პოლონეთის წვლილი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში

ჯერ კიდევ 1934 წლის იანვარში, პოლონური ავტორიტეტული გამოცემა «Kurjer Warszawski» წერდა: „დღეს გერმანია ორ ცეცხლს შუა არ იმყოფება და მას თავისუფლად შეუძლია, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს“.

პოლონეთის წვლილი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში

მედალი ვარშავის აღებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა ფაშიზმთან ომში

 

1933 წლის შემოდგომაზე გერმანიამ ოფიციალურად დატოვა ერთა ლიგა და უარი განაცხადა ანტანტის ქვეყნებისთვის რეპარაცია გადაეხადა. ოფიციალურმა ვარშავამ ისარგებლა მეზობლის ამ ნაბიჯით და საფრანგეთს კიდეც კულუარებში მოუწოდებდა, გაემწვავებინა ურთიერთობა ბერლინთან. პარიზში სხვანაირად ფიქრობდნენ და ოთხთა კავშირს ხელი მოაწერეს და სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა რაიხსკანლერმა ჰიტლერმა და პოლონეთს შესთავაზა მშვიდობიანი პაქტის გაფორმება. დეკლარაცია ითვალისწინებდა მხარეებს შორის თავდაუსხმელობას.

1934 წლის 26 იანვარს, ბერლინში თავდაუსხმელობის შესახებ სამართლებრივ აქტს ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინ ფონ ნოირატმა და ბერლინში პოლონეთის ელჩმა იოზეფ ლიპსკიმ.

პაქტს მელანი არ ქონდა შემშრალი, რომ ბერლინსა და ვარშავას შორის სტუმრობები დაიწყო. ჯერ იყო და ბერგჰოფს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იოეფ ბეკი ესტუმრა. ტრადიციულად ჰიტლერი ვერ იტანდა თამბაქოს სუნს, მაგრამ სტუმარს ნება დართო, მისი თანდასწრებით გაებოლებინა სიგარეტი.

პოლონეთის წვლილი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში

ყველასათვის ცნობილი “ადოლფა”, რომელსაც გვერდს პოლონეთის საგარეო მინისტრი იუზეფ ბეკი “უმშვენებს”.

 

ბეკის ვიზიტს, პროპაგანდის რაიხსმინისტრის დოქტორ იოზეფ გებელსის  სტუმრობა მოჰყვა მოძმე პოლონეთში. პოლონური სეიმის სახელით სტუმარს ყვავილების თაიგულიც კი გადასცეს და ოფიციალური ბანკეტი გაუმართეს.

რაიხსმარშალი გერინგიც ესტუმრა ოდნავ მოგვიანებით ვარშავას და თავაზიანად დათანხმდა პრეზიდენტ მოსციცკისთან ერთად ბელოვეჟის ტევრში ნადირობას.
1936 წელმა მშვიდობიანად ჩაიარა, რადგან მაშინ გერმანიამ როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.

რატომღაც ვარშავაში მესამე რაიხს სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამდნენ და სწორედ ამიტომაც 1937 წლის 31 აგვისტოს პოლონეთის გენერალურმა შტაბმა გამოსცა დირექტივა № 2304/2/37, რომლის თანახმად ქვეყნის საბოლოო პოლიტიკურ მიზნად დასახული იყო ყოველგვარი რუსულის განადგურება, რომლის პარალელურად უნდა შექმინილიყო სეპარატისტული მოძრაობები: უკრაინაში, კავკასიაში და შუა აზიაში. საინტერესოა იმავე წლის ბოლოს ვარშავის აშშ-ს საელჩოდან გაგზავნილი ტელეგრამის შინაარსი სახელმწიფო მდივნის ჰელის სახელზე: ოლონეთი ვერ ხედავს საშიშროებას გერმანიის მხრიდან და არ აღიქვამენ საბჭოთა კავშირს იმ ძალად, რომელსაც შეუძლია რამე წინააღმდეგობა გაუწიოს ვერმახტს!

