უარესი ჯერ კიდევ წინ არის – პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსით მსოფლიოში კიდევ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, თუკი ქვეყნების მთავრობები სწორი პოლიტიკის განხორციელებას არ დაიწყებენ.

უარესი ჯერ კიდევ წინ არის - პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, პანდემიის ტემპი მაინც იზრდება. ჩემი მთავარი გზავნილია: ტესტი, კონტაქტების კვლევა, იზოლირება და კარანტინი,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ვირუსთან ბრძოლაში წარმატების მიღწევას „გლობალური სოლიდარობის“ არარსებობა და „გაყოფილი მსოფლიო“ უშლის ხელს.

„გლობალური სოლიდარობის არარსებობა და გაყოფილი მსოფლიო ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეთ გარემოსა და პირობებში უარესის შიში გვაქვს,“ – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

„ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს, მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ ის დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის,“ – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მან ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა გერმანიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მაგალითებს მიჰყვნენ, რომლებმაც ეპიდემიის შეჩერება სრულყოფილი ტესტირებითა და კონტაქტების კვლევით შეძლეს.

ცნობისათვის, Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 10 412 421 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან დაღუპულია 508 228 და გამოჯანმრთელებულია 5 668 668 ადამიანი.

 

“ინტერპრესნიუსი”