგან ბევრი აქვს. და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, გვგონია რომ ის რაც მისაღებია დანარჩენი მსოფლიოსათვის, მისაღები უნდა იყოს ჩვენთვისაც.

ამას თუ ეკონომიკური ტერმინოლოგიით გამოვთქვამთ, მივალთ ერთ ჭეშმარიტებამდე, რომელიც თავისი მნიშვნელობით მოთხოვნა-მიწოდების კანონის ტოლფასია. ეს არის აქსიომა და ამაზე არავინ დაობს.  სიტყვასიტყვით ის შემდეგნაირად გადმოიცემა – ის რაც მისაღები და კარგია ერთი ეკონომიკური სუბიექტისათვის, სულაც არ არის კარგი სხვებისთვის და ბევრისთვის.  ყველაფრის გადმოღება და „გაღება“ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის უბრალოდ დამღუპველია. ეროვნულობისა და სუვერენიტეტის გარდა  ჩვენ  ჩვენი და მათ შორის ბაზარიც უნდა დავიცვათ,  ფრანგმა –  თავისი, და ეს სავსებით ლოგიკური და აუცილებელია.

კიდევ ვიმეორებთ, რომ  ჩვენი ღარიბი ქვეყანა და  ეკონომიკა  ქმედითად  და  მატერიალურად ვერც ერთ დარგს ვერ დაეხმარება. სამწუხაროდ,  ეს არის რეალობა და ამას ყველა უნდა ხვებოდეს. ვერცერთი ხელისუფლება ბუნებაში არ არსებულ მატერიალურ დოვლათს  მოსახლეობას ვერ გაუნაწილებს.  ვერც თვითოზოლაციაში  მოვექცევით  და  იმპორტს საზღვრებს ვერ ჩავუკეტავთ.  ეს არარეალურია.  მაგრამ  თითზე ჩამოსათვლელი სტრატეგიული დარგების დაცვა და ამით მათი სტიმულირება  შეგვიძლია.

მაგალითისათვის თუნდაც საფრანგეთის საბაჟო პოლიტიკა კმარა, რომელიც  უცხოელს ქვეყნის ტერიტორიაზე ორ ბოთლ ღვინოზე მეტის შეტანას უკრძალავს.  მიუხედავად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობისა, უამრავი ლოკალური რეგულაცია შეიძლება გამოვიყენოთ  ჩვენის დასაცავად რომ მერე არ გვეშინოდეს რომ დავიმშევით , თუ ეგვიპტიდან ბადრიჯანი და ნიორი არ შემოვა,  ან  თურქეთიდან  ფქვილი და  კვერცხი.

არ შეიძლება საზოგადოებას არ ადარდებდეს და არ ფიქრობდეს, თუ რატომ ანაცვლებს ადგილობრივ პირველადი აუცილებლობის, ბიოლოგიურად სასიცოცხლო საკვებ პროდუქტს, უცხოური და გაურკვეველი წარმოშობის  პროდუქცია.  ამის წარმოება ხომ სავსებით რეალურია ადგილზე, თუ მათ უცხოურის უკანონო და ხშირად კორუფციული არხებით შემოდინებას აღვკვეთავთ. თუ გამოვიყენებთ არგუმენტირებულ და გონივრულ რეგულაციებს.

ფრანგული ღვინის პოლიტიკაზე  ვლაპარაკობდით და რომელ ადგილობრივის დაცვაზეა საუბარი.  ფერმერებს კილოგრამ ყურძენში 70 თეთრს უხდიან, მაშინ როდესაც მისი მოყვანა და დაბინავება 50 თეთრამდე ჯდება.  იცით რატომ ხდება ასე?  იმიტომ  რომ  დღევანდელი ტექნოლოგიებით ღვინის წარმოებისათვის ყურძენი სულაც არ არის საჭირო.  იმიტომ, რომ რომ  სურსათის კონტროლის სამსახური ჯეროვნად არ მუშაობს.  განა სასაცილო არ არის, რომ ღვინის ქვეყანაში უკონტროლოდ შემოედინება სპირტი  და რეალიზებული ჩამოსასხმელი ღვინოების 90% ფალსიფიცირებულია. ერთი ლიტრი იმპორტირებული სპირტი წარმატებით ანაცვლებს  დაახლოებით  30  კილოგრამ ყურძენს,  ხოლო ერთი ფალსიფიკატორი, დაახლოებით  200 ფერმერს.

