რომ არა დასავლეთის “დემოკრატიების” მუხანათობა, მეორე მსოფლიო ომი არ მოხდებოდა

79 წლის წინ, გერმანია-სსრკ საზღვარზე, ვერმახტს უკვე დასრულებული ქონდა მოსამზადებელი სამუშაოები და უკვე მზად იყო, ოპერაცია “ბარბაროსა” წამოეწყო. არადა, მარტივად შეიძლებოდა, სამყარო არ მისულიყო ამ სისხლისმღვრელ ომამდე.

რომ არა დასავლეთის "დემოკრატიების" მუხანათობა, მეორე მსოფლიო ომი არ მოხდებოდა

დასავლური “დემოკრატიები” ჩეხოსლოვაკიის გაყოფას ზეიმობენ: ნევილ ჩემბერლენი, ედუარდ დალადიე, ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი.

 

ჯერ იყო და, 1938 წელს მიუნხენში კონფერენციაზე, სადაც ჩეხოსლოვაკიის ბედი წყდებოდა, საბჭოთა მხარე არ მიიწვიეს და, მეტიც, ოფიციალური პრაღის ემისარი მოსაცდელ ოთახში აყურყუტეს და ისე გააცნეს ვერდიქტი.

წელიც არ იყო გასული, რომ ჰიტლერმა ვერ მოითმინა და ტელეგრამა გაგზავნა სტალინის სახელზე, რომ ამ უკანასკნელს საგარეო საქმეთა მინისტრი ფონ რიბენტროპი მიეღო კრემლში. სტალინი ჩინებულად ერკვეოდა გეოპოლიტიკაში და ისიც იცოდა, რომ სსრკ-თან ზავის დადება საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთსაც სურდათ, რომელთა დელეგაციები უკვე კლიმენტი ვოროშილოვთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, მაგრამ ბოლო წუთს მათ საკუთარი მთავრობათა რწმუნების სიგელი არ აღმოაჩნდათ.

კრემლში ძალიან კარგად ესმოდათ, რომ ომი მესამე რაიხთან გარდუვალი იყო და პირისპირ მთელ სამყაროსთან დარჩენა წაგებას მოასწავებდა. რიბენტროპმა შეხვედრაზე მთლიანად განმარტა თავდაუსხმელობის პაქტით დადგენილი მომავალი საზღვარი. დაადასტურა კიდეც, რომ მას რაიხსკანცლერისგან რწმუნების სიგელი გააჩნდა. თავდაპირველი ვარიანტით, ლატვია ორად უნდა გაეყოთ მხარეებს და საზღვარი მდინარე დაუგავაზე გავიდოდა. ბელადს არ მოეწონა გერმანელი დიპლომატის შეთავაზება და უთხრა: – საბჭოთა მხარეს არ შეუძლია შეეგუოს ლატვია გაიყოს ორ ნაწილად. თქვენ მე 100 წლიან პაქტს მთავაზობთ და კიდეც რომ დავდოთ, ხალხი დაგვცინებს. შემომაქვს წინადადება, დაიდოს პაქტი 10 წლით და ლატვია საბჭოთა ინტერესების სფეროში მთლიანად მოექცეს.
იოახიმ ფონ რიბენტროპმა ფიურერთან დაკავშირება მოითხოვა და დადებითმა პასუხმაც ბერგჰოფიდან არ დააყოვნა.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტატია გამოქვეყნდა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით. ძნელია არ დაეთანხმო: ბალტიისპირა სახელმწიფოები სსრკ-ში შევიდნენ, როგორც სახელმწიფოები, ხოლო 1941 წლის გერმანულმა ოკუპაციამ მათ სუვერენიტეტის ნიშნები წაართვა. ოდნავ დავამატებ რუსეთის პრეზიდენტის დაწერილს: 1939 წლის პაქტის მიხედვით, ქალაქი ვილნო იგივე ვილნიუსი და მისი ოლქი მშობლიურ ლიტვურ წიაღს დაუბრუნდა. მანამდე ვილნიუსი რუქაზე პოლონეთის საკუთრებად იყო მიჩნეული თვით ერთა ლიგის მიერ. იმავე პაქტით, საბჭოთა კავშირმა საკუთარი საზღვრები მკვეთრად დასავლეთის მიმართულებით გადასწია, რაც სამამულო ომის დროს ვერმახტისთვის ფატალური გამოდგა.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ პაქტის წყალობით, გაცილებით გაიზარდა როგორც უკრაინის, ასევე ბელორუსიის ტერიტორია…

