სიმართლე ლენდ-ლიზის შესახებ ანუ ვის და რატომ ეხმარებოდა ამერიკა

ამერიკული პროპაგანდა დღემდე ჩაგვჩიჩინებს, რომ საბჭოთა კავშირმა ნაცისტურ გერმანიას მხოლოდ ამერიკული დახმარებით, „ლენდ-ლიზის“ პროგრამის საშუალებით, გაუძლო. ამ პროპაგანდას აყოლილი საზოგადოების ნაწილს არ აწყენდა ზოგიერთი ელემენტარული ფაქტის ცოდნა.

სიმართლე ლენდ-ლიზის შესახებ ანუ ვის და რატომ ეხმარებოდა ამერიკა

ჯერ იმით დავიწყოთ, რომ საბჭოთა კავშირისთვის დახმარების პროგრამა თავად შეერთებული შტატების ინტერესებში შედიოდა, ვინაიდან მისი მთავარი მოკავშირის, დიდი ბრიტანეთის ბედი, სწორედ გერმანია-სსრკ-ის ომში წყდებოდა. საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის დღეს, 1941 წლის 22 ივნისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა, რადიოს საშუალებით განაცხადა:

„საფრთხე, რომელიც რუსეთს ემუქრება, ჩვენც და შეერთებულ შტატებსაც გვემუქრება“. ამიტომაც, ჩერჩილმა საჯარო პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი „რუსეთს და რუს ხალხს აღმოუჩენს ყოველგვარ შესაძლო დახმარებას“ (აქვე შევნიშნავთ, რომ განსხვავებით რუსებისაგან, რომლებიც საბჭოთა კავშირის ყველა ერს სცემდნენ პატივს, დასავლეთში ამ ერებს სათვალავში არ აგდებდნენ და საბჭოთა კავშირს რუსეთად მოიხსენიებდნენ – ეს ანგლო-ამერიკული ტრადიცია სსრკ-ის ბოლო დღეებამდე გაგრძელდა).

24 ივნისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ფრანკლინ დელანო რუზველტმა გამოაცხადა საბჭოთა კავშირისთვის ამერიკის მხრიდან „ყველანაირი შესაძლო დახმარების“ შესახებ. ამ დახმარების მთავარი მიმღები არა საბჭოთა კავშირი, არამედ დიდი ბრიტანეთი გახლდათ. „ლენდ-ლიზის“ პროგრამით გამოყოფილი 46 მილიარდი დოლარიდან 1941-1945 წლებში ბრიტანეთის იმპერიას 30 269 მლნ. დოლარი მოხმარდა, საბჭოთა კავშირს კი – 9 800 მლნ. დოლარი (დანარჩენი თანხა საფრანგეთზე, ჩინეთზე, ლათინური ამერიკის ქვეყნებზე და ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაზე გადანაწილდა).

ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს საბჭოთა კავშირისთვის დახმარების გაწევა და ომის მსვლელობისას, მას მართლაც მიაწოდეს უამრავი დასახელების პროდუქცია, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ხასიათის, ტექნიკა-შეიარაღება, საკვები პროდუქტები… ასე ჩამოყალიბდა ანტიჰიტლერული კოალიცია სსრკ-ის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მოთავეობით. მაგრამ, არასგზით არ უნდა დაგვავიწყდეს ამ დახმარების წილი საბჭოეთის მთლიან წარმოებაში. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების მიერ წარმოებული შეიარაღებების მიმართ,  ამერიკულ-ბრიტანული შეიარაღებები, ძირითად პოზიციებზე, 10%-ს შეადგენდა თვითმფრინავებზე, 12%-ს ტანკებზე, 2%-ს ქვემეხებზე. სამაგიეროდ, უფრო მაღალი წილი ჰქონდა „ლენდ-ლიზის“ დახმარებას საბჭოთა კავშირში წარმოებულ კვების პროდუქტებთან მიმართებით – ტონაჟის მიხედვით, 30%. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ იყო საჩუქარი. როგორც თავად სიტყვები „ლენდ-ლიზი“ გვეუბნება, ადგილი ჰქონდა სესხებას – lend – „სესხად გაცემა“ და lease – „გაქირავება“, „არენდა“. ვალის დაბრუნება, საბჭოთა კავშირის და შემდგომ უკვე რუსეთის მხრიდან, ძალიან დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა და საბოლოოდ, 2006 წელს დასრულდა.

ასეა თუ ისე, „ლენდ-ლიზი“ ნამდვილად არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების მიერ ნაცისტური გერმანიისა და მისი მრავალრიცხოვანი ევროპელი მოკავშირეების დამარცხებაში. როგორც აშშ-ის პრეზიდენტ რუზველტის უახლოესმა თანაშემწემ, ჰარი ლოიდ ჰოპკინსმა თავის დროზე აღნიშნა:

„ჩვენ არასოდეს მიგვაჩნდა, რომ ლენდ-ლიზით გაწეული დახმარება მთავარი ფაქტორია აღმოსავლეთის ფრონტზე მოსკოვის მიერ ჰიტლერის დამარცხებაში. ეს მიღწეულ იქნა რუსეთის არმიის გმირობითა და სისხლით“.

მაგრამ 1941 წლის ჩათვლით, მანამ, სანამ აშშ და გერმანია ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, გერმანული ინდუსტრია ქმედით დახმარებას ღებულობდა ისევ და ისევ შეერთებული შტატებიდან. ყველაზე ცნობილი ამერიკული გიგანტი-კონცერნები – GM, Ford, IBM და Standard Oil აქტიურად მონაწილეობდნენ გერმანიის საომარ მზადებებში. „ფორდის“ და „ოპელის“ თანამშრომლობა ნაცისტების ხელში ჩავარდნილი ტყვეებისა და საკონცენტრაციო ბანაკების ბინადართა შრომის გამოყენებაზე იყო აგებული, რომლებიც ვერმახტის სამტონიანი მუხლუხიანი მანქანებისა და საშუალო სიდიდის სატვირთო ავტომანქანების წარმოებაში იყვნენ ჩართულნი. ამ მანქანების გარეშე გერმანული „ბლიცკრიგი“ შეუძლებელი იქნებოდა. როკფელერის Standard Oil ბოლო მომენტამდე აწვდიდა გერმანიას ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, რომელთაც ჰიტლერი თავისი ტანკებისა და თვითმფრინავებისთვის იყენებდა.

ამერიკელ მეწარმეებს შესანიშნავი პიროვნული ურთიერთობები ჰქონდათ გერმანული „რაიხის“ ხელმძღვანელობასთან. ჰენრი ფორდმა და IBM -ის შეფმა ტომ უოტსონმა „მესამე რაიხისთვის“ გაწეული დამსახურებებისათვის გერმანული არწივის ორდენიც მიიღეს.

ამ ყველაფერზე თავად გერმანელებმა გადაიღეს 45-წუთიანი დოკუმენტური ფილმი 2003 წელს, რომელსაც პირდაპირ ასე ეწოდება: „ჰიტლერის ამერიკელი ბიზნეს-მეგობრები“.

ეს არის ფაქტები, რომელთაც გვერდს მხოლოდ საქართველოში უვლიან.

 

გიორგი რევიშვილი