ნუ ვაფანატებთ … გახარიას!

დედამიწაზე მოსიარულე მესია 2000-ზე ცოტათი მეტი წლის წინ ავიდა ზეცაში და იქიდან გვითვალთვალებს. ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და ალბათ მძიმე არჩევანის წინაშე დგას, რადგან,  თავისივე მსგავსად და ხატად შექმნილმა არსებამ, რომელიც მთლიანობაში კაცობრიობას წარმოადგენს, საბოლოოდ დაკარგა სახე და დემონის ბანგში გაიჟღინთა…
ნუ ვაფანატებთ ... გახარიას!

ადამიანებმა სიყვარულის გრძნობა დაკარგეს – უფლის , სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულის! უსიყვარულობამ კი, სამყარო სერიოზული გადარჩენა -არგადარჩენის დილემის წინაშე დააყენა.

რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ საქართველოსა და ქართველების განსაკუთრებულ მისიაზე, ეს განსაკუთრებულობა, მით უმეტეს, ბოლო ჟამის წინ, ერის სულიერი განწმენდის გარეშე წარმოუდგენელია.

„ახალი ადამიანის“ დაბადება რომ მოხდეს, „ძველი სამოსი“ (სულიერ სამოსს ვგულისხმობ) უნდა შემოვიხიოთ , კერპები უნდა დავამსხვრიოთ და რეალობასაც თვალი უნდა გავუსწოროთ, რაც არ უნდა მწარედ საყურებელი იყოს იგი!

თუ ობიექტურად შევაფასებთ რეალობას, სამყაროში დღეს არსებულმა ქაოსმა, რაც კორონავირუსის პანდემიად მოინათლა , სინამდვილეში კი მძიმე განსაცდელია კაცობრიობისთვის (თავისი შორსმიმავალი შედეგებით), არათუ დაგვაფიქრა და სულიერი მეტამორფოზისკენ გვიბიძგა, არამედ ისევ იმ „ძველს“ ვებღაუჭებით და უკან დაბრუნებას ვცდილობთ!

არადა, უკან ვერ დავბრუნდებით, რადგან, უკან დაბრუნება კაცობრიობის თვითლიკვიდაციის ტოლფასი იქნება!

სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ფიზიკურ გადარჩენაზე ვფიქრობთ, მაშინ, როცა, გადასარჩენია მთავარი – სული, რომელიც ატრიალებს სამყაროს და კაცობრიობის ყოფნა-არყოფნის მსაჯულადაც გვევლინება!

ზემოთ სიტყვა „კერპი“ ვახსენე, რომელიც ამქვეყნიური გაგებით, ხშირად დედამიწაზე მოსიარულე „მესიასთან “ასოცირდება!

დაახლოებით ადამიანის გაკერპების სიმპტომები ამოვიკითხე კომენტარებში , რომელიც საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ გამოსვლას მოჰყვა.

კომენტარების ციტირებას არ შევუდგები, უბრალოდ, ვიტყვი, რომ, ხალხს, მოვლენების ადექვატურად აღქმის უნარი ძალიან დაუქვეითდა და წყალწაღებულისა არ იყოს, ხავსს ეჭიდება!

ვის, ვის და მე , რომელსაც განსაკუთრებით უყვარს თავისი კუთხე, უნდა მიხაროდეს კოლხური წარმოშობის პრემიერის ასეთი გაპოპულარება, მაგრამ, თუ ჯანსაღი გონებით შევაფასებ, თანამოქალაქეთა აღტკინება მხოლოდ ყალბ ემოციებზეა „დამყნობილი“, რომელსაც არანაირი სიკეთის მოტანა არ შეუძლია საქათველოსთვის.

კერპი, ვინც არ უნდა იყოს ის, კერპია და ხვალ თუ ზეგ, მაინც დაიმსხვრევა. თუმცა, გაკერპების საფასური ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას!

ჩვენ ადამიანი (ამ შემთხვევაში, მაღალი რანგის ჩინოვნიკი) იმისდა მიხედვით კი არ უნდა შევაფასოთ, როგორ “აჩმორებს” იგი ისედაც ბოლომდე გამარგინალებურ „ნაცსექტას“, არამედ, იმით, რამდენად სახელმწიფოებრივია მისი გადაწყვეტილებები და რა სარგებლობა-ზიანის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის!

ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: გახარია დღევანდელ ხელისუფლებაში(მმართველ პარტიას ვგულისხმობ) ყველაზე მოქნილი და თამამი გადაწყვეტილებების მიმღები უმარლესი რანგის ჩინოვნიკია, რაშიც მას კოლხური „ჟილკა“ და რუსული „ზაკალკაც“ უწყობს ხელს, მაგრამ, ისიც მსოფლიო პოლიტიკური სისტემის პროდუქტია და იმ ბარიერებს ვერ გადალახავს, რა ბარიერებსაც უწესებს მსოფლიო მთავრობა „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოების მეთაურებს.

დარწმუნებული ვარ, ხალხს ნება რომ მისცე, მალე მოქმედ პრემიერს ეროვნული გმირის მანტიითაც შემოსავს, მაგრამ, ძალიან მძიმე დარტყმა იქნება, როცა გარკვეული დროის შემდეგ ისევ განმოსვა დასჭირდება!

ეს არა იმიტომ, რომ გახარიას არ უყვარს საკუთარი ქვეყანა, არამედ, იმიტომ , რომ მას საკუთარი ქვეყნის სიყვარულის დემონსტრირების უფლებას არ მისცემენ. ეროვნული გმირი კი თავგანწირვისთვის უნდა იყოს მზად!

ასე, რომ  ნუ ვქმნით ახალ კერპებს, ნუ ვეძებთ დედამიწაზე მოსიარულე მესიებს, რადგან, ყველა კერპი ბოლოს იმსხვრევა, ხოლო  მესიები ცრუ მესიებად იშიფრებიან ხოლმე!

ნუ ვაფანატებთ გახარიას!