ცხოვრებას და დემოკრატიას კვლავაც კინზინგერი გვასწავლის – მედია-ჩართვა ამერიკელ კონგრესმენთან

და კვლავ, ქართული მედიის ხომალდი, რომელსაც ლამის ყველა პოლიტიკური მხარე რატომღაც „სპეის შატლად“ აღიქვამს, ვერ გასცდა ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ორბიტას. გუშინ მედია-ჩართვა განხორციელდა ოკეანისგაღმელ ჩინოსანთან.

ცხოვრებას და დემოკრატიას კვლავაც კინზინგერი გვასწავლის - მედია-ჩართვა ამერიკელ კონგრესმენთან

ალბათ ბრმა ადამიანსაც უნდა ეგრძნო, რომ კინზინგერის პოლიტიკური პლატფორმა არაფრით განსხვავდება თეთრი სახლის პლატფორმისაგან და კონგრესმენი სწორედ თეთრი სახლის პოზიციებს გამოხატავდა. სამწუხარო ქართულ რეალობაში ის გახლავთ, რომ კონსერვატორები მას ლამის პრეზიდენტ ტრამპის პირად მტრად აცხადებენ და ლიბერალის იარლიყს აკერებენ !

ადამ კინზინგერი მედია-ხიდის მსვლელობისას დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მეტიც, ძია სემის გავლილი სკოლა, აშკარად იგრძნობოდა. კონგრესმენმა დიდი მადლობა გადაუხადა აშშ-ს ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს საქართველოში გაწეული სამსახურისთვის. ალბათ მადლიერ ერს უნდა ეგრძნო კიდეც, თუ რა იგულისხმა ამ წინადადების უკან ამერიკელმა. დღემდე თბილისში  ვერ გებულობენ, ან სულაც მავანნი ტრამპის სახელით ვაჭრობენ, რომ ელჩი საკუთარ განცხადებებს თეთრი სახლის ადმინისტრაციას არ უთანხმებს. აღნიშნული მოსაზრება მცდარია, რადგან, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აკომპლექტებს საკუთარ ადმინისტრაციას, რომელთანაც მჭიდრო კავშირშია და კოორდინაციას აწარმოებს კელი დეგნანის უშუალო ხელმძღვანელობა სახელმწიფო დეპარტამენტში.

ონლაინ პრესკონფერენციაზე, კონგრესმენმა დააანონსა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, როგორც დამკვირვებელი, მოევლინება. ყურადსაღებია, კინზინგერმა არც დამალა, რომ აშშ საქართველოს გვერდით უდგას და კონგრესი აპირებს, განიხილოს საკითხი გლობალურ დონეზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს სტრატეგიულ პარტნიორს.

ლამაზი თვალების გამო, რომ ამერიკულ ფედერალურ დახმარებას მწვანე დოლარების სახით არავინ გამოგვიყოფს, ამას თავიდანვე უნდა შევეგუოთ  და უნდა აღვიქვათ ეს პროცესი რეალისტური თვალით.

ამერიკელი უფრო შორს წავიდა და ყველა მხარე ერთ ქვაბში მოხარშა, ანუ დიპლომატიური ენით, პარლამენტს, მთავრობას და ოპოზიციას მადლობაც კი გადაუხადა.  ეს გამოსავალი (უგულავა/ოქრუაშვილის შეწყალება) ყველას (ხალხი იგულისხმა) არ მოეწონა, მაგრამ დემოკრატიისკენ ნაბიჯი გადაიდგაო – განაცხადა კონგრესმენმა. აღნიშნული პროცესები ქართველი ხალხის სახელით დიდ პროგრესად მოინათლა !

კინზინგერს მიაჩნია, რომ ამერიკამ უნდა გააორმაგოს წნეხი ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის წინააღმდეგ, რადგან პანდემიის პროცესში აშშ-ის და საქართველოს ეკონომიკამ დიდი დარტყმა მიიღო, განსხვავებული აზრები გადადებულ უნდა იქნას… ანუ რა გამოდის? კონგრესმენი საქართველოს ხომ არ მოუწოდებს, ჩინეთის წინააღმდეგ ამა თუ იმ ფორმით ჩაერთოს ?

ყურადღება გამახვილებულ იქნა ანაკლიის პორტზეც. რესპონდენტმა აღნიშნა, რომ  მოხარული იქნება, თუ პირდაპირი ამერიკული ინვესტიცია განხორციელდება ქართულ პორტში. კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ელჩს კელი დეგნანს, რომელიც აქტიურადაა ჩართული საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესში.

