სააკაშვილის დასასრულის დასაწყისი – დავით აბულაძის შეფასება

ეს უკვე მერამდენედ, მოვლენების განვითარება ქართულ ოცნების  წისქვილზე ასხამს წყალს, რაც  მთლიანობაში  ჩვენი  ქვეყნისათვის დამაზიანებელია. მოახლოებული არჩევნების წინ, მმართველ პარტიას ძალიან აძლევს ხელს, კონკურენტი დამნაშავე პოლიტიკური ძალის  ლიდერის,  უკრაინის მთავარ „რეფორმატორად“  დანიშვნა.

სააკაშვილის დასასრულის დასაწყისი - დავით აბულაძის შეფასება

ეს  არის  „დანიშნვა“, რომელიც ჩანასახშივე განწირულია და  ამ დიდი  პოლიტიკური შეცდომის ინიციატორებს   მორიგი იმედგაცრუება ელოდებათ.  მიუხედავად  დიდი პოლიტიკური ალღოსი,  სააკაშვილი იმდენად ავანტიურისტი ბუნების პიროვნებაა  რომ  სულმა წასძლია, კიდევ ერთხელ  და  ამჯერად  საბოლოოდ  „შევიდა იმ  მდინარეში“,  რომელმაც ჯერ საქართველოს,  შემდეგ  კი  ოდესის  სანაპიროებზე  გამორიყა.

სააკაშვილი უკრაინელ ხალხს  სასიკეთოს  ვერაფერს მოუტანს და იმედია ეს გარდაუვალი კრახი დაამთავრებს მისი და  მის დამნაშავე თანამზრახველთა მოღვაწეობას.  ძალიან ცუდად დაამთავრებს  ეს  საკმაოდ ნიჭიერი და მრავალმხრივი მონაცემის, მაგრამ  მისდა და  ბევრისდა  სამწუხაროდ სულმდაბალი  თვისებების მქონე პიროვნება.  უდავოდ დიდი ენერგიის,  პოლიტიკური  ავანტიურებისა და  მანიპულირების დიდოსტატი,  იძულებითი შესვენების შემდეგ   მაინც წამოეგო ანკესზე.  სააკაშვილი ერთ  ჭეშმარიტებას ვერ ხვდება –  უკრაინა  საქართველო არ არის და  არც  მის  რეფორმებით შენიღბულ ძალადობას  მისცემს გასაქანს 50  მილიონიანი ქვეყანა.

დანაშაულისა და ძალადობის  გარეშე  სააკაშვილი  ვერ  „დადებს“  ისეთ ფასადურ  გარდაქმნებისა  და  „დემოკრატიის“  ყალბ სურათს,  როგორც ეს  საქართველოში მოახერხა.  პირველ რიგში  მას თანამზრახველთა  გუნდი  სჭირდება და ძნელი წარმოსადგენია  რომ სააკაშვილმა შეძლოს  და უკრაინის  ხელისუფლების მაღალ ეშელონებში,  ქართველი  დამნაშავე  „თანამებრძოლების“  დესანტი გადასხას, რომლებიც მოსახლეობის  ტოტალურ დაშინება  და  დამორჩილებას შესძლებენ.   უკრაინის მასშტაბებიდან  გამომდინარე  ამ ჯგუფს  ამხელა „ადამიანური“  რესურსი არ გააჩნია და უკრაინის კორუმპირებული სამთავრობო  წრეებიც  ადვილად არავის დაუთმობენ  მართვის სადავეებს.

სააკაშვილი რა თქმა უნდა  ვერც უკრაინული მედიის გაკონტროლებას მოახერხებს.  მართული  მედიის გარეშე  კი  მას  ძალიან გაუჭირდება   საქართველოში  თავის დროზე  აპრობირებული  „ წარმატებათა ისტერიის“  აგორება  და ილუზიების შექმნა.  საეჭვოა მან,   უახლოეს მომავალში  გარდაუვლად  კრიტიკულად განწყობილი უკრაინელი ჟურნალისტების და მედიასაშუალებების   განეიტრალება  მოახდინოს.  ასევე საეჭვოა,  სამწუხაროდ  საქართველოს  მსგავასად,  ფულზე პროფესია და სულგაყიდული, ეგრეთ წოდებული  მართული ჟურნალისტების   გარკვეული  რაოდენობის  მოძიება და  თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა.

სააკაშვილის უფლებამოსილება არ გავრცელდება ძალოვან სტრუქტურებზე და ვერ შეძლებს უსამართლობის  წინაღმდეგ  სატელევიზიო   ფსევდო  ლაშქრობა – მსვლელობის  დემონსტრირებას.  თავის დროზე  ქართველებმა უკვე ვნახეთ მსგავსი სიუჟეტები  მიშას „ჯვაროსნულ ლაშქრობათა“  სერიალიდან  კერძო ბიზნესის წინააღმდეგ, რომელთა რეალური მიზანი მათი ქონების მითვისება-გადანაწილება იყო.   ბუნებით მხდალი სააკაშვილი მხოლოდ ძალოვანების კორდონს ამოფარებულია „პრინციპული“ და  უკრაინაში მისი ფასადური ქარიზმა და შეუპოვრობა  სატელევიზიო ეთერს  ვერ გასცდება.   ყველაზე დიდი ეს იქნება  საჩვენებელი „წერტილოვანი დარტყმები“ წინასწარ შერჩეულ, შედარებით დაუცველ და სახელგატეხილ  ბიზნესმენებზე.

