ტრამპი საკუთარი ქვეყნის დედაქალაქს ემუქრება ჯარების შეყვანით

შეერთებულ შტატებში სეპარატიზმის აჩრდილი დადის. პრეზიდენტს გუბერნატორები არ ემორჩილებიან, პრეზიდენტიც მუქარებს არ იშურებს, მათ შორის, ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონისათვის.

ტრამპი საკუთარი ქვეყნის დედაქალაქს ემუქრება ჯარების შეყვანით

დონალდ ტრამპი ახლა ვაშინგტონის მერს, მიურიელ ბოუზერს აფრთხილებს, რომ დამატებით ფედერალურ ძალებს შეიყვანს დედაქალაქში, თუკი ქალბატონი მერი არ დაემორჩილება ფედერალურ ხელისუფლებას და არ მოიწონებს ნაციონალური გვარდიის ყოფნას დედაქალაქის ტერიტორიაზე.

“ვაშინგტონის არაკომპეტენტური მერი მიურიელ ბოუზერი, რომელმაც ბიუჯეტზე კონტროლი სრულად დაკარგა და რომელიც მუდამ ჩვენ გვემათხოვრება, ახლა ეროვნულ გვარდიას ეომება, მიუხედავად იმისა, რომ გვარდიამ იგი რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი სირცხვილისგან გადაარჩინა” – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი საყვარელი “ტვიტერის” საშუალებით.

“თუკი იგი კარგ დამოკიდებულებას არ გამოამჟღავნეს ამ კაცებისა და ქალების მიმართ, ჩვენ ქალაქში შევიყვანთ სხვა კაცების და ქალების ჯგუფს” – დასძინა პრეზიდენტმა.

ამერიკული “დემოკრატია” თავის ზენიტს აღწევს, როგორც ჩანს და ტრამპი მალე 1807 წლის კანონს “აჯანყებების შესახებ” აამუშავებს და არმიას ქვეყნის შიგნით გამოიყენებს.

აქამდე, პარასკევს, აშშ თავდაცვის მინისტრმა მაიკ ესპერმა ქვეყნის დედაქალაქის მიდამოებში დაბანაკებული სამხედროები დისლოკაციის ადგილებზე გაიწვია უკან. ჯარები ჩრდილო კაროლინისა და ნიუ-იორკის შტატებში გაბრუნდნენ. საუბარია დაახლოებით 900 სამხედროზე, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ გვარდიას უნდა დახმარებოდნენ.

ვაშინგტონის მერმა ბოუზერმა ხუთშაბათს პრეზიდენტს წერილობით – ასევე “ტვიტერის” მეშვეობით, მიმართა და მოსთხოვა ქალაქიდან ყველა დამატებითი ფედერალური ძალის გაყვანა, რომლებიც დედაქალაქში პროტესტების დაწყების შემდგომ იმყოფებიან.