“სად არის ეკლესიის კლასტერი?! პირველს მე უნდა მქონდეს ვირუსი“ – მამა შალვა

სამების ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარის მამა შალვა კეკელიას თქმით, ჩასაფრებულების მოლოდინი არ გამართლდა და არც გამართლდება.

"სად არის ეკლესიის კლასტერი?! პირველს მე უნდა მქონდეს ვირუსი“ – მამა შალვა

„ბზობას რაც ხალხი იყო, იმის ნახევარიც არ მოვიდა აღდგომას. რა ხანია, რაც ვირუსია და ამ ხნის მანძილზე წირვას ვატარებთ და ხალხი ეზიარება. პირადად მე უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება, თავი არასდროს დამიცავს.

თუ ეკლესიის კლასტერზე საუბრობდნენ, სად არის ეს კლასტერი?! პირველს მე უნდა მქონდეს ვირუსი.

ეს მიზანმიმართული პანიკა იყო. როგორ შეიძლება ეკლესიის წინააღმდეგ ადამიანმა ასე ისაუბროს. ყველა ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რას ნიშნავს საეკლესიო კლასტერი?! ეს დამოკიდებულება მიუღებელია.

მაგალითად, რატომ არ ატყდა ასეთი ამბავი მარნეულზე, სადაც ქუჩაში ყოველგვარი დისტანციის დაცვის გარეშე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი? ერთი დღე ისაუბრეს და ეს ამბავი დასრულდა. ვინმე ითხოვს მათ დაჭერას, ციხეში ჩასმას ან დაჯარიმებას, როგორც ეს მღვდელმსახურების მიმართ გვესმოდა?!

ეკლესიაზე ყოველ დღე ლაპარაკობენ. ვინც ეკლესიის თემაზე აქტიურები იყვნენ, მარნეულზე რატომ არაფერს ამბობენ?!

რეალურად, ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილი, სხვა რა უნდა იყოს“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.