სტალინმა მუდამ იცოდა, რომ შესაძლო გერმანულ ინტერვენციას აუცილებლად მოჰყვებოდა, ფინეთის არმიის გააქტიურება. სსრკ-ფინეთის საზღვარი კი 1939 წელს, ლენინგრადიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში გადიოდა. მომავალში დადასტურდა კიდეც ეს ვარაუდი, როდესაც ქალაქის ბლოკადაში ლომის წვლილი მარშალ მანერჰაიმის არმიამ დაიდო და რატომღაც დღეს ისტორია ამ ფაქტზე დუმილს ამჯობინებს.

რეალურად მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. 27 მლნ მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა „ყავისფერ ჭირს“. ფაქტია, სამამულო ომი რასობრივ ხასიათს ატარებდა და ის, რომ მესამე რაიხი ვითომ ბოლშევიზმს ებრძოდა, სრული აბსურდია. იმთავითვე ალფრედ როზენბერგმა აღმოსავლეთის ერები “უნტერმენშებად” გამოაცხადა. ხოლო 1935 წლის ნიურნბერგის კანონების მიხედვით მათ რა ბედი ელოდათ, ამის წარმოდგენაც ალბათ ისტორიის მცოდნეებს არც სურთ.

1940 წლის ნოემბერში ბერლინს სახალხო კომისარი მოლოტოვი სტუმრობდა. ფიურერთან შეხვედრის შემდეგ, იმავე საღამოს ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ელიტა საბჭოთა დიპლომატიურ მისიაში ოფიციალურ სადილზე დაპატიჟა საბჭოთა დიპლომატმა. ჰიტლერმა მოკრძალებული უარი შეუთვალა მასპინძელს, სამაგიერო რაიხსფიურერი ჰიმლერი წავიდა რაინჰარდ ჰაიდრიხთან ერთად წვეულებაზე. შავი კორპუსის შეფი კიდეც გამოუტყდა მასპინძელ მხარეს, რომ 1923 წელს ის ემიგრირებას გეგმავდა რსფსრ-ში, რათა საკუთარი წილი მიწის მიეღო და ფერმერი გამხდარიყო აღმოსავლეთში… რეალურად კი ყველა გაუთლელმაც კი იცოდა მესამე რაიხში აღმოსავლეთის მიწის სიმდიდრის შესახებ…

1939 წლის აგვისტოში, როდესაც მოსკოვის რადიომ ოფიციალურად გამოაცხადა პაქტის დადების შესახებ, ჰიტლერი სიხარულისგან ემოციებს ვერ მალავდა და საკუთარ პალადინებს ბერგჰოფში უთხრა: – მთელი სამყარო ჯიბეში ჩავიდეთ… ჰიტლერი მწარედ ცდებოდა.

სტალინი მეტად თავშეკავებული იყო და ფონ რიბენტროპს სადღეგრძელო შესთავაზა: – მე ვიცი, თუ როგორ უყვარს გერმანელ ერს საკუთარი ფიურერი. მსურს მას ჯანმრთელობა ვუსურვო. იცოდეთ, თუ გერმანიას დაუდგება რთული პერიოდი, საბჭოთა ხალხი მოვა თქვენს დასახმარებლად. ჩვენი სახელმწიფო პაქტს ძალიან სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებს…

უკვე 20 ივნისისთვის გერმანულ მხარეს დაზვერვითი სამუშაოები დასრულებული ქონდა. ლუფტვაფეს მზვერავ ესკადრიელებს, რომლებიც JU-86 ავიაპარკს მოიცავდნენ, დაუსჯელად სერავდნენ უკრაინის და ბელორუსიის საჰაერო სივრცეს და 14 000 მეტრი სიმაღლიდან ჩინებული ამინდის დროს რუქებზე სამხედრო ობიექტების დისლოკაციის ადგილებს ატანდნენ…

