პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფრაგმენტაცია და დესტაბილიზაცია დასავლეთის გავლენის იარაღია

როდესაც ამა თუ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ამერიკელებს არ გააჩნიათ მყარი დასაყრდენი მკაცრად კონსოლიდირებული ხელისუფლების სახით, როგორც ეს სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო საქართველოში, ისინი მაშინვე იწყებენ „გათიშე და იბატონე“ პრინციპის გამოყენებას.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფრაგმენტაცია და დესტაბილიზაცია დასავლეთის გავლენის იარაღია

ეს, ყველაზე მეტად, გამოიხატება პოლიტიკური სისტემის ფრაგმენტაციასა და ქვეყნის შიგნით არასტაბილობის ატმოსფეროს შექმნაში. სწორედ ამ სცენარით ვითარდება მოვლენები საქართველოში მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, დისკრედიტებული სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნება რთული და წამგებიანია. ამერიკელებმა, მათთან ერთად კი, ევროპელებმაც, შემოაგდეს „კოჰაბიტაციის“ იდეა, რითაც გამორიცხეს ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის მორგება სახელმწიფო ინტერესებზე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო გააძლიერებს დესტაბილიზაციას – პარლამენტში ყველაფერი აირევა ერთმანეთში, გაძლიერდებიან ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლები, თუმცა არა იმდენად, რომ ხელში აიღონ ძალაუფლება, სამაგიეროდ, ისე, რომ მათ შეძლონ საერთო ვითარებაზე გავლენის მოხდენა. იქნება ინტრიგები და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელთა შორის გარიგებები, მთავრობაში ადგილებზე ვაჭრობა და ა. შ. პერმანენტური კრიზიცები, სკანდალები და მოსახლეობის ყურადღების გადატანა ძირეული პრობლემებიდან – ჩვეულებრივ საქმედ იქცევა.

თვალსაჩინოებისთვის შეიძლება, უკრაინას შევხედოთ – საკმაოდ დიდი ქვეყანა, რომელშიც მოხდა პრეზიდენტის ცვლილება, მაგრამ არასტაბილობა დარჩა და უფრო გაღრმავდა კიდეც. საქმე იქამდე მივიდა, რომ ახალმა პრეზიდენტმა ისევ მოიწვია საქართველოს დისკრედიტებული ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, რითაც უფრო გაართულა სისტემური კრიზისი. როგორც ჩანს, პრეზიდენტ ზელენსკის, ისევე, როგორც ჩვენს ხელისუფლებას, არ ძალუძს დამოუკიდებელი, საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება.

არასტაბილობამ ალბათ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე საქართველო და უკრაინა, მოიცვა პატარა მოლდავეთი. როგორც ცნობილია, 2016 წლის დეკემბერში ამ სახელმწიფოს პრეზიდენტად, პირწავარდნილი მედასავლეთეების მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ, არჩეულ იქნა იგორ დოდონი – ადამიანი, რომელსაც ჯანსაღი შეხედულებები აქვს მოლდავეთის როგორ საშინაო, ისე საგარეო პრიორიტეტებზე. დოდონი აირჩია ხალხმა და არა პარლამენტმა, როგორც მის წინამორბედებს ირჩევდნენ 2000-2016 წლებში. ეს გარემოება არ მოეწონათ პროდასავლურ ძალებს (უფრო ზუსტად, იმ ძალებს, ვინც მათ უკან დგანან) და დაწყებულ იქნა მუშაობა იმაზე, რომ არ მოხდეს პრეზიდენტის ინსტიტუტისა და პირადად დოდონის გაძლიერება, რომელმაც მოლდაველი ხალხისგან მიიღო სოციალური შეკვეთა – გამოასწოროს სოციალურ-ეკონომიკური ვითარება რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების გზით. ამიტომ, 2017-2018 წლებში მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმეჯერ დროებით ჩამოაშორა დოდონი პრეზიდენტის თანამდებობას იმის გამო, რომ პრეზიდენტი ყარს ამბობდა ხელი მოეწერა მთავრობაში რამდენიმე მინისტრის დანიშვნასა და პარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე კანონის ხელმოწერაზე (მათ შორის იყო კანონი „უცხოურ პროპაგანდასთან ბრძოლის“ შესახებ – ანტირუსული კანონი, რომელსაც მოლდავეთის ინტერესებთან არანაირი კავშირი არ აქვს). პრეზიდენტის ნაცვლად, ბრძანებულებებსა და კანონებს ხელს აწერდა პირი, რომელზე მოლდავეთის პრეზიდენტის უფლება-მოსილება დროებით გადადიოდა – ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარე ადრიან კანდუ. ხელმოწერის შემდეგ, პრეზიდენტის უფლება-მოსილებანი ისევ დოდონს უბრუნდებოდა.

