ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს გაღარიბებას გააღრმავებს

მსოფლიოში კორონავირუსის თემით გამოწვეული კრიზისი, პირველ რიგში, მცირე, სუსტი ეკონომიკის ქვეყნებს აზარალებს, მათ შორის საქართველოს. ეს აქსიომაა. უკვე ვხედავთ, როგორ იძაბება სოციალური ვითარება ტურიზმზე ორიენტირებულ და უტურისტოდ დარჩენილ ქვეყანაში.

ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს გაღარიბებას გააღრმავებს

ამ ფონზე კი თავდაცვის ბიუჯეტი უწყვეტლივ იზრდება. წელს 880 მილიონი ლარია ბიუჯეტში ჩადებული. წარმოიდგინეთ, 880 მილიონი ლარით, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, რამხელა ბიძგს მიიღებდა სოფლის მეურნეობის აღორძინება, ახალი გადამამუშავებელი საწარმოების და მეურნეობების შექმნა, ფერმერებისთვის შეღავათიანი მცირე სესხების გაცემა,  დაუმუშავებელი სავარგულების ათვისება, სარწყავი ინფრასტრუქტურის განვითარება და უამრავი სხვა რამ.

თუნდაც სოფლის მეურნეობა არ იყოს და მსუბუქი მრეწველობა იყოს, ახალი მუშახელის მომზადებითა და დასაქმებით. უამრავი ადამიანი ამოისუნთქებდა შვებით და მომავლის კრიზისებს ბევრად უკეთ მომზადებული დახვდებოდა.

რა თქმა უნდა, თავდაცვაში გარკვეული ხარჯები უნდა იყოს ჩადებული და ქვეყანა, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს საზღვრებთან დაკავშირებით, საჭიროებს ძლიერ ჯარს. მაგრამ ჩვენი ქვეყნის პარამეტრებთან შედარებით უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტი ნაკლებად მისადაგებულია საქართველოს ინტერესებს, არ არის ორიენტირებული ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებაზე. საქართველო, თავისი ეკონომიკით და სამხედრო-სტრატეგიული ინტერესებით, თითქოს ცალკეა, მაგრამ სამხედრო ბიუჯეტით, დასახული სამხედრო პრიორიტეტებით – თითქოს სხვა სამყაროს ეკუთვნის.

ყველამ იცის, რომ თავდაცვის სამინისტროში ყველაზე მსუყე ლუკმა ნაწილდება ნატოს თემატიკასთან დაკავშირებულ განყოფილება-ქვედანაყოფებში, ნატოს პროგრამებზე. ესაა თავად ალიანსის მოთხოვნა. 2018 წელს მიღებულ ნატო-საქართველოს კომისიის ბრიუსელის დეკლარაციის მე-5 პუნქტში წერია:

“ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები მიესალმებიან საქართველოს მიერ თავდაცვის ხარჯების და სრულფასოვანი რეფორმების გატარების მხრივ მიღწეულ პროგრესს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისა და მედეგობაუნარიანობის გაძლიერებას” (ხაზგასმა ჩვენია – “ნიუსფრონტი-საქართველო”).

დიახ, ნატო მიესალმება საქართველოს მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდას. იმ ფონზე, როდესაც ტრამპის პოლიტიკა განსაზღვრულია ამერიკის ხარჯების დაზოგვაზე ნატოსთან მიმართებაში, საქართველო თავის მწირ სახსრებს სულ უფრო და უფრო უხვად ხარჯავს თავდაცვაზე, მათ შორის, ნატოს საპარტნიორო პროგრამებზე. რთული გასაგებია, რას ნიშნავს ბრიუსელის დეკლარაციაში აღნიშნული “მედეგობაუნარიანობის გაძლიერება” – რაო, უდაბნოს მონასტერთან დადგა ჩვენი ჯარი “მედეგობაუნარიანად” თუ ოსებს შეაწყვეტინეს მავთულხლართების გავლება შიდა ქართლში? რა თქმა უნდა, არა! არის ჩინოვნიკების კატეგორია – როგორც საქართველოში, ისე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, რომლებიც ფულის კეთებით არიან დაკავებულნი, სახელწიფოს ხარჯზე. მათ არ აინტერესებთ რეალური “მედეგობაუნარიანობა”, მათთვის საკმარისია ქაღალდზე მიღწეული “წარმატებები”.

ამ დროს კი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დიდი ნაწილი იკარგება, თურქეთს ვუთმობთ სასაზღვრო ზოლებს აჭარაში, რუსეთთან კი საუბარი არ გვსურს და ვერაფერს ვაღწევთ… მათხოვარ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, ჰქონდეს 880-მილიონიანი თავდაცვის ბიუჯეტი და, თავდაცვის ნაცვლად, ნატოს ჩინოვნიკების ინტერესებს ემსახურებოდეს! მინისტრმა ღარიბაშვილმა უნდა გაიხსენოს, რომ იგი ღარიბი ქვეყნის მინისტრია; მან უნდა დაზოგოს ხარჯები და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, ჯარი ომს ვერ დაიწყებს და არც უნდა დაიწყოს, დავით გარეჯის და სხვა პრობლემებიც მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს, მაგრამ თუკი სამხედრო ძალა არ გიდგას ზურგს უკან, მაშინ ძნელია, მეზობელმა სერიოზულად აღგიქვას.

არის კიდევ სხვა გზაც – ძლიერ ქვეყნებთან ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავება, გარკვეული პირობებით. როგორც ვხედავთ, ნატოს ქვეყნებთან ამ თანამშრომლობის გაღრმავება ამდენი წელია, არაფერს იძლევა. პირიქით, საქართველო რაც უფრო მეტს ხარჯავს თავდაცვაზე, მით უფრო ნაკლებად ძლიერია რეგიონში. ძლიერდებიან მხოლოდ ისინი, ვინც რუსეთთან ახერხებენ ურთიერთობების მოგვარებას. სწორედ ამის გამო, მეზობელი აზერბაიჯანის ხელისუფლება პირდაპირ თავხედურად გვიკეტავს გზას ჩვენი სიწმინდეებისკენ და თან ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარსაც აკონტროლებს დიდწილად. აზერბაიჯანული “სოკარი” ყველაზე პრივილეგირებული კომპანიაა საქართველოში.

ნატო რომ საქართველოს მხარეს იდგეს, საქართველოს რომელიმე კონფლიქტში მაინც უმაგრებდეს ზურგს, ჩვენ ასეთ ნატოს მივესალმებოდით! მაგრამ ვინაიდან თავიდანვე ვიცოდით, რომ ნატო არის სატყუარა, ქართველი ხალხის შველის ნაცვლად მისი ექსპლუატაციის იარაღი, ამიტომაც ვამბობთ სათქმელს შეუნიღბავად, თავიდან ბოლომდე!

 

“ნიუსფრონტი-საქართველო”