საინტერესო იყო „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის ზურა მახარაძის მიერ დასმული კითხვა: ამერიკელებს რომ აეღოთ საკუთარი კაპიტოლიუმი, როგორ შეხედავდა კონგრესმენი მოვლენას… პასუხმაც არ დააყოვნა, კინზინგერმა საკმაოდ ოსტატურად აუარა გვერდი კითხვას და გვახარა – გადაცდომები ყველგან არისო… არადა, მომზადებასთან ერთად, ოდნავ უფრო გამჭრიახი გონება რომ ჰქონდეს ამერიკელს, რამდენიმე კვირის წინ მიჩიგანის შტატის კაპიტოლიუმის აღების ფაქტს შეიარაღებული მოქალაქეების მიერ შეგვახსენებდა და იტყოდა – აი ხომ ხედავთ, დემოკრატიულ სამყაროში ყველაფერი შეიძლებაო…

კონგრესმენმა ხაზი გაუსვა, რომ ე.წ ყბადაღებული 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს. ამ თემის გარშემო იმის თქმა შეიძლება, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია თავისებურ ინტერპრეტაციას მიმართავს…

ალბათ აღსანიშნავია ქართველი მაყურებლის მხრიდან აქტიურობა, რომლის საკმაო ნაწილმა ინტერვენციად მონათლა ამერიკელი რესპონდენტის ღაღადი. შეცდომებიც მრავლად გაეპარა ზოგიერთს. კომენტარებში ერთი წერდა – მე პროქართველი ვარო… უდიდესი შეცდომა, რაც კი მიხილავს. როგორ ჰგონიათ კონგრესმენის ოპონენტებს, ამერიკაში ვინმე იტყვის, მე „პროამერიკელი“ ვარო? არავითარ შემთხვევაში! – იტყვის, მე ამერიკელი პატრიოტი ვარო. ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც ასე გიპასუხებენ, რადგან საკუთარ ქვეყანას რომ უჭერ მხარს („პრო“ სწორედ მხარდაჭერას ნიშნავს), ეს ისედაც გასაგებია, აქსიომაა. ის, თუ საგარეო პოლიტიკური მიმართულება როგორი ექნება შენს ქვეყანას, ამერიკასთან დაახლოებაზე, რუსეთთან დაახლოებაზე თუ ნეიტრალიტეტზე იქნება ორიენტირებული, ყველა შემთხვევაში ამ „პრო“-ს ანუ საკუთარი ქვეყნის ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს! სჯობდა, ამაზე ეთქვათ კინზინგერისთვის – უნდა იყოს თუ არა საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროამერიკული – არის ეს საქართველოს ინტერესებში? გვინდა ასეთი ამერიკის „მეგობრობა“, რომელიც ჩვენი ეროვნული ცხოვრების ყველაზე, ასე ვიტყვი, ინტიმურ საკითხებშიც კი ერევა და ჩვენს სუვერენიტეტს ფეხქვეშ თელავს?

სამწუხაროდ, „ალტ ინფოს“ ჯგუფი და მისი მაყურებლების დიდი ნაწილი, ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ ჩამოყალიბდა ან უბრალოდ, არ უნდათ, რომ ამერიკის კრიტიკით ლიბერალებისგან „პრორუსულის“ იარლიყი აიკერონ. არადა, სამშობლოს გულისთვის, ამასაც უნდა გაუძლოთ, ბატონებო, მით უმეტეს, რომ ასეთ იარლიყი უკვე დიდი ხანია, მაინც მოგაკერეს!

შემდეგ, კინზინგერს კომენტარებში ასევე დაუწერეს, პრეზიდენტ ტრამპის „ლაივებს“ არ აზიარებსო. ერთი წუთით ! კონგრესმენი, სენატორი და გუბერნატორი რატომ გვგონია, რომ ბლოგერები უნდა იყვნენ ? ასეთი კომენტარიც უდიდესი შეცდომაა.

შედარებით ასაკოვან მკითხველს ემახსოვრება, საქართველოს სსრ-ს მეორე მდივანს სსრკ-ს პოლიტბიუროს ცენტრალური აპარატი ნიშნავდა და ამით უკმაყოფილოები ვიყავით. ამერიკულ-ევროპული საზომით შეშფოთებას გამოვთქვამდით. რეალურად კინზინგერმა თქვა: ახლა თქვენთვის მე ვარ მეორე მდივანიც და მეფისნაცვალიცო! და, რაც მიმაჩნია სწორად, ისე იქნება ქართულ სახელმწიფოშიო!..

გუშინ ქართველი ეროვნული მოღვაწის გურამ შარაძის მკვლელობიდან ზუსტად 13 წელი გავიდა. მისი მკვლელობის ადგილას მხოლოდ 15-20 კაცი შეიკრიბა და პატივი მიაგო ღირსეული ქართველის ხსოვნას. ამ ფონზე, ნამდვილად სირცხვილია კინზინგერის ონლაინ-ჩართვის როგორც მხარდამჭერების, ასევე მოწინააღმდეგების საგრძნობლად დიდი აუდიტორია. თუმცა ამით „ალტ ინფოს“ მიმართ არ ვამბობ საყვედურს, არც მაყურებლების მიმართ, რომელთა შორის თავად გახლდით. პირიქით, ძალიან მადლობელი ვარ, ამ ინტერვიუმ ბევრ საკითხს მოჰფინა ნათელი, ბევრი ეჭვი დაადასტურა. რაც მთავარი და ყველაზე უფრო სავალალოა, ჩვენი თავი, სამწუხაროდ, ჩვენადვე არ გვეყუდნის!

ბექა კვიციანი