პრეზიდენტმა დოდონმა გაორმაგებული ძალებით განაგრძო მოლდავეთის სტაბილიზაციაზე აღებული კურსი, ამიტომ საქმეში მაფიოზური კლანები ჩაერთვნენ, რომელთაც ქვეყანა გაძარცვეს, მაგრამ ცდილობენ, ხალხის წინაშე მხსნელებად წარმოჩნდნენ.

ქვეყნიდან გაქცეულმა მოლდაველმა ოლიგარქმა ვლადიმირ პლახოტნიუკმა, რომელზეც კიშინიოვის მიერ ოფიციალური საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, თავისი მოყვრის, ზემოთ ნახსენები, პარლამენტის აწ უკვე ექს-სპიკერის ადრიან კანდუს მეშვეობით, შლის სოციალისტებისა და დემოკრატების საპარლამენტო კოალიციას. პლახოტნიუკის ყოფილი დემოკრატიული პარტიის მოსყიდული დეპუტატები ტოვებენ ფრაქციას და გადადიან კანდუს მიერ შექმნილ ჯგუფში „პრო მოლდოვა“ და პარტია „შორ“-ის ფრაქციაში. პლახოტნიუკისა და კანდუს მიერ დემოკრატების ნაწილის პროვოცირებული გაქცევის შედეგად, მმართველი კოალიცია თავის რიგებში ახლა მხოლოდ 51 დეპუტატს ითვლის – ეს არის მინიმუმი, რომელიც მას არსებობის საშუალებას აძლევს.

თუკი პლახოტნიუკის მცდელობები, დაშალოს თავისი ყოფილი პარტიის ფრაქცია, წარმატებით დასრულდება, ქვეყანას ელოდება ინსტიტუციური კრიზისი – პრეზიდენტ დოდონის მიმართ ლოიალურად განწყობილი იონ კიკუს მთავრობა ვერ გაიტანს პარლამენტში გადაწყვეტილებებს, რომლებიც კორონავირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის გადასალახავად არის საჭირო. ამასთან, მოლდავეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პრეზიდენტის მმართველობის ბოლო 6 თვის მანძილზე (საპრეზიდენტო არჩევნები 1-ლ ნოემბერსაა დანიშნული)  შეუძლებელია.

ცნობისათვის: 2014 წელს მოლდავეთში ადგილი ჰქონდა უზარმაზარი მასშტაბის საბანკო სკანდალს, როდესაც სამი ბანკიდან (Banca de Economii, Unibank და Banca Socială) თაღლითური სქემის შედეგად, დაიკარგა 1 მილიარდი დოლარის ექვივალენტური თანხა. თანხა გადატანილ იქნა „საპნის ბუშტი“ კომპანიების ანგარიშებზე დიდ ბრიტანეთსა და ჰონგ-კონგში, შემდეგ ეს ფული ლატვიის ერთ-ერთ ბანკში აღმოჩნდა, სხვადასხვა შუალედური პირების ანგარიშებზე გადანაწილებული. აფერის შედეგად მიღებულმა ჯამურმა დანაკარგმა მოლდავეთის მშპ-ის 12% შეადგინა! დანაშაულის ორგანიზებაში მოლდავეთის გენპროკურატურას მთავარი ეჭვი აქვს მიტანილი პარტია „შორ“-ის ლიდერზე, ილან შორზე, რომელიც 2019 წლის მაისიდან ისრაელში მიიმალა, ასევე – დემოკრატიული პარტიის ყოფილ ლიდერზე ვლ. პლახოტნიუკზე, რომელმაც 2019 წელს ასევე დატოვა ქვეყანა და მიმალვაში იმყოფება.

