ალბათ წონაში მოიმატა და უნდა გახდეს

აჭარის ტელევიზიასთან მიმდინარე შიმშილობის აქციას, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური შოუ.

ალბათ წონაში მოიმატა და უნდა გახდეს

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური შოუ ევრონაცებიდან, შესაბამისად ამ შიმშილობის მიზანი არის ორი, ერთი არის პოლიტიკური შოუ და მეორე არის, ალბათ წონაში მოიმატა და უნდა გახდეს“,-განაცხადა რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, უკვე მერვე დღეა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტი ალექსანდრე მილორავა, აჭარის ტელევიზიის შენობასთან შიმშილობს, ის პროტესტის უკიდურესი ფორმით, მაუწყებლის დირექტორს იმპიჩმენტსა და დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვს.

აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა თორნიკე რიჟვაძეს
აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები საჯარო განცხადებით ეხმაურებიიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომლითაც მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით ალექსანდრე მილორავას რამდენიმედღიანი შიმშილობის აქცია შეაფასა.
„თორნიკე რიჟვაძის განცხადება არ შეესაბამება მისი, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსს და ეთიკის ნორმებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, კანონმდებლობის თანახმად, ტელევიზიის არც მრჩეველთა საბჭოს კომპლექტაციისა და მენეჯმენტის ჩამოყალიბების პროცესისგან სრულად ჩამოშორებულია და მას არ აქვს კანონით მინიჭებული უფლება რომელიმე ფორმით ჩაერიოს მრჩეველთა საბჭოს საქმიანობაში. მას, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელს, მთავრობის თავმჯდომარეს აქვს პირდაპირი მოვალეობა დაიცვას რეგიონში მცხოვრები ყველა მოქალაქის უფლება და თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისგან. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის პირმა არ უნდა გააკეთოს შეურაცხმყოფელი და არაეთიკური განცხადებები, მიუხედავად განცხადების ადრესატის შეხედულებების განსხვავებულობისა. გვსურს აღვნიშნოთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, ალექსანდრე მილორავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება, რადგან სწორედ მათ მიერ არასწორად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა უკიდურესად მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა ტელევიზია, სადაც ადამიანებს დევნიან განსხვავებული აზრის გამო, ათავისუფლებენ სამსახურიდან, აქვეითებენ და აიძულებენ თავად დაწერონ სამსახურიდან წასვლის განცხადება. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ის, რომ ტელევიზიის მენეჯმენტის წინააღმდეგ უკვე 9 თანამშრომელმა დაიწყო სასამართლო დავა და მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“,-ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, პატივი სცეს რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის უფლებას, ღირსებას, იხელმძღვანელოს კანონით დადგენილი ნორმებით და საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური პრინციპებს.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, საზოგადოება „ბათუმი“, მწვანე სექტორი, დემოკრატიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელი, ბათუმის ოფისი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აჭარის ფილიალი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

 

 

 

“აიპრესი”