რუსეთ-ბელორუსიის კავშირი გამყარდება – ლავროვი მინსკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მინსკს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გაიმართება მოლაპარაკებები ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო საკითხებზე.

რუსეთ-ბელორუსიის კავშირი გამყარდება - ლავროვი მინსკში ჩავიდა

პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან უკვე შედგა. შეხვედრა ძალიან დადებით ატმოსფეროში ჩატარდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება არავის გამოუვა”.

ლავროვმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს გულწრფელი მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. რუსმა მინისტრმა რამდენიმე მომენტი გამოყო, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებში დადებით დინამიკას ასახავს, მათ შორისაა ორივე მხარის მიერ უცხოელებზე გაცემული ვიზების ურთიერთაღიარება.

ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოზე ნახავთ, რომ პრეზიდენტი და საგარეო მინისტრი ერთმანეთს ხელს ართმევენ და გადაეხვივნენ კიდეც – “პანდემიის” მიუხედავად.

მოლოდინი ლავროვის ვიზიტიდან დიდია. ბელორუსიაში წინასაარჩევნო პერიოდია და ვნებები დაძაბულია. ალექსანდრე ლუკაშენკო ცდილობს, კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს არჩევნებზე და ქვეყნის წარმატების კურსი ეკონომიკაში და საერთაშორისო არენაზე განაგრძოს. რუსეთი ბელორუსიის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს – ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

ბელორუსიის პარლამენტის საგარეო საქმეების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ გაიდუკევიჩი მიიჩნევს, რომ ეკონომიკურ საკითხებზე წარმოშობილი დავის მიუხედავად, ორივე მხარეს კარგად ესმის სტრატეგიული კავშირის მნიშვნელობა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში არც ერთი კონფიქტი არ შეჩერდა. პირიქით, ვითარება უფრო დამძიმდა. ბელორუსულ-რუსული კავშირი მსოფლიო კონკურენციის, გეოპოლიტიკური დაპირისპირებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების უმოქმედობის პირობებში, კიდევ უფრო იზრდება” – აღნიშნა გაიდუკევიჩმა გამოცემა “რუბალტიკთან” საუბარში.

“ერთად ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები ვართ და არაფერია ჩვენს გეოპოლიტიკურ კავშირზე უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ეცადონ ჩვენს დაშორიშორებას, დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოუვათ” – დასძინა მან.

გავლენიანი რუსი სენატორი იგორ მოროზოვი კი აღნიშნავს:

“ვინაიდან ბელორუსები ჩვენი ძმები არიან, შემიძლია, გითხრათ, რომ რუსულ-ბელორუსული ურთიერთობები ყველაზე უფრო მჭიდროა არა მხოლოდ სახელმწიფოების დონეზე, არამედ კულტურულად და ისტორიულად; ეს ქმნის ჩვენი დიდი მეგობრობის ბაზას და აქედან უნდა გავაკეთოთ დასკვნები. ვერავითარი პოლიტიკური კონიუნქტურული მოსაზრებები ვერ დაარღვევს ჩვენს მეგობრობას. ამიტომაც რუსები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ყველაფერ იმას, რაც ბელორუსიაში ხდება”.