რუსეთის პატრიარქის უფლებადამცავი ორგანიზაცია Covid-19-ის თემაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს!

რუსეთის პატრიარქთან არსებული უფლებადამცავი ცენტრი – მსოფლიოს სახალხო რუსული ერთიანობა – “სობორი” ითხოვს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ბასტირკინისა და გენერალური პროკურორის, კრასნოვისგან, რომ ჩატარდეს გამოძიება იმ გარემოებებზე, რომელთაც გამოიწვიეს ახალი კორონავირუსის წარმოშობა და მსოფლიოში გავრცელება.

რუსეთის პატრიარქის უფლებადამცავი ორგანიზაცია Covid-19-ის თემაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს!

ორგანიზაცია ითხოვს, რომ შემოწმდეს  ვირუსის ხელოვნურად შექმნის ფაქტის და, “როგორც საკუთრივ ინფექციის, ისე მის შესახებ რუსეთში და მთელ მსოფლიოში ფეიკ-ინფორმაციების ბოროტი განზრახვით გავრცელების შესაძლებლობა”.

პატრიარქთან არსებული ცენტრის ოფიციალურ მიმართვაში სამართალდამცავებისადმი ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი შემომწირველი, შეერთებული შტატების შემდეგ, არის ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი. რუსული ორგანიზაციის აზრით, ადგილი აქვს “კორუფციულ ინტერესთა კონფლიქტს”, რადგან გეიტსები პარალელურად ახდენენ თანხების ინვესტირებას ვაქცინის შექმნაში. ისინი ერევიან ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობაში, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის ვაქცინაციისა და სხვა ანტიეპიდემიოლოგიური ღონისძიებების სფეროში რეკომენდაციების გაცემის წყარო.

მსოფლიო რუსულ “სობორში” ასევე შიშობენ, რომ შესაძლოა, მოხდეს გენეტიკური მასალების შეგროვება და სხვადასხვა ეთნოსების გენეტიკურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ვაქცინების ცენტრალიზებული შემუშავება და წარმოება. ასეთი ინფორმაციის მოხვედრა ბოროტმოქმედების ხელში პოტენციურად იწვევს ეთნიკურ-გენეტიკურ-ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესაძლებლობას – ფიქრობენ “სობორში”.