თითქოს მტვერი შეგაყარეს ფილტვებში – რას ყვება ესპანეთში მცხოვრები გოგონა

ესპანეთში მცხოვრები ქართველი ძალიან ემოციურ პოსტს აქვეყნებს “ფეისბუქზე”, საქართველოში შექმნილ ერთ- ერთ ჯგუფში, სახელად – კორონავირუსი/COVID -19. გოგონა, რომელიც თვლიდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ წესებს და რეკომენდაციებს ითვალისწინებდა, ჰყვება, როგორ განუვითარდა მას COVID-19.

„ვირუსი სირცხვილი არაა, ის შეიძლება ყველას შეხვდეს, რადგან მას არც ფერი აქვს და არც ანათებს“, – მიმართავს ქართველი გოგონა საზოგადოებას.

,,დაახლოებით 10 დღის წინ დამეწყო ყელის ტკივილი, არ მქონდა სურდო, არც ცემინება. იმავე დღეს დამეწყო მშრალი ხველება. მეგონა, გაციებული ვიყავი და დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. მე-3 და მე-4 დღე ალბათ იყო ყველაზე რთული. სუნთქვის პრობლემები შემექმნა და ფილტვებიდან ყოველ ჯერზე ჰაერის ჩასუნთვა, ამოსუნთვა იყო ტკივილთან დაკავშირებული. შეგრძნება ვეცდები აღვწერო. თითქოს მტვერი შეგაყარეს ფილტვებშიო და ჟანგბადს ვერ იღებ, ან კიდევ დამსხვრეული ბოთლის პატარა ნაწილაკები რომ გერჭობოდეს“,– ამბობს კორონავირუსით დაინფიცირებული.

გოგონა ტელეფონით დაუკავშირდა ექიმს, აუხსნა სიმპტომების და მდგომარეობის შესახებ და მან ურჩია, რომ დარჩენილიყო სახლში, რადგან მაღალ რისკ-ჯგუფში არ შედიოდა, იმიტომ რომ იგი ყველა მითითებულ რეკომენდაციას იცავდა. რამდენიმე დღეში კი გაიგო, რომ მეგობარს, რომელიც მადრიდში იმყოფებოდა, იგივე სიმპტომები ჰქონდა და დაუდასტურდა კორონავირუსი. მეგობრის დაინფიცირების შესახებ რომ გაიგო, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინა.

მე-5, მე-6 დღეს სუნთქვა უფრო მიძნელდებოდა და ამას დაემატა სიცხეები. სიცხეები არც ისე მაღალი მქონდა 37.8 , 37.9. პარაცეტამოლით ვაგდებდი და ჩემს უჟანგბადობას ინგალატორით ვებრძოდი, მაგრამ დიდად არ მეხმარებოდა. საუბარი მიჭირდა, იმიტომ რომ ისტერიკული ხველა მემართებოდა. ამიტომ, უმეტესად ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი და ჩუმად“,- ჰყვება გოგონა.

კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა, რადგან საფრთხე არ შეექმნა სხვა ადამიანებისთვის. მას იქ ჩაუტარეს ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია, დაუნიშნეს მედიკამენტები და სახლში გამოუშვეს. ის ახლა სახლში აგრძელებს კორონავირუსთან ბრძოლას და ამბობს – „რაც მთავარია განეწყვეთ დადებითად. არ აჰყვეთ ნერვებს. ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და უფრო გაგიგრძელდებათ.“

მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, შვილები რაც შეიძლება მალე ჩაიხუტოს გულში. ყველას მოუწოდებს, რომ თუ რაიმე პატარა სიმპტომსაც კი იგრძნობს ადამიანი, აუცილებლად დროულად მიმართოს შესაბამის ორგანოს, რათა თავიდან აიცილოს გართულებები.

„ნუ გეშინიათ, თუ მე შევძელი, თქვენც აუცილებლად შეძლებთ გამკლავებას,“ – მიმართავს ის ყველა ადამიანს, ვინც  COVID-19-ით დაინფიცირებულია.

კომენტარები:

კომენტარის დამატება