მიუნხენის სამარცხვინო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ელჩი ლიპსკი იოზეფ ბეკს ატყობინებდა, რომ რაიხის პირველი პირები კეთილგანწყობილებას გამოთქვამენ პოლონეთის მისამართით, რაშიც დიდი წვლილი გერმანელი ხალხის ფიურერს მიუძღოდა.

მიუნხენის ხელშეკრულებას წინ უძღოდა გერმანიაპოლონეთს შორის ახალი ხელშეკრულება ნაციონალური უმცირესობების შესახებ, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილი იყო.

გერმანია-პოლონეთს შორის 1934 წელს გაფორმებულ პაქტს, სწორად აუღო ალღო ჩეხოსლოვაკიის ახალმა პრეზიდენტმა ედუარდ ბენეშმა და უკვე 1935 წელს პრაღაში დაიდო ურთიერთდახმარების ხელშეკრულება  სამხედრო  დარგში სსრკ-ჩეხოსლოვაკიას შორის.

მიუნხენის 1938 წლის 30 სექტემბრის ე. წ. სამშვიდობო ხელშეკრულებამ რაც მოუტანა ჩეხოსლოვაკიას, ვიცით. მაგრამ უკვე მეორე დღეს, ანუ 1-ლ ოქტომბერს, პოლონეთმა ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე ინტერვენცია განახორციელა და ტეშინის სილეზიაში სამხედრო შენაერთები შეიყვანა! გერმანიამ ვარშავასთან ახალი დიპლომატიური მარათონი წამოიწყო, რომლის შედეგად პოლონეთს ყოფილი ჩეხოსლოვაკიის 226 კვადრატული კილომეტრი ერგო ფეშქაშად.

გერმანული მხარისთვის მოულოდნელი გამოდგა იმავე წლის დასასრულისთვის პოლონეთის ახალი პრეტენზიის გახმოვანება, გამხდარიყო კოლონიალური სახელმწიფო. საუბარი, არც მეტი და არც ნაკლები, ანგოლას უზარმაზარ ტერიტორიას შეეხო. პარალელურ რეჟიმში, ვაშინგტონში ადგილობრივ პოლიტიკოსებს კიდეც ჰკითხეს ვარშაველმა ემისრება, თუ რა განწყობაზე დადგებოდა აშშ, თუ პოლონეთი ყინულოვან კონტინენტზე ბაზას მოითხოვდა. უკვე 1937 წელს, ეს თემატიკა პოლონეთის საგარეო უწყებამ კიდეც დაბეჭდა და ბროშურის სახით გამოსცა  სახელწოდებით „პოლონეთის კოლონიალური თეზისები“.

პოლონეთის წვლილი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში

დასავლეთში ძალიან უყვართ მოლოტოვის და რიბენტროპის ფოტოს ჩვენება, თუმცა ავიწყდებათ ხოლმე რიბენტროპის და ბეკის ფოტო – 1939 წელი.

 

1939 წლის დასაწყისი პოლონეთს ცუდს არაფერ უქადდა. 5 იანვარს ბერგჰოფში მეორედ ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი ბეკი, რომელმაც ჰიტლერისგან მოისმინა ის, რასაც დიდხანს ელოდა: მესამე რაიხს და პოლონეთს გააჩნიათ საერთო ინტერესები საბჭოთა კავშირის მიმართ. რაიხსკანცლერის გეგმა პირველ რიგში გერმანული ტერიტორიების გაერთიანებისკენ იყო მიმართული და საუბარში თავისუფალი ქალაქის დანციგის საკითხი წამოჭრა. მისი აზრით, დრო იყო, საპორტო ქალაქი გერმანულ წიაღს დაბრუნებოდა. ბეკმაც სანაცვლოდ საბჭოთა უკრაინა მოითხოვა…უკვე 26 იანვარს კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფონ რიბენტროპი ესტუმრა ვარშავას და პოლონეთის ხელისუფლებას შესთავაზა, ანტიკომინტერნის ქვეყნებში გაწევრიანებულიყო, სანაცვლოდ მასპინძელს დაპირდა საზღვრების გაფართოებას უკრაინის ხარჯზე და კორიდორს შავ ზღვაზე.

