რუსული ვაქცინა “კოვიდ-19”-ზე, შესაძლოა, ცხვირში ჩაწვეთების გზით გაკეთდეს

რუსეთში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის გამოყენების ერთ-ერთ შესაძლო ფორმად განიხილება არა კუნთშიგა ინექცია, არამედ ინტრანაზალური მიღების ფორმა.

რუსული ვაქცინა "კოვიდ-19"-ზე, შესაძლოა, ცხვირში ჩაწვეთების გზით გაკეთდეს

სურათზე: რინატ მაქსიუტოვი

 

ამის შესახებ რუსეთის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო ცენტრ “Вектор”-ის დირექტორმა, რინატ მაქსიუტოვმა განაცხადა დოკუმენტურ ფილმში , რომელიც რუსეთის სახელმწიფო არხმა “როსსია”-მ მოამზადა.

“პრეპარატები დამზადებულია როგორც ვირუსული ვექტორების საფუძველზე, ისე, ერთი მათგანი – სინთეტიკური ხასიათისაა. ვაქცინები არა მხოლოდ თავიანთი ფუნქციონალური საწყისით, არამედ იმუნიზაციის მეთოდითა და სქემითაც განსხვავდებიან. ასე, მაგალითად, ჩვენი პრეპარატებიდან ერთ-ერთი არ შეიყვანება კუნთში, კლასიკური სქემით, არამედ ინტრანაზალურად. ანუ, ფაქტობრივად, ხდება მისი ცხვირში ჩაწვეთება” – განმარტა მაქსიუტოვმა.

დაწყებულია ამ პრეპარატების სრულმასშტაბიანი, წინასაკლინიკო კვლევები როგორც მათი ეფექტურობის, ისე, უვნებელობის თვალსაზრისით. “ვექტორის” დირექტორი ამბობს, რომ ცხოველებმა კარგად გადაიტანეს ვაქცინები, არასასურველი რეაქციები და სიცხის ზრდა მათში არ გამოვლინდა.

ცდები ჩატარდა მაიმუნებზე, რომლებიც “კოვიდ19”-ით დაასნეულეს და ბევრ მათგანს ვირუსი სიმპტომების გარეშე აღენიშნებოდა. საცდელი მაიმუნების ფილტვების გასაკონტროლებლად მეცნიერებმა რენტგენის მოწყობილობა გამოიყენეს.

ვაქცინების კლინიკურ გამოცდებს “ვექტორი” ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში დაიწყებს, გამოცდების დასრულება სექტემბრის შუა რიცხვებში იგეგმება. ცდებში 18-იდან 60 წლამდე ასაკის მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას. წარმატების შემთხვევაში, ასაკობრივი არეალი გაფართოვდება.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ რუსეთის ნ. გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა საზოგადოებას ამცნო, რომ დაწესებულების თანამშრომლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს მათ მიერვე შემუშავებული ვაქცინა. “ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ და გვიხარია” – აღნიშნა გინცბურგმა.