სჯეროდა თუ არა სტალინს ბოლომდე ჰიტლერის ? ეს კითხვა მუდამ აქტუალური დარჩება. თავისთავად, არ სჯეროდა. კრემლისთვის მთავარი იყო სამყაროსთვის მომავალ ომში არ დაფიქსირებულიყო, როგორც აგრესორი. ამიტომაც იყო, როდესაც გერმანული ყუმბარები ტალინის და მურმანსკის თავზე ცვიოდა, სტალინს მაინც პროვოკაცია ეგონა მომხდარი…

ომამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰიტლერმა გენარალიტეტს განუმარტა: “ეს იქნება ორი იდეოლოგიის ბრძოლა. საუბარი მაქვს ბრძოლაზე, როდესაც მტერი უნდა განადგურდეს. ინტელიგენცია მომავალ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ეყოლებათ. აღმოსავლეთ კამპანია არ იქნება ისეთი ლოიალური, როგორიც გვქონდა დასავლეთ ფრონტზე. არავინ უნდა დავინდოთ, რაც გამარჯვების საწინდარი ფაქტორი გახდება. მომავალ ევროპულ რუქაზე, ჩრდილოეთ რუსეთი ფინეთს გადაეცემა, ხოლო ბელორუსია, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები რაიხის პროტექტორატის ქვეშ იქნებიან”.

მივუბრუნდეთ პუტინის სტატიას… ავტორი ხაზს უსვამს იმ მოვლენას, თუ ვინ და როდის გაუხსნა მესამე რაიხს ხელ-ფეხი აგრესიისკენ. ე. წ. დემოკრატიული ქვეყნები საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის სახით, წამქეზებლურ პოლიტიკას ეწეოდნენ აღმოსავლეთის მიმართულებით და სწორედ ამიტომ მიუნხენის კონფერენციას რატომღაც “სამშვიდობო” უწოდეს… მაშინ თუნდაც სამიოდ ბატალიონი რომ დაეძრათ ფრანგებს გერმანიის საზღვრისკენ, ნაციონალ-სოციალისტები ნაბიჯსაც ვერ გადადგამდნენ. სწორედ ყბადაღებული დემოკრატების სინდისზეა ჯერ ჩეხოსლოვაკიის, ხოლო შემდეგში თავად ჩეხეთის ხახვივით გაფცქვნა…

1942 წელს ჰიტლერი ხარკოვიდან ფინეთში გაფრინდა მარშალ მანერჰაიმთან შეხვედრაზე. ოფიციალური კინოქრონიკის საფუძველზე, მან მოკავშირეს დაბადების დღე მიულოცა. საუბრის დროს მასპინძელს კიდეც უთხრა: „პირველივე დღეს ჩვენ ბოლშევიკების ათასობით თვითმფრინავი და ტანკი გავანადგურეთ. მათ შეუძლებელი შეძლეს და ციმბირსა და ურალში ააწყვეს წარმოება. ფრონტს დღეს სრულფასოვან პროდუქციას აწვდიან. ომამდე ვინმეს ჩემთვის ასეთი ვერსია რომ ეთქვა, გიჟად შევრაცხავდი. საბჭოთა მუშებს რამდენიმე ცვლაში მუშაობა უწევთ და სრულიად მშივრები გვებრძვიან. მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ მანქანების გამოშვება, რაც მაფიქრებინებს რომ ისინი ფანატიკოსები არიან“.

… პოლონეთში ლუფტვაფეს დისლოცირებული მძიმე ბომდამშენების He 111 არმადა ასაფრენად უკვე მზად იყო, გუდერიანიას სატანკო დივიზიები სრულ მზადყოფნაში იყვნენ.  22 ივნისის უქმე კვირადღე თენდებოდა. საბჭოთა სკოლებში წინა დღეს გამოსასვლელი საღამო ჩატარდა. სკოლადამთავრებულები გეგმავდნენ მომავალ ცხოვრებას, მაგრამ ბედმა მათ ფრონტზე წასვლა არგო და მხოლოდ იღბლიანებმა იხილეს 1945 წლის 9 მაისის გამარჯვების დილა…

 

ბექა კვიციანი