დასავლეთის პროპაგანდა შეშფოთდა – რატომ არის რუსეთში “კოვიდით” გამოწვეული სიკვდილიანობა მხოლოდ 1%?

რუსეთის დედაქალაქის ჯანდაცვის უწყებამ უარჰყო ბრიტანულ “ფაინენშენლ ტაიმსში” გამოქვეყნებული “გამოთვლები” და სპეკულაციები იმის შესახებ, რომ თითქოს მოსკოვში (და, სავარაუდოდ, მთელ რუსეთში) კორონავირუს 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა სტატისტიკურად არ აისახება და, ეს რაოდენობა, სულ მცირე, 72%-ით მეტი უნდა იყოს.

დასავლეთის პროპაგანდა შეშფოთდა - რატომ არის რუსეთში "კოვიდით" გამოწვეული სიკვდილიანობა მხოლოდ 1%?

“ფტ”-ს კვერი დაუკრა ამერიკულმა პროპაგანდისტურმა “რადიო თავისუფლებამაც”. კონკრეტული ეჭვები მათ ქალაქ მოსკოვის სტატისტიკის მოხმობის საფუძველზე გამოთქვეს, სადაც, გასული წლის აპრილთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში 1800-ით მეტი გარდაცვალებაა დაფიქსირებული. დასავლური მასმედიის აზრით, ეს “ზედმეტი” რაოდენობა სწორედ “კოვიდ19”-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები უნდა იყოს.

მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტი “მოსგორზდრავი” დღეს ავრცელებს განცხადებას, სადაც ფაქტები ლაკონურად და გასაგებად არის გადმოცემული. რუსული უწყება იუწყება – ციტატა:

“მოსკოვში, 2020 წლის აპრილში, კორონავირუსული ინფექციითა და მისით განპირობებული გართულებებით, ყველაზე ხშირად – პნევმონიით, გარდაიცვალა 639 ადამიანი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ეჭვი არსებობს CoV-19-ით გამოწვეულ სიკვდილის შემთხვევაზე, რუსეთში და მოსკოვში ამ შემთხვევების 100%-ში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან, ხდება გარდაცვლილთა პათოლოგოანატომიური გაკვეთა. ამიტომ, მოსკოვში სიკვდილის შემდგომ დაფიქსირებული დიაგნოზები და სიკვდილის მიზეზები ზედმიწევნით ზუსტია, სიკვდილიანობის მონაცემები კი აბსოლუტურად გამჭვირვალე.

CoV-19-ით გამოწვეული გარდაცვალების შესახებ მტკიცების საშუალება სხვა ფაქტების საფუძველზე არ არსებობს. ასე, მაგალითად, სიკვდილის შემთხვევების 60%-ზე მეტი დაკავშირებულია ისეთ აშკარა ალტერნატიულ მიზეზებთან, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა კატასტროფები (მიოკარდის ინფარქტი და ინსულტი), მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნეები (არსებითად, პალიატიური პაციენტები), ლეიკოზები, სისტემური დაავადებები ორგანული უკმარისობის განვითარების თანხლებით (მაგალითად, ამილოიდოზი და ტერმინალური თირკმლების უკმარისობა) და სხვა უკურნებელი დაავადებები.

მძაფრი რესპირატორული ვირუსული ინფექციების ყოველი სეზონური მატება, მით უმეტეს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, უცილობლად არის დაკავშირებული სიკვდილიანობის ზრდასთან. ეს განპირობებულია არა იმდენად უშუალოდ ინფექციური დაავადებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებით, არამედ, უფრო მეტად, სხვა დაავადებებით, როდესაც ხდება მათი გამწვავება… ამ შემთხვევებში ინფექციური საწყისი გვევლინება ქრონიკული დაავადებების სწრაფი პროგრესირებისა და ახალი დაავადებების წარმოშობის  კატალიზატორად.

სტატისტიკასთან დაკავშირებული ანალოგიური ვითარებაა სხვა ქვეყნებშიც – „კოვიდ 19“-ით გამოწვეული სიკვდილიანობა ნაკლებია, ვიდრე სიკვდილიანობის საერთო მატება. ისეთი ქალაქების სტატისტიკური მონაცემებით, როგორებიცაა ნიუ-იორკი და ლონდონი. ნიუ-იორკში კორონავირუსით განპირობებულმა სიკვდილიანობამ აპრილში შეადგინა 11861 ადამიანი (2019 წლის აპრილთან შედარებით საერთო სიკვდილიანობა მეტია 15709 ადამიანით), ხოლო ლონდონში 3589 ადამიანი, საერთო მატებაა – 5531 გარდაცვლილი ადამიანი.

დაბოლოს, აპრილში მოსკოვში მთელი დამატებითი რაოდენობის სიკვდილის ფაქტები „კოვიდსაც“ რომ მივაწეროთ, სიკვდილიანობის პროცენტი 3-ს ოდნავ გადააჭარბებს, რაც ნიუ-იორკისა და ლონდონის ოფიციალურად დადასტურებულ სიკვდილიანობაზე (10% და შესაბამისად, 23%) არსებითად ნაკლებია. ამასთან, ასეთი გადაანგარიშება რომ გავაკეთოთ ამ ორ ქალაქზე, სიკვდილიანობა მათში, შესაბამისად, 13% და 32% გამოვა“ – ნათქვამია მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში, “კოვიდ-19”-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა 1 პროცენტს არ აღემატება. როგორც ჩანს, დასავლეთი ამ ფაქტით ძალზე “შეშფოთებულია”.