11 მარტს  იოზეფ ბეკმა განაცხადა, რომ პოლონეთს ეკუთვნოდა კოლონიალური მიწები …არ დაგვავიწყდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე პარალელურ რეჟიმში ვარშავას სტუმრობდნენ კურტ დალიუგე და მისი უშუალო შეფი რაიხსფიურერი ჰაინრიხ ჰიმლერი.

პოლონეთის წვლილი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში

SS-ის მკვლელების თავკაცი ჰაინრიხ ჰიმლერი და მისი პოლონელი კოლეგა – უშიშროების პოლიციის შეფი იუზეფ ზამორსკი კარგად უგებდნენ ერთმანეთს.

 

„რკინის ჰერმანის“ პოლონური ვიზიტები 1935 და 1937 წლებში არის მეტად საინტერესო. პირველი სტუმრობის დროს, რაიხსმარშალმა მიიღო გარანტია, რომ ვარშავა წინააღმდეგი არ წავიდოდა ,თუ გერმანია რაიხსვერს ვერმახტით ჩაანაცვლებდა. მეორე სტუმრობა კი მიზნად ისახავდა, რომ მეზობელი სახელმწიფო არ წავიდოდა გერმანიის მიერ ავსტრიის „ანშლუსის“ წინააღმდეგ. შეხვედრის დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ მესამე რაიხი პოლონეთთან ერთად წინ აღუდგებოდა საბჭოეთის პოლიტიკას ევროპაში. ასეც მოხდა, 1938 წელს წითელი არმია ჩეხოსლოვაკიის მხარდასაჭერად პოლონეთმა არ გაატარა ევროპისკენ!

გერინგმა პრივატულ საუბარში მარშალ რიძსმიგლას კიდეც უთხრა: ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. ბოლშევიზმი იმდენად სახიფათო არაა, რამდენადაც რუსეთი!

ბოჰემია-მორავეთის პროტექტორატის ჩამოყალიბების მერე, ჰიტლერმა პოლონელ პარტნიორებთან კვლავ გაახმოვანა რაიხისადმი ქალაქ დანციგის დაბრუნების საკითხი მემორანდუმის სახით. ამასობაში, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაააქტიურეს თავიანთი დიპლომატია პოლონეთის მიმართ. აქ დიდი კითხვის ნიშნები რჩება – რამდენად შეასრულა როლი ამ გააქტიურებამ, პოლონეთის გერმანიასთან შეჯახებაში. ეს ცალკე საკითხია, ჩვენი სტატიის ფარგლებში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კი ფაქტია, რომ ვარშავამ საგარეო კურსი ერთი ხელისაღებით შეცვალა – ჯერ იყო და 1939 წლის 23 მარტს, რიძ-სმიგლამ ოპერატიული გეგმა ზახოდი  (Zachód – „დასავლეთი“) შეიმუშავა, ხოლო უკვე მეორე დღეს გენერალმა ვაცლავ სტახევიჩმა ოთხი ახალმობილიზებული დივიზია გაგზავნა მესამე რაიხის საზღვრებისკენ. ამ მომენტამდე პოლონეთის არმიის სარდლობა მხოლოდ საბჭოთა კავშირთან შესაძლო ომის სცენარების შესწავლით იყო დაკავებული და გერმანიას საერთოდ არ განიხილავდა საფრთხედ!

