“სოფლის მაშენებელნი” – მთავრობის გეგმა სოფლის ასაღორძინებლად

დღეს მთავრობა ბევრს საუბრობს, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული უნდა გახდეს, რომ ერთწლიანი კულტურები დაფინანსდეს და ქვეყანამ შეძლოს საკვები პროდუქტების რაღაც მარაგის შექმნა.

"სოფლის მაშენებელნი" - მთავრობის გეგმა სოფლის ასაღორძინებლად

სწორედ ამისთვის არის აუცილებელი ხალხის დასაქმება, ხალხისა, რომელიც ახლა სოფელში წავიდა და ცდილობს, მიწას მიხედოს. საგანგებო მდგომარეობა გამოყენებული უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მიწის დამუშავება მომხდარიყო სახელმწიფოს ორგანიზებით. ეს არ იქნებოდა იძულებითი და დიქტატორული გადაწყვეტილება, მაგრამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა აუცილებლობას წარმოადგენს, რომლის შედეგადაც   ყველა კმაყოფილი დარჩებოდა – ყველა უმუშევარი, რომელიც არ არის ზარმაცი, დასაქმდება სოფლად. ხელისუფლებაც თამამად იტყვის: აი სამუშაო, ვისაც მუშაობა უნდა, იმუშაოს.

სოფლის მეურნეობის დახმარება, ფულის დახარჯვა ამ სფეროში დროებითი მოვლენა კი არა, გრძელვადიანი და პერსპექტიული უნდა იყოს. ამიტომ, მთავრობის რამდენიმეპუნქტიან გეგმაში წარმოდგენილი ერთჯერადი დახმარებები 300-ლარიანი, ასევე 200-ლარიანი, რომელიც 6 თვის განმავლობაში უნდა გაიცეს, უფრო ჰგავს შრომისუუნარო სოციალურად დაუცველთა დახმარებას, რომელსაც არანაირი ეფექტი არ ექნება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. 300-ლარიანი და 200-ლარიანი დახმარებები არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან უმუშევარი კაცისთვის ერთჯერადი დახმარება ცხელ ლოდზე დასხმული ერთი წვეთი წყალივითაა. არც “ფერმერებისთვის” სიმბოლური შეღავათების გაკეთებაა საკმარისი, ეს ფერმერები განა სახნავი სავარგულების რამდენ პროცენტს ითვისებენ? რამდენი მიწა რჩება დაუმუშავებელი?

კარგი იქნებოდა, ყველა რესურსი, რომლებიც ქვეყანას აქვს, მობილიზებული და მიმართულიყო ყოფილიყო იქით, რომ უმუშევრები დაესაქმებინათ. ვირუსის გამო ბევრი ადამიანი სოფელს დაუბრუნდა. ხომ არ სჯობდა, ხელისუფლებას გამოცდილი მეთოდი აემუშავებინა და კოლექტიური მეურნეობების მსგავსი რამ აეღორძინებინა? არ უნდა დარჩეს არც ერთი მტკაველი მიწა დაუმუშავებელი – ამას პრემიერი გახარიაც იძახის, მაგრამ მარტო ძახილი საქმეს უშველის?

ჩვენ ვიცით, რომ 3 მილიარდი დოლარის დახმარებას გვპირდებიან ე.წ. პარტნიორები, თუმცა მათგან ჯერ კაპიკი არ მიგვიღია, მაგრამ მილიარდ-ნახევარი უკვე მობილიზებულია და წამოვა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. საინტერესოა, ფულს, რომელსაც ასე ველოდებით, იმისთვის გვაძლევენ, რომ ეკონომიკა ავამუშავოთ, სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ თუ ვაქცინაცია რომ ჩავატაროთ?!

ამ საკითხზე დიპლომატებმა და დარგის სპეციალისტებმა უნდა იმუშავონ, ეს მათი მოსაგვარებელია. დიპლომატებმა უნდა უთხრან სავალუტო ფონდს, რომ ფულს, რომელსაც გვაძლევთ, ამა და ამ საქმისთვის გვჭირდება, ჩვენ უნდა ავიღოთ გეზი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკას ააღორძინებს. შესაძლოა, სავალუტო ფონდის კრიტერიუმი არ ითვალისწინებს მსგავს იდეებს, მაგრამ პოლიტიკური მოლაპარაკება უნდა გაიმართოს მასთან, ვინც მართავს სავალუტო ფონდს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი სახელმწიფო აპარატის შენახვას არანაირი აზრი არ აქვს, ქვეყანა კი მხოლოდ საგარეო დავალიანებას ზრდის, შინაგანი დოვლათის ზრდის და ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების გარეშე. ეს გზა დამღუპველია.

ჯერ-ჯერობით, სოფლის მეურნეობის და, ზოგადად, სოფლის აღორძინება ჩვენთან არ სცდება იგავის სიუჟეტს – “სოფლის მაშენებლები”. ზოგი იყივლებს, ზოგი იყეფებს და სოფელიც “აშენდება”!

გულბაათ რცხილაძე