საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების კანონს საია საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევს საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების კანონს საია საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პარლამენტმა მათი მოწოდება არ გაიზიარა და არ შეიტანა ცვლილებები ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში და დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს. შესაბამისად, საიამ გადაწყვეტილება მიიღო, შესული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (მიმოსვლის თავისუფლება), “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად”, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის (შრომის თავისუფლება) შესაბამისად, “შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით”. ამდენად, საიას განცხადებით, კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები.

საია მიიჩნევს, რომ შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია საკუთრების უფლებასთან მიმართებითაც. მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია.

“ტექნიკურ რეგულაციად ვერ იქნება მიჩნეული შესული ცვლილებებით განსაზღვრული ისეთი აკრძალვა, როგორიცაა მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია. საკუთრების უფლებით ტოტალურ აკრძალვას, როგორიცაა სასტუმროებისა და ტანსაცმლის მაღაზიების დახურვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, სჭირდება პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მკაცრი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელში გადადის, რაც არღვევს საკუთრების უფლებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

 

“ნიუპოსტი”