2 აპრილს უკვე ბრიტანულ-პოლონური სამხედრო დახმარების ხელშეკრულება დაიდო. ამის საფუძველზე ჰიტლერმა 1934 წლიდან პოლონეთთან გაფორმებული ყველა სამართლებრივი აქტი 1939 წლის 28 აპრილს ბათილად გამოაცხადა… პოლონეთმა ყური არ უგდო საბჭოთა კავშირის მოწოდებებს, გაფორმებულიყო უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულება ან ხელშეკრულება ფორმატში ინგლისი-საფრანგეთი-სსრკ, რაც ჰიტლერს პოლონეთზე თავდასხმის მადას გაუფუჭებდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მოსკოვის აქტიურობა არ მოსწონდა ჩემბერლენს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხომ პოლონეთი იღებდა გადაწყვეტილებას? პოლონეთის პოზიცია კი თუნდაც საგარეო მინისტრ ბეკის მიერ დიდ ბრიტანეთში პოლონეთის ელჩ ე. რაჩინსკის სახელზე გაგზავნილი დეპეშიდან ჩანს, რომელშიც წერია, რომ „ხელშეკრულება საბჭოთა კავშირთან აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილობასა და უსაფრთხოებას დაარღვევს“. აღნიშნული დეპეშა 1939 წლის 9 ივნისით თარიღდება ანუ უკვე ის დროა, როდესაც ჰიტლერს გადაწყვეტილი აქვს პოლონეთის განადგურება!

ვარშავაში გამოფხიზლდნენ მაშინ, როდესაც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შესახებ ბერლინის და მოსკოვის რადიოებმა სამყაროს ამცნეს! ლონდონში პოლონური ლობი ცდილობდა, ჰიტლერს არ წამოეწყო საბრძოლო ოპერაცია და კიდეც დაითანხმეს ვითომ ვარშავა, რომ დანციგი გადასულიყო გერმანიის საკუთრებაში, მაგრამ როგორც კი ჰიტლერმა გაიგო ეს ამბავი, გენერალიტეტს მოკლედ მოუჭრა: „მე არ მინდა დანციგი, მე მსურს ომი!“

იდგა 1939 წლის 31 აგვისტო, როდესაც ელჩი ლიპსკის თხოვნა, შეხვედროდა ფონ რიბენტროპს, ამ უკანასკნელმა უგულვებელჰყო, ხოლო იმავე დღეს, ჯერ იყო და, გლაივიცის ინცინდენტი გაათამაშეს ჰაიდრიხის უშიშროებაში მოღვაწე „ბიჭებმა“, ხოლო დღის ბოლოს კი გერმანულმა რადიოსადგურმა «Deutschlandsender» ამცნო სამყაროს, რომ პოლონეთმა ჰიტლერის 16-პუნქტიანი გეგმა მშვიდობის შესახებ იგნორირება გაუკეთა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე სულ რჩებოდა რამდენიმე საათი. ვერმახტს უნდა დაპირისპირებოდა ის პოლონური არმია, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ საბჭოთა უკრაინას საკუთარ ინტერესთა სფეროდ განიხილავდა…

 

ბექა კვიციანი

„ნიუსფრონტისგან“: საბჭოთა კავშირში, გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთი იმჟამად მოკავშირე სახელმწიფოს წარმოადგენდა და „სოციალისტურ ბანაკში“ თავისი საპატიო ადგილი ეკავა, არ გვასწავლიდნენ ამ ფაქტებს და, საერთოდ, პოლონეთის როლის შესახებ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში, საუბარი მიუღებელი იყო. რუსებს არც სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახსენებიათ ეს თემა, მაგრამ როდესაც პოლონურმა დამპყრობლურმა ინსტინქტებმა ისევ გაიღვიძა და, როგორც ჩანს, „კოლონიური სახელმწიფოს“ იდეებიც არსად გამქრალა, რუსებმა მერე უპასუხეს. რუსეთის საგარეო დაზვერვამ 2009 წელს გაასაჯაროა საიდუმლო დოკუმენტების მთელი სერია, რომელიც ცხადჰყოფს პოლონელების  აგრესიულ გეგმებს იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის მიმართ.

