რატომ ჟონავს ინფორმაციები სუსიდან?

სულ უფრო მეტად იკვეთება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ტვ-არხ “მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის ფარული თანამშრომლობა, თანაც სუსი პირდაპირ ასრულებს გვარამიას მიერ გაჟღერებულ “ნარატივებს”.

რატომ ჟონავს ინფორმაციები სუსიდან?

როგორც ჩანს, მზადდება დაკავებული ბოკოვის “დანაშაულის” მიჩქმალვა და არშემდგარი სკანდალის ჩაფარცხვა. ბოკოვს აღარ “შეტენიან” “ქილერობას”, რათა მისი შედარებით სწრაფი გათავისუფლების იურიდიული საფუძველი არსებობდეს:

“ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის “ქილერი”, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად მას თანამზრახველი აუცილებლად ეყოლება. არ ვიცი, მე არ ვფლობ ამ ინფორმაციას, რომ ამ ჯგუფის წევრები შესაძლოა საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ. რა ინფორმაციასაც ვფლობდი, ის მივაწოდე საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს. ჩემი ინფორმაციით, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა, ერთი ადამიანის თუ რამდენიმე ადამიანის მიერ, ეს მე არ ვიცი.

მე რომ მდომოდა ამისგან სკანდალის გაკეთება და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოყენება, ამას აუცილებლად გავაკეთებდი. თავის დროზე განცხადებებსაც გავაკეთებდი, ან თუ არა “ფორმულას” მერე კი არ გავაკეთებდი განცხადებას, არამედ მაშინვე.

ბოკოვთან დაკავშირებით “მთავარმა არხმა” სხვა მიმართულებით გააკეთა სიუჟეტი. ჩვენ გვქონდა მასთან დაკავშირებით სულ სხვა ინფორმაცია. ჯერ ერთი, არც ვიცოდით, სახელი და გვარი იმის, ვინც გაბუნიას უთვალთვალებდა. ჩვენ ვიცოდით, რომ კადიროვი ფიგურირებდა და იქიდან წამოვიდა შეკვეთა უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ ჩეჩენთან დაკავშირებით. ის რუსეთის მოქალაქეა თუ უკრაინის, ეს არ ვიცი. საქართელოში შესწავლა, რომ დაიწყო აქედან ვიცით ჩვენ ეს. თავიდან მთლად სერიოზულად არ მიიღეს და უკრაინაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსების პროვოკაციად ჩათვალეს, მაგრამ რამდენიმე დღეში დასტურდება რაღაც დეტალები და დაიწყო მისი შესწავლა. ამას სუსი გვაძლევს და ამიტომ აღარც მივმართეთ. დაიწყო სუს-ის თვალთვალი და სიმართლე გითხრათ, გაგვიხარდა. იმიტომ, რომ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. გვითხრეს, რომ მარშრუტის დამდგენი პირი დაჰყვება გაბუნიას და ჩვენ დავყვებით ამ პირს. ჩვენ არაფერში არ დაგვიდანაშაულებია ხელისუფლება. რუსეთს პასუხს რომ ვერ სცემს, ეს სხვა საკითხია და ეს არის პოლიტიკური საკითხი, მაგრამ გაბუნიას თავდასხმის მომზადებაში ვერც ერთ განცხადებას ვერ გაიხსენებთ, რომ ხელისუფლება დავადანაშაულეთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ მასმედიის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენლების წინაშე.

გვარამიამ “ფორმულა” შემთხვევით არ ახსენა. შეგახსენებთ,  “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა. მთავარ მომენტად სწორედ ეს შეიძლება, რომ ჩაითვალოს. სუსი აწვდის ინფორმაციას ოპოზიციურ ტელეარხს, რომლის დამფინანსებელი არის ამჟამინდელი ხელისუფლების მტრის “მოლარე”. გვარამია, თავის მხრივ, ასევე ამბობს, რომ რაღაც ინფორმაციებმა გამოჟონა სუსიდან და მან ეს ინფორმაციები უკრაინაში გადაამოწმა.

ეს არის სუსის უკიდურესად შემაშფოთებელი და სავალალო მდგომარეობა – გამოდის, რომ გაურკვეველია, ვინ აძლევს მითითებებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კომპეტენტურ უმთავრეს სტრუქტურას! რატომ ჟონავს ინფორმაციები ამ ორგანოდან და თან მეტად ოდიოზურ მასმედიას რატომ უვარდება ხელში ეს ინფორმაცია? ხომ არ არის ეს ყველაფერი მიმართული ამჟამინდელი მინისტრის საწინააღმდეგოდ, რომელმაც თანამდებობის დაკავების მომენტში, სატელევიზიო ეთერში ზომიერი პოზიცია გამოხატა რუსეთთან ურთიერთობების მიმართ? დაბოლოს, ხომ არ მზადდება მორიგი პროვოკაცია რუსეთთან ურთიერთობებში, რათა საქართველოში ვითარება დაიძაბოს არჩევნების წინ?

ეს არის ლოგიკური კითხვები, რომლებიც ჩნდება ბოკოვის თემასთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ ამ საქმიდან მოგებულები რჩებიან შემდეგი სუბიექტები:

  • უკრაინა, რომელიც ამ სკანდალით გადაფარავს სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის სკანდალს;
  • საკუთრივ მ. სააკაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ოპოზიცია, რომელსაც ახალი სალაპარაკო თემა მიეცა;
  • ამერიკული გავლენის ჯგუფები, რომლებიც ყოველთვის არიან დაინტერესებულნი, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოგვარება გამოირიცხოს.