აი ასე და ასეთი ხალხის საშუალებით აჯანჯღარებენ მოლდავეთს, რომელიც ისწრაფის სტაბილიზაციისა და ხელისუფლების კონსოლიდაციისკენ, ისევე, როგორც ხელისუფლებისა და ხალხს შორის კონსოლიდაციისკენ. სამწუხაროდ, ეს მცდელობები არ არის წარუმატებელი. აი ყველაზე ახალი და აღმაშფოთებელი მაგალითი: მოდავეთის მთავრობას აიძულებენ, გაცილებით უფრო ცუდი პირობებით მიიღოს 100 მილიონ ევროიანი კრედიტი ევროკავშირისგან, ვიდრე დათანხმდეს ბევრად უფრო უკეთესი პირობებით რუსეთის სესხს, 200 მილიონი ევროს ოდენობით. ბუნებრივია, რომ ეკონომიკური ლოგიკა ასეთ რამეს ვერ ეგუება, მაგრამ პრემიერმინისტრი იონ კიკუ მერყეობას იჩენს, მაგრამ თან არ სურს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და მას ჯერ კიდევ შეუძლია ვითარების გამოსწორება. პროდასავლური ძალები ისევ იყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც დაახლოებით ორი თვის წინ განიხილა ოპოზიციური პროევროპული დეპუტატების საჩივარი და დააკმაყოფილა იგი. საჩივარი კი ეხებოდა 17 აპრილს ხელმოწერილი რუსულ-მოლდავური სამთავრობათშორისი შეთანხმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის ძალითაც, მოლდავეთს 200 მილიონი ევრო სესხი უნდა მიეღო. არადა, შეთანხმება უკვე მოიწონა როგორც მთავრობამ, ისე პარლამენტმა და კრიზისით მოცულ რესპუბლიკას ეს თანხა ახლა ჰაერივით სჭირდება. ოპოზიციამ სასამართლოს დაუჭირა მხარი, რადგან თანხების ნაკლებობა სირთულეებს უქმნის მთავრობას, ოფიციალურად კი იმიტომ, რომ რუსეთთან შეთანხმება რაღაც ფანტომურ რისკებს იწვევს მოლდავეთის უსაფრთხოებისთვის.

აი ასეთივე სცენარი ელოდება ბელარუსს, თუკი იგი გაჰყვება ევროპიდან წამოსულ „ბრძნულ რჩევებს“. ასეთი რჩევები ბევრია, მაგრამ ყურადღებას იპყრობს ებერტის ფონდის „საექსპერტო“ მიმოხილვა, რომელიც ფონდის საიტზე გამოქვეყნდა – „აღმოსავლური პარტნიორობის ახალი საზღვრები“. ეს სტატია, პირველ რიგში, ბელარუსისკენ არის მიმართული. ავტორი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ სიცოცხლისუუნარო პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობას“ შეუძლია, გახდეს ხიდი ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის ურთიერთობების დასალაგებლად, რადგან ევრაზიის კავშირის წევრები არიან ბელარუსი და სომხეთი, რომლებიც, ამავე დროს,  „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ არიან. სტატიის რეალური მიზანია (და ასეთი იდეები კიდევ ბევრი იქნება) არა ის, რომ გაიდოს ხიდები ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის, არამედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნების, პირველ რიგში, ბელარუსის, ფრაგმენტაციის და დესტაბილიზაციის დაწყება.

 

გაბრიელ რამაზაშვილი,

საქინფორმი