ტურისტულ ბაზარზე ადრე მოგახსენებდით თუ როგორ შეუზღუდავად მოქმედებენ უცხოელი ოპერატორები და როგორ გაედინება გარეთ ჩვენს ტერიტორიაზე შექმნილი სერვისის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი. რაც გაგვაჩნია იმასაც ვერ ვიყენებთ და მისი რეგულირება ელემენტალურ სურვილს მოითხოვს მხოლოდ.   სატრანზიტო ქვეყანა გვქვია და  უცხოელი რეზიდენტების ტრანზიტული გადაადგილების  ფასი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისოს.  ან  შეესაბებოდეს  თუნდაც იმ ქვეყნების სატრანზიტო ფასებს, რომლების  ჩვენს ქვეყანას სატრანზიტოდ იყენებენ.   ეს ჩვენს მწირ ბიუჯეტს  ნამდვილად არ აწყენდა.

თვით კლასიკური საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშიც კი დიდი ხანია აღარ  აღიარებენ ე.წ. „უხილავი ხელის თეორიას“, რომ ბაზარი თვითონ არეგულირებს მოთხოვნა-მიწოდებასა და ფასებს.  სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოსახლეობა – თავისუფალი ბაზრის   ბუნების „ველურ“ ნაწილში.  ღარიბ ქვეყანაში, სადაც არ არის სახელმწიფო დოტაციის საშუალება,  ფასები პირველადი მოთხოვნილების  საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე  აუცილებლად უნდა უნდა ექვემდებარებოდეს  გონივრულ რეგულაციებს.

ჩვენც  და დანარჩენი მსოფლიოც აუცილებლად გამოვალთ ამ  მძიმე მდგომარეობიდან, რომელიც საზოგადოების ყოველ წევრს შეეხო.  მათ შორის ჩვენს  მიერ არჩეულ  და დანიშნულ  ხელისუფლების  წევრებსა და მათ ოჯახებს.  ყველამ კარგად დავინახეთ, თუ რაოდენ უძლურნი ვართ მსგავსი განსაცდელის  წინაშე,  როგორი  მაღალიც არ უნდა იყოს ჩვენი სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობა.  ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ  სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეასრულონ თავისი პირდაპირი მოვალეობები, რათა ჯეროვნად გამოიყენონ და გამოგვაყენებინონ ის რესურსი, რაც გაგვაჩნია.

დიდი იმედი გვაქვს, რომ  ქართულ  საზოგადოებაში მოხდება ბევრი რამის გადაფასება, შეიცვლება  ჩვენი  მოთხოვნილებანი და  პრიორიტეტები.  აქცენტები უნდა გაკეთდეს არა  პოლიტიკურ სპეკულაციებზე  და ქვეყნის გარე ძალებთან კეკლუცობაზე, არამედ ქვეყნის შიგნით არსებული პოტენციალის  აღორძინება-გამოყენებაზე.  ჩვენ უკვე საკმაოდ ბევრი გვაქვს მოსმენილი და ნასწავლი, ასევე  ჩვენგან  სხვებისთვისაც სასწავლი.  დიდი იმედი გვაქვს, რომ  ჩვენ აუცილებლად შევიცვლებით და შევცვლით ბევრ რამეს უკეთესობისაკენ.

 

დავით აბულაძე

კომენტარები:

კომენტარის დამატება