ამერიკა თავისი „სტრატეგიული პარტნიორის“ წინააღმდეგ

სანამ „ქართული ოცნების“ ყველა ქმედებისთვის გამართლების მაძიებელი ანუ „გამპრავებელი“ ღლაბუცით ირჩენს თავს და თავს ისულელებს, ვაშინგტონელმა ჩინოსნებმა, კერძოდ, სენატორებმა და კონგრესმენებმა მორიგი იერიში მიიტანეს საქართველოზე. დიახ, სწორედ საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე!

ამერიკა თავისი „სტრატეგიული პარტნიორის“ წინააღმდეგ

ტეხასის შტატის სენატორებმა ტედ კრუზმა და ჯონ კორნინმა, კონგრესმენებთან ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მულინთან ერთად, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ფინანსთა მინისტრის სტივენ მნიჩინის სახელზე უსტარი გაგზავნეს.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია ამიერკავკასიაში და ნატოს მოკავშირე; ამერიკისთვის საქართველოსთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. წერილის ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ დასავლური კაპიტალის შემოდინება ჩვენს ქვეყანაში განახევრდა, ხოლო ბიუროკრატიული ბარიერები და გადასახადები გაიზარდა.

მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უსტარში ტეხასურ კომპანია „ფრონტერას“. გამახვილებულია ყურადღება მეორე ამერიკულ კომპანია „კონტი ჯგუფზეც“, რომელიც თურმე დიდ პრობლემებს წააწყდა ანაკლიის პორტთან მიმართებაში. „ფრონტერას“ საქმიანობა კი, ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების აზრით,  საქართველოს ენერგოდამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცევდა რეგიონში…

მეტად საინტერესოა წერილის ის ნაწილი, სადაც ქართული ბიზნესი და მისი ფინანსური სისტემა გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან მიამრთებაში…

წერილის დასკვნით ნაწილში ირკვევა, რომ ივანიშვილს შესაძლო კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან და წერილის ავტორები მზად არიან, ადრესატებს მიაწოდონ შესაბამისი რესურსი და ინფორმაცია, რათა აშშ- ეროვნული უსაფრთხოება დაცული იქნას !

რაც შეეხება მოცემულობას. საქართველოში ძალიან ბევრს, მათ შორის, მმართველი პარტიის „გამპრავებელთა“კასტას  წარმოდგენაც არ აქვს, რომ ის კომედია, რაც ვიხილეთ გუშინწინ – მხედველობაში მაქვს უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება, ამას ვერც ადამ კინზინგერი და ვერც სენატორი რიში განახორციელებდნენ, რომ არა აშშ-ის ღია ზეწოლა სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოზე, თუ ამას პარტნიორობას დავარქმევთ.

ე.წ. ეროვნული ფლანგის მგოსნები ამ წუთამდე დითირამბებს არ იშურებენ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მისამართით. ეს ან უვიცობით მოსდით, ან მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეწევიან საკუთარი მოსახლეობის მისამართით. ხშირად იშველიებენ წინადადებას, რომ ტრამპს ლიბერალები ებრძვიან. აქვე მოკლედ ვეტყვი: თუ ტრამპიც ჩვენი დასაცავია ამ ლიბერალებისგან, მაშინ ტრამპისგან რა გვეიმედება?!

ფაქტი უტყუარია, ძია სემმა პირველი ნაბიჯი გადადგა და საქართველოს საჭადრაკო დაფაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა პირველ პარტიაში. მეორე პარტია კი საარჩევნოდ იქნება სავარაუდოდ დაგეგმილი, როდესაც მადლიერ ერს განუცხადებენ საზეიმოდ, რომ ქვეყანაში დემოკრატიამ გაიმარჯვა და ან .. გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა, ან სულაც კოალიციური მთავრობა შეიქმნა

ოცნების სტაჟიანი „გამპრავებლები“ გულზე მჯიღს ირტყამენ, არაფერი არ მომხდარაო… მიმდინარეობს უტიფრობის ზეობა მათი მხრიდან. ლამის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადონ ეროვნულ მტრად.

ოდნავ ნამუსის ნატამალი თუ აქვს მადამ პრეზიდენტს, ურჩევნია, გადადგეს და ამით ასე თუ ისე სასირცხვილო ლაქას რაღაც დოზით ჩამოიშორებს.

დასასრულს, სამწუხარო რეალობაა, რომ „ოცნების“ და ე.წ „ეროვნულების“ დიდი ნაწილი მხარდამჭერებთან ერთად არ აკრიტიკებს ანტიკრიზისულ გეგმას… დასკვნა ის გახლავთ, რომ ჯადოსნურ წრეშია ერთ დროს ნიკოფსიიდან დარუბანდამდის მყოფი საქართველო და მას ჭეშმარიტად მამულიშვილური ძალები თუ გადაარჩენენ…

 

ბექა კვიციანი