გასული წლის მიწურულს კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დადო დოკუმენტების მთელი ნუსხა, რომლებიც ცხადჰყოფენ, რომ გაგანია ომის დროს, 1944 წელს, როდესაც წითელი არმია ნაცისტებს ანადგურებდა პოლონეთის მიწაზე და ქვეყნის დიდი ნაწილი უკვე გათავისუფლებული იყო, ლონდონში დაბანაკებული პოლონური „ელიტა“, ჩერჩილის საიდუმლო გეგმის შესაბამისად, ცდილობდა განმათავისუფლებელი არმიის ზურგში დივერსიების მოწყობას და ამ გზით მის დასუსტებას. ვარშავის 1944 წლის ნაადრევი აჯანყება, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და ქალაქის ნგრევა გამოიწვია, მიზნად ისახავდა არა წითელი არმიის დახმარებას, არამედ ქალაქიდან გერმანელების გაძევებას მანამ, სანამ წითელი არმია მოვიდოდა. ბრიტანეთის დაზვერვის მიერ შექმნილი ანტიკომუნისტური “არმია კრაიოვა“ ჩაიბარებდა ქალაქს. ეს „არმია“, რა თქმა უნდა, გერმანელებზე შეტევას ვეღარ განაგრძობდა, მაგრამ რუსებს შეუქმნიდა გარკვეულ პრობლემებს – ეს იყო ჩანაფიქრის არსი, რომელსაც საკუთარი სამშობლოს და მოქალაქეების უსაფრთხოება შესწირეს ბრიტანეთის პოლონელმა დამქაშებმა.

მაგრამ დავუბრუნდეთ ფაქტებს: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ „არმია კრაიოვამ“ ვარშავის აჯანყების მსვლელობისას უკრაინელები და ებრაელები დახოცა, გერმანულ ტყვეობას გადარჩენილი საბჭოთა ჯარისკაცები კი მძევლებად აიყვანა. არსებობს ასევე მასალები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ აჯანყებული ბრიტანულ-პოლონური „არმიის“ ძალებმა, შესაძლოა, განზრახ არ მიიტანეს იერიში გერმანელების მიერ კონტროლირებულ სტრატეგიულ ობიექტებზე.

დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ წითელი არმია ცდილობდა, აჯანყებულების დახმარებას (აჯანყებულებისთვის იარაღის მიწოდება საჰაერო გზით). „არმია კრაიოვა“ კი, 1944-1945 წლებში, განმათავისუფლებლების ზურგში დივერსიულ აქტებს ახორციელებდა.

შეგახსენებთ, რომ ვარშავის აჯანყება 1944 წლის 1-ლი აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე გრძელდებოდა და სასტიკად დამარცდა, გაიჟლიტა დაახლოებით 150 ათასი ადამიანი. წითელმა არმიამ გერმანელების მიერ ციხე-სიმაგრედ ქცეული ქალაქის გათავისუფლება 1945 წლის 17 იანვარს შეძლო.

ეს არის პოლონეთის პროვოკაციული როლი მეორე მსოფლიო ომში და სიმართლე უნდა ითქვას. დამნაშავე არ არის პოლონელი ხალხი და პოლონეთის სახელმწიფო მოღვაწეთა გარკვეული, ჯანსაღი ნაწილი. ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირმა ხელი შეუწყო “არმია კრაიოვას” (“სამშობლოს არმია”) საპირწონეს – “არმია ლიუდოვას” (“სახალხო არმია”) ჩამოყალიბებას. ოღონდ დღესდღეობით, პოლონეთმა უარი უნდა თქვას „რეჩ პოსპოლიტას“ იმპერიულ პროექტზე, დამშვიდდეს და საქმეს მიხედოს – აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების ყველაზე კარგი წამალი სწორედ ეს გზა არის.

თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ გულბაათ რცხილაძის გამოკვლევა: ვინ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი? ანუ როგორ ცდილობენ ქართველი ხალხის გაბითურებას