ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკს შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი.

ნათია თურნავა

 

საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება შევძლოთ და გაცვლითი კურსის რყევები შევამციროთ. რაც პოზიტიურად მოქმედებს ბაზარზე. რა არის ეს ბერკეტები: პირველ რიგში მაკროეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნეთ, მათ შორის ის რომ საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა არ დავუშვით და ჩვენი პარტნიორების მეშვეობით მოვიზიდეთ აუცილებელი რესურსი covid19-თან ბრძოლისა და ეკონომიკის დახმარებისთვის. მონეტარული პოლიტიკის ბერკეტები ეროვნული ბანკის ჩართულობით ეფექტურად არის გამოყენებული. მიმართულია ინფლაციის ეტაპობრივი შეკავებისკენ და ასევე ეროვნული ვალუტის კურსის რყევების ნიველირებისკენ. მიმართულია იქითკენ, რომ საბანკო სისტემა დარჩეს ჯანსაღი და ლარის რესურსის მიწოდება იყოს სწორი ბაზარზე“, – აღნიშნა თურნავამ.

5 ივნისს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0416 ლარი გახდა.

1-ელ ივნისს ლარი აშშ დოლართან მიმართებით ერთბაშად 6 თეთრით გამყარდა. მანამდე 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1761 ლარი იყო. ორ დღეში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 10 თეთრით გამყარდა.

ლარი დოლართან მკვეთრად ბოლო რამდენიმე თვეში გაუფასურდა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დადგა. ყველაზე ძვირი დოლარი 27 მარტს ღირდა – 1 დოლარის ფასი 3,48 ლარი იყო.

ეროვნულმა ბანკმა პანდემიის პერიოდში $165 მლნ-ის ინტერვენცია განახორციელა.