სააკაშვილი ისეთი ძუნწია,  საკუთარი მოპარული მილიარდებიდან კაპიკსაც არ დახარჯავს დასავლეთში ლობისტებისა და  მათი ფასადური განცხადებების  დასაფინანსებლად.  ძნელი წარმოსადგენია  გასტროლიორ სააკაშვილს უკრაინის ბიუჯეტზე ჰქონდეს წვდომა  და მოახერხოს   ქვეყნის ბიუჯეტიდან  ცნობილი პოლიტიკოსებთან  ფასიანი  შეხვედრა-ვიზიტების,  წამყვან დასავლურ მედიაში შეკვეთილი  სტატიების  ფინანსური უზრუნველყოფა.  ხალხის ფულის  გარეშე  სააკაშვილს გაუჭირდება  მხარდაჭერის მოპოვება ამერიკის კონგრესსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.  თავის დროზე ნაცების პროპაგანდის „მინისტრი“ – გიგა ბოკერია, სააკაშვილზე  გაცილებით ჭკვიანია და მას წინასწარ წაგებულ თამაშში აღარ გაყვება.  ფასიანი პოლიტიკური სპექტაკლების გარეშე კი, მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ ცარიელი ადგილია.

და  ყველაზე მთავარი, ყველა ის  რეფორმა, რომლითაც თავს იწონებს ყოფილი პრეზიდენტი, რეალურად  ექსპერტთა და მრჩეველთა იმ ჯგუფის მიერ არის განხორციელებული, რომლებიც  „ფერადი რევოლუციების“ პროექტის ავტორები არიან.   საქართველო იყო  ამ ექსპერიმენტის  „ეპიცენტრი’“.  აქეთ იქნა მომართული რეფორმისათვის საჭირო უზარმაზარი ფულადი  ნაკადები დასავლეთიდან, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, მიუხედავად მკაცრი ზედამხედველობისა,  წარმატებით მიითვისა სააკაშვილის გარემოცვამ. საქართველოში განხორციელებული ყველა კონკრეტული ცვლილების სათავეში, დასავლეთის კონკრეტული  წარმომადგენელი და მრჩეველი  იდგა.  რეალურად ეს არის   ყველა იმ იმ დადებითი  რეფორმის  „საიდუმლო“,  რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში.   „ფერადი რევოლუციების“  პროექტი დიდი ხანია  აქტუალური აღარ არის  და  უკრაინაში, პროგრესული და წარმატებული გარდაქმნების,  რეფორმების ფინანსური მხარდაჭერის   დიდი იმედი არ უნდა ქონდეთ.

ძალიან საეჭვოა რომ პრეზიდენტი ზელენსკი თავისი ნებით დათანხმდა სააკაშვილის უკრაინულ პოლიტიკაში დაბრუნებას.  მიშა უფრო  ძალით უნდა იყოს გამწესებული ევროპის უმდიდრეს  და ჯერ კიდევ  ბოლომდე დაუმორჩილებელ ქვეყანაში.  მის უკან არა რომელიმე ქვეყნის სამთავრობო,  არამედ  თანამედროვე  გლობალისტთა  გარკვეული გავლენიანი ძალები  დგანან.  ზელენსკი  როგორი უმწიფარი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს, ეცოდინება თუ როგორ ექცევა  მიშა თავის პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ მეგობრებს,  შევარდნაძიდან დაწყებული, პოროშჩენკოთი დამთავრებული.   საერთოდ ადამიანებს, რომლებიც მას  დახმარების ხელს გაუწოდეს  და უწვდიან.  „კუ და მორიელის“  არაკის მსგავსად, მას უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლია.  მისი იმპულსური და გაუწონასწორებელი ბუნება ვერანაირ წინმდგომს  ვერ იტანს –  ვერც ნიჭით, ვერც გავლენით და ვერც რა თქმა უნდა თანამდებობით.  მაქსიმუმ  6 თვეში, პრეზიდენტი ზელენსკი სერიოზულ უსიამოვნებებს უნდა ელოდეს  გარდაუვლად ხელმოცარული  სააკაშვილის მხრიდან.

პოლიტიკოსები,  ექსპერტები და უბრალოდ  ნაცმიმდევრები, რომლებიც სააკაშვილის  ახალ  პოლიტიკურ  „გამონათებას“  წარმატებად აფასებენ  და ზეიმობენ ძალიან ცდებიან.  მათ არ ყოფნით კომპეტენცია რეალურად შეაფასონ  მიშას  „აღმასვლა“ თუ გარდაუვალი კრახი.  დიდი ალბათობით  ეს  იქნება  სააკაშვილის და  მისი დამნაშავე  ჯგუფის  დასასრულის დასაწყისი.  სააკაშვილის პოლიტიკური ვარსკვლავი დიდი ხანია ჩაესვენა. თუ დავაკვირდებით, საქართველოშიც და უკრაინაშიც მას დიდი ხანია საზოგადოების  შეგნებული ნაწილისა და ინტელიგენციის მხარდაჭერა არ გააჩნია. ყოფილ პრეზიდენტს  მხოლოდ მოსახლეობის  საშუალო და დაბალი ფენები უჭერენ მხარს, რომლებიც ვერ აცნობიერებენ  რა დონის   თვალთმაქც პიროვნებასთან  აქვთ  საქმე.  ასე რომ  სააკაშვილის  მორიგი „წარმატების“  ექსპერტ – შემფასებლებს,  მიმდევარ -მოზეიმეებს  და უკრაინული ლუკმის მომლოდინეთ, ძალიან  მალე  საშუალება ექნებათ  იხილონ  პოლიტიკური მაწანწალას მორიგი „მოგზაურობა“  რომელიმე დაწესებულებაში, ან  უკრაინიდან რომელიმე  სხვა ქვეყანაში.

